"ვინც ოდესის გუბერნატორად დაგნიშნა, იმას ჭკუა ჰქონდა? - რატომ უწოდა ტრუხანოვმა სააკაშვილს პარანოიდი და გიჟი? - კვირის პალიტრა

"ვინც ოდესის გუბერნატორად დაგნიშნა, იმას ჭკუა ჰქონდა? - რატომ უწოდა ტრუხანოვმა სააკაშვილს პარანოიდი და გიჟი?

მიმდინარე კვირის დასაწყისში ქალაქ ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა ჩვენი ქვეყნის ყოფილი პირველი პირი "გიჟად" და "პარანოიდული თვისებების" მატარებელ ადამიანად მოიხსენია.

ქალაქის თავსა და ოლქის გუბერნატორს შორის "არაჩვეულებრივი შეხლა-შემოხლა"ერთ რიგით ოფიციალურ თათბირზე "დაფიქსირდა". სააკაშვილმა მერია ოდესის ერთ-ერთი ისტორიული შენობის დანგრევაში დაადანაშაულა, ბატონმა ტრუხანოვმა კი პირიქით, "შენობის აღების დირექტივა საოლქო ხელმძღვანელობიდან მოდიოდა და მე არაფერ შუაში ვარო", - განაცხადა.

რასაკვირველია, კამათი ყველას შეუძლია, მაგრამ მისი წარმართვის ფორმებსაც გააჩნია. "დიდ მიხეილს" ოდესის მერი ჩვეულ "აგრესიულ" სტილში მოუხსენებია, ამ უკანასკნელს კი ხურდა დაუბრუნებია, თან როგორ...

"ვინც ოდესის გუბერნატორად დაგნიშნა იმ ადამიანს ჭკუა ჰქონდა? შენ ხომ არანორმალური, გიჟი და პარანოიდული იდეებით შეპყრობილი ადამიანი ბრძანდები. საკუთარი თავის გარდა დამნაშავეს ყველგან ეძებ. როგორ შეიძლება შენნაირი არაჯანსაღი ფსიქიკის პიროვნება ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდეს", - განუცხადა გენადი ტრუხანოვმა საქართველოდან "ემიგრირებულ" სააკაშვილს. ეს კონფლიქტი უკრაინული მასმედიის დღის მთავარ თემად იქცა.

ბოლო დროს ამ ქვეყანაში ყოფილ ქართველ მაღალჩინოსნებს აღარ წყალობენ. ამის ნათელ მაგალითად ქალაქ ხარკოვში მომხდარი გამოდგება. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს სახეში "ზელიონკა" შეასხეს. ინციდენტი ქუჩაში მოხდა. რასაკვირველია "დაზარალებულმა" ყოველივე ამას პოლიტიკური სარჩული დაუდო.

(იხილეთ: "ასეთი გამოხტომებით ვერ შეგვაშინებენ" - ხარკოვში დავით საყვარელიძეს სახეში "ზელიონკა" შეასხეს)

სააკაშვილსა და მის "მიმდევრებს" ქართველმა ხალხმა ადგილი უკვე მიუჩინა, ალბათ ამ ნაბიჯს მალე უკრაინელებიც გადადგამენ და "მიშა მაგარიას" პოლიტიკური თავშესაფრის პოვნა ახალ ქვეყანაში მოუწევს. იმედია დიდი ძებნა არ დასჭირდება. აგერ, აშშ-ის ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი მისი "ახლობელია". ჰილარი კლინტონს თავის დროზე საქართველოში უმასპინძლა და "ჩაუძმაკაცდა", დონალდ ტრამპი კი სულაც მისი უახლოესი მეგობარია. ბათუმში ხომ "იგრიალეს", აშშ-შიც რამდენჯერმე შეხვდა.

ისე საინტერესოა "დიდი მიხეილის" აზრი აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მართალია სულ დაკავებულია, ხან მეორე "სამშობლოს" პრობლემებით, ხან ყოფილი "დედა სამშობლოს" პოლიტიკური პერიპეტიებით და ამერიკულ მოვლენებზე საკუთარი ნააზრევის გამოთქმისთვის ჯერ არ სცალია, მაგრამ მართლა მაინტერესებს კლინტონს ანიჭებს უპირატესობას თუ ტრამპს.

სიტყვამ მომავალი ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნები მოიტანა და ორივე კანდიდატი დიდ გაწამაწიაშია. რასაკვირველია თითოეული მათგანი საბოლოო წარმატებაში დარწმუნებულია.

გამოცემა "New York Post"-ის მტკიცებით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ქალბატონმა ჰილარიმ გამარჯვების აღსანიშნავი ფოიერვერკი უკვე დაგეგმა. ეს "ღონისძიება" საარჩევნო უბნების დახურვიდან ნახევარ საათში ნიუ-იორკში მოეწყობა. "სალუტი" ადგილობრივი დროით 21.30 საათზე დაიწყება და ორი წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

ალბათ ქართული გამოცდილება გაიზიარა, ან დიდმა მეგობარმა სააკაშვილმა ასწავლა. ალბათ გახსოვთ ქართულ არჩევნებზე დანერგილი "ტრადიცია", როდესაც ხმის მიცემის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ამა თუ იმ პარტიის აქტივისტები ქუჩებში საზეიმო მსვლელობას აწყობდნენ.

კლინტონისაგან განსხვავებით რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი აშშ-ის მომავალ სამხედრო დოქტრინაზე უკვე მუშაობს.

გამოცემა "The Defense News" -ის ინფორმაციით, ტრამპის წარმატების შემთხვევაში პენტაგონს ჯეფ სეშნსი უხელმძღვანელებს, აშშ-ის სამხედრო ძალებს კი რენდი ფორბსი ჩაიბარებს.

დონალდ ტრამპი ამერიკული არმიის რიცხოვნების გაზრდას 480-იდან 540 ათასს ადამიანამდე აპირებს, საზღვაო ქვეითების რაოდენობა კი ამჟამინდელი 180 ათასიდან 200 ათასამდე გაიზრდება.

დონალდ ტრამპი უპირველეს სამხედრო ამოცანად "ისლამური სახელმწიფოს" სრულ და საბოლოო განადგურებას მიიჩნევს. ამის შემდეგ ჰილარი კლინტონის მიერ რუსეთთან "გაფუჭებული" ურთიერთობების გამოსწორებას შეეცდება. ტრამპის მტკიცებით, ეს ქვეყანა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში დიდ როლს ასრულებს და მისი "გადაკიდება" კატეგორიულად არ შეიძლება.

"რუსეთი თავისი უდიდესი სამხედრო პოტენციალით უძლიერესი ქვეყანაა და ჩემმა მომავალმა მოწინააღმდეგე ქალბატონმა მასთან ურთიერთობების დაძაბვა "მოახერხა". მე პუტინთან ახლო მეგობრობაზე პრეტენზიას არ ვაცხადებ, მაგრამ თუ მშვიდობა გვსურს მის ქვეყანას ანგარიში უნდა გავუწიოთ. ამის გარდა ბოლო წლებში ამერიკული შეიარაღებული ძალების შელახული ავტორიტეტის გამოსწორებაც მომიწევს. გპირდებით, მომავალში აშშ პირველი არავის დაემუქრება, მაგრამ მსოფლიოში წესრიგის დამრღვევების მიმართ ჩვენი სამხედრო დოქტრინა შემდეგი იქნება "მშვიდობა ძალის გამოყენებით", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)