"ვახუშტიმ ფირდოუსის პოემის თარგმნა კი არ დამავალა, მიბრძანა" - ქალი, რომლის ნათარგმნი "შაჰნამე" ირანში წლის წიგნად აღიარეს - კვირის პალიტრა

"ვახუშტიმ ფირდოუსის პოემის თარგმნა კი არ დამავალა, მიბრძანა" - ქალი, რომლის ნათარგმნი "შაჰნამე" ირანში წლის წიგნად აღიარეს

"არ მეგონა, თუ თარგმანის დამთავრებას მოვესწრებოდი..."

ქართველმა პოეტმა და მთარგმნელმა (ირანისტმა) ბელა შალვაშვილმა 32-წლიანი რუტინული შრომის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე დიდი პოემის თარგმნა დაასრულა. დიდი ირანელი პოეტის ფირდოუსის (ჰაქიმ აბუ ლ-ყასემ თუსი) "შაჰნამე", ანუ "მეფეთა წიგნი", ირანელ მეფეთა ისტორიული ქრონიკების, ეპიკური თხზულებების, მითოლოგიური გადმოცემებისა და ლეგენდების კრებულია. 50 წიგნისგან და 120 000 სტრიქონისგან შემდგარი საგმირო-სარაინდო ეპოსის ქართულ ენაზე გაცოცხლებას პოეტმა წლების გარდა, უძილო ღამეები და ჯანმრთელობაც შეალია. "არ მეგონა, თუ თარგმანის დამთავრებას მოვესწრებოდი... ათეული წლებია მე და "შაჰნამე" ერთად მოვდივართ და მეშინოდა, შუა გზაზე არ მიმეტოვებინა..." - ამბობს ქალბატონი ბელა ჩვენთან საუბარში, მისი შრომის ნაყოფი კი გამომცემლის მოლოდინშია.

ბელა შალვაშვილი:

- ფირდოუსმა "შაჰნამეს" წერას 35 წელი მოანდომა, ჩემს თარგმანს 32 წელზე ცოტა მეტი დასჭირდა, თუმცა ასობით ღამე მაქვს გათეული, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, თარგმანის დრომ 35 წელსაც გადააჭარბა. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ "შაჰნამე" 10 საუკუნის წინანდელი პოეტის ენაა, რომელიც დღევანდელ ირანულზე ბევრად რთულია.

- ცხადია, ეს შრომატევადი საქმე უდიდეს ნებისყოფას მოითხოვდა. "შაჰნამეს" ერთადერთი ქართველი მთარგმნელი ხართ, რომელიც მარტო შეეჭიდა და გაუძლო ამ რუტინას...

- როცა სათქმელს ვერ ატევ ბეითში (ორსტრიქონედი), ბუნებრივია, ბევრს ფიქრობ, რომ აზრიც სრულყოფილად გადმოიცეს და მხატვრულობაც შენარჩუნდეს, ამიტომ ღამეები ბევრჯერ გავათენე. მართლაც იმდენად შრომატევადი საქმე იყო, შეიძლება ეს სათქმელი არ არის, მაგრამ ამასობაში ჯანმრთელობა შემერყა (ოსტეოქონდროზი განმივითარდა). ამას არაფრად მივიჩნევ, იმიტომ, რომ არ მეგონა, თუ თარგმანის დამთავრებას მოვესწრებოდი. 56 წელია მძიმე ავადმყოფი ვარ, ათეული წლებია მე და "შაჰნამე" ერთად მოვდივართ და მეშინოდა, შუა გზაზე არ მიმეტოვებინა. მას მხოლოდ მაშინ ვწყდებოდი, როცა დაავადება (ასთმა) მიმძიმდებოდა. ყველა ქვეყანაში "შაჰნამეს" რამდენიმე კაცი თარგმნიდა საკუთარ ენაზე. ალბათ მე ვარ გამონაკლისი, რომელმაც მარტომ თარგმნა ეს ნაწარმოები.

"2011 წელს გამოიცა "შაჰნამეს" ის ნაწილი, რაც მქონდა ნათარგმნი (40 000 სტრიქონი), ირანში წლის წიგნის პრიზი მიიღო".

- როგორ დაიბადა მისი თარგმნის იდეა? მართალია, რომ ვახუშტი კოტეტიშვილმა "გაიძულათ" ხელი მოგეკიდათ ამ უგრძესი პოემისთვის? არ შეგაშინათ, თუნდაც - დრომ?

- მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც კათედრის გამგემ დავით კობიძემ და კოტე ფაღავამ პოემის თარგმნის იდეა მომაწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ სპარსული პოეზია გაგიჟებით მიყვარდა, თარგმანზე არც მიფიქრია, არ მეგონა, თუ შევძლებდი. 1970 წლის იანვრის ბოლოს, ვახუშტი კოტეტიშვილმა, რომელიც უნივერსიტეტში ჩემი ლექტორი იყო, აღმოსავლეთმცოდნეობის კაბინეტში დამიბარა და "შაჰნამეს" თარგმნის დაწყება დამავალა. მაშინ უკვე ხუთი წლის დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი. თავდაპირველად მსოფლიო ლიტერატურის 80 ტომეულისთვის, სადაც ერთი ტომი სპარსულ პოეზიას ეთმობოდა, "ბეჟანისა და მანიჟეს ამბავი" მომცა სათარგმნელად. ვახუშტიმ ფირდოუსის პოემის თარგმნა კი არ დამავალა, მიბრძანა. როცა ვეუბნებოდი, არ შემიძლია, თქვენ თვითონ თარგმნეთ-მეთქი, მპასუხობდა, მე გიბრძანებ, არ გეკითხები, ამ საქმეს უნდა შენნაირი პოეტი ქალი, "შაჰნამეს" მამაკაცი ვერ თარგმნის, იქით ღვინოს, აქეთ ქალებს მოუნდებაო. მაშინ კი გამიკვირდა ეს რომ მითხრა, მაგრამ ახლა მივხვდი - რა შრომაც გავწიე, ამას მამაკაცი ნამდვილად გულს ვერ დაუდებდა.

- რამდენტომეული იქნება თქვენი ნაშრომი?

- ფირდოუსს 120 000 სტრიქონი აქვს. ჩემი თარგმანი 9 ტომად გამოვა და თითო ტომი 500 გვერდიანი იქნება. გააჩნია ტომში რომელი წიგნი შედის - ზოგიერთი წიგნი უფრო დიდია, ზოგი - პატარა. ფირდოუსის "შაჰნამე" 50 წიგნისგან შედგება (მასში 50 მეფის ამბავია მოთხრობილი), მაგრამ ზოგიერთი მეფის ამბავი 800 სტრიქონია, ზოგისა - 90. ძალზე საინტერესოა "ანუშირვანის ამბავი", რომელიც ვრცელია და მარტო მის თარგმნას 3,5 წელიწადი მოვანდომე. საინტერესოა "ბაჰრამგურის" ამბავი, "ისკანდერის წიგნი", ანუ ალექსანდრეს წიგნი (საუბარია ალექსანდრე მაკედონელზე, რომელიც დაპყრობის შემდეგ 400 დღე მეფობდა ირანში...

ირანის პრეზიდენტის სიგელი

- რა არის თქვენთვის "შაჰნამე"?

- "შაჰნამეს" გამოცემას აქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ისევე, როგორც "ვეფხისტყაოსანი" ითარგმნება სხვათა ენაზე და ის მარტო ჩვენი საკუთრება არ არის, ასევეა "შაჰნამეც". ირანელ მეფეთა ცხოვრების თარგმნა ჩემი მოვალეობა გახდა.

ვახუშტის ხშირად უთქვამს, სირცხვილია, ქართველებს "შაჰნამე" რომ არ გვაქვს თარგმნილიო. პოემა თარგმნილი უნდა ყოფილიყო რუსთაველის ეპოქაში, რადგანაც შოთას "ვეფხისტყაოსანში" უწერია ასეთი ფრაზა, რომ "გმირი კლავს ნადირს როსტომის მკლავუგრძესითა". როსტომი კი არის "შაჰნამეს" მთავარი მოქმედი გმირი.

"შაჰნამე" მრავალმხრივ საყურადღებოა ქართველთათვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლამის ყოველ მესამე ქართველ მამაკაცს სპარსული სახელი ჰქვია - უშანგი, თეიმურაზი, ფრიდონი, მანუჩარი, როსტომი, ქაიხოსრო (ქეიხოსრო მეფეების სახელია), ბეჟანი, ნოშრევანი (იგივე - ანუშირვანი, რომელიც იყო ირანის უდიდესი მეფე) და სხვა მრავალი.

"შაჰნამეში" პირველად რომ შემხვდა სიტყვა ლაჟვარდი, მანამდე იმდენად ქართული მეგონა, ტირილი დავიწყე. ქართულში აუარება ლექსიკური სიტყვაა შემოსული სპარსულიდან.

"შაჰნამე" დასტურია იმისა, თუ რა დიდი კავშირ-ურთიერთობანი (თუნდაც მტრული) იყო ირანელებსა და ქართველებს შორის, რაც საუკუნეები გრძელდებოდა.

- თქვენმა წიგნმა 2011 წელს ირანში წლის წიგნის პრიზი აიღო, როდესაც პოემის თარგმანის ნაწილი გამოიცა მათივე საელჩოს დაფინანსებით...

- 2011 წელს გამოიცა "შაჰნამეს" ის ნაწილი, რაც მქონდა ნათარგმნი (40 000 სტრიქონი), ირანში წლის წიგნის პრიზი მიიღო და ირანის პრეზიდენტმა სიგელიც გამომიგზავნა. წიგნი 9 ტომად გამოიცემა და ახლა ველოდები, როდის გამოჩნდება მისი გამომცემელი. სამწუხაროდ, დღეს წიგნი და ნამდვილი ლიტერატურა არავის უნდა.

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)