"სასამართლოს მიმართ პოლიტიკური რიტორიკა უნდა შემცირდეს" - კვირის პალიტრა

"სასამართლოს მიმართ პოლიტიკური რიტორიკა უნდა შემცირდეს"

"ნადირობა ჩემი ჰობია. თუმცა ეს გავლენას არ ახდენს სამოსამართლო საქმიანობაზე"

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ზაზა თავაძეს მოსამართლეთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. რა შეიცვლება ქვეყნის ერთ-ერთ საკვანძო ინსტიტუციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ და გეგმავს თუ არა ის გარკვეული საქმეების დაჩქარებულად განხილვას, "კვირის პალიტრის" კითხვებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ექსკლუზიურად პასუხობს.

- ელოდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აგირჩევდნენ?

- ვამაყობ, რომ შევძელი კოლეგების ნდობის მოპოვება. კანონმდებლობაში ცვლილებების შედეგად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელისუფლების სხვა შტოების ჩაურევლად მიეცა თავმჯდომარის არჩევის შესაძლებლობა. 2010 წლიდან ვასრულებ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა და მეორე კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობას - ვიყავი იმ წარმატების მონაწილე, რომელსაც ამ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლომ მიაღწია.

მნიშვნელოვანია, შემცირდეს სასამართლოს მიმართ პოლიტიკური ხასიათის დაუსაბუთებელი რიტორიკა და გააქტიურდეს სამართლებრივი დისკუსია. ვეცდები, შევასრულო შუამავალი რგოლის როლი მოსამართლეებს შორის და ხელი შევუწყო კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ძალისხმევას მივმართავ თანამშრომელთა კომპეტენციის ზრდისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვისკენ. დღეს გაზრდილია საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვიანობა.

მხოლოდ წელს შემოსულია 150-მდე სარჩელი და წარდგინება, რაც საჭიროებს თითოეული წევრის თავდაუზოგავ შრომას. ვეცდები, აპარატის გაძლიერებით და ეფექტიანი მენეჯმენტით მოსამართლეებს შევუქმნა ნაყოფიერი საქმიანობისთვის პირობები.

- საკონსტიტუციო სასამართლოზე კითხვის ნიშნები გაჩნდა, ვგულისხმობ მოსამართლეების განცხადებებს ზეწოლის თაობაზე...

- მოკლე დროში დაიწყო ამ საქმის გამოძიება და თითოეულმა წევრმა ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოსთან. მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, რომლის შედეგად, ან დამნაშავე გამოვლინდება, ან გაქარწყლდება კითხვები ზეწოლის შესახებ. ვიძლევი გარანტიას, რომ სასამართლოს რომელიმე წევრზე ზეწოლის ფაქტებს მოჰყვება მყისიერი და ადეკვატური რეაგირება.

- რა გარანტია გვაქვს, რომ მმართველი პარტიისგან დამოუკიდებლად იმოქმედებთ?

- მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის ხშირი ცვლილებისგან თავის შეკავება. ცვლილებების შემთხვევაში, აუცილებელია ფართო დისკუსია და საზოგადოებრივ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

- გავრცელდა თქვენი ქონებრივი დეკლარაცია, სადაც 2007 წელს მხოლოდ ერთი ბინა გაქვთ ასახული, 2016 წლის მონაცემებით კი, თქვენი ქონება მრავალფეროვანია - მეუღლე ფლობს ბინას ყაზბეგის, ასევე მაყაშვილის ქუჩაზე, რომელშიც 131.000 დოლარი გადაგიხდიათ. იმავე ქუჩაზე ფიქსირდება თქვენი მეუღლის 140.000-ად შეფასებული ბინაც. სოლიდური თანხაა დაფიქსირებული მის ანგარიშზეც. მოსამართლის სტატუსმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილეობამ ამ ქონების დაგროვების შესაძლებლობა მოგცათ?

- ამჟამად მე და ჩემი მეუღლე ვფლობთ მხოლოდ ერთ - 125 კვმ ბინას მაყაშვილის ქუჩაზე, რომელიც 140.000 დოლარად შევიძინეთ. გავყიდეთ ბინა, რომელშიც ადრე ვცხოვრობდით და დავამატე გარკვეული დანაზოგი. სხვა უძრავი ქონება არ გამაჩნია.

- ისიც სიცრუეა, რომ ბათუმში ასლან აბაშიძის ქალიშვილის სახლში ცხოვრობდით, რომელიც სახელმწიფომ გადმოგცათ და 250.000 დოლარად გაყიდეთ?

- ბათუმში გადმომეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა. იქ ცხოვრება ჩვენთვის არ იყო მოსახერხებელი და გავყიდე. ვაპირებ ბათუმში შევიძინო სხვა ბინა, რომელიც უფრო პრაქტიკული იქნება. სწორედ ამით აიხსნება ჩემი მეუღლის ანაბარზე გარკვეული თანხის არსებობა. ბინა წარმოადგენდა ჩემს საკუთრებას და მის გასასხვისებლად შეზღუდვა არ მქონდა. რაც მთავარია, ამას არ გამოუწვევია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ხარჯის გაწევა. ასეთი ქმედება განახორციელა ზოგიერთმა სხვა მოსამართლემაც და არ გამხდარა სპეკულაციის საგანი.

- როგორია თქვენი დამოკიდებულება ცეცხლსასროლი იარაღისადმი, რომელშიც, დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური თანხა გადაგიხდიათ.

- იარაღისადმი სიყვარული ცოტა გადაჭარბებულია. ვფლობ რამდენიმე სანადირო თოფს. ნადირობა ჩემი ჰობია. თუმცა ეს გავლენას არ ახდენს სამოსამართლო საქმიანობაზე.

- თავმჯდომარედ არჩევისთანავე აღნიშნეთ, რომ თქვენთვის "ყველა საქმე ერთი და იგივეა", რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა დაიმსახურეთ. საია-ს თავმჯდომარე სტრასბურგის მაგალითს გახსენებთ, სადაც გარკვეულ საქმეებს დაჩქარებული ტემპით განიხილავენ. გამონაკლისების დაშვებას არ გეგმავთ?

- ჩემი განცხადება არასწორად აღიქვეს. სასამართლო საქმეებს არ ყოფს მოსარჩელის ან მისი პოპულარობის მიხედვით. თუმცა, შინაარსიდან გამომდინარე, საკითხი შეიძლება საჭიროებდეს სწრაფად გადაწყვეტას. იყო შემთხვევა, როდესაც საქმე ეხებოდა ორგანოთა გადანერგვაზე დაწესებულ შეზღუდვებს, მოსარჩელეს ესაჭიროებოდა ღვიძლის სასწრაფოდ გადანერგვა და საქმის გაჭიანურება მის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებდა. სასამართლომ უმოკლეს დროში ჩანიშნა სხდომა და შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება... დღეს დონორიც და პაციენტიც თავს კარგად გრძნობენ...

რუსუდან შელია