"ქართულ ოცნებაში" საპარალამენტო თანამდებობების განაწილება დაიწყო - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებაში" საპარალამენტო თანამდებობების განაწილება დაიწყო

"ქართულ ოცნებაში"  საპარალამენტო თანამდებობების თაობაზე კონსულტაციების დაწყებას არ უარყოფენ, თუმცა კონკრეტულ კანდიდატურებზე ჯერ არაფერს ამბობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პარალმენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაზე შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. ასევე ამბობენ იმასაც, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას მანანა კობახიძეს აღარ ანდობენ.

კულუარული ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, სავარაუდოდ, სოფიო ქაცარავა უხელმძღვანელებს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე ქაცარავას კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ქაცარავა 2005-2016 წლებში დიდი ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. მას დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმიტი საქართველოს და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გაწეული სამსახურისთვის დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენს (MBE) გადასცემს.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის კომიტეტსაც პარტიის ახალი სახე მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.  არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია კიდევ ერთი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით - იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ მამუკა მდინარაძის წარდგენა იგეგმება.

საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ოფისში კონსულტაციები გუშინ საღამოს გაიმართა. აღნიშნული პროცესი გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"