"პატრიოტთა ალიანსიდან" ვიცე-სპიკერი შეიძლება ირმა ინაშვილი ან ადა მარშანია გახდეს" - კვირის პალიტრა

"პატრიოტთა ალიანსიდან" ვიცე-სპიკერი შეიძლება ირმა ინაშვილი ან ადა მარშანია გახდეს"

ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი არ გამორიცხავს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ვიცე-სპიკერი პარლამენტში ადა მარშანია იყოს.

როგორც დევდარიანმა განაცხადა, "პატრიოტთა ალიანსს" აქვს იმის რესურსი, რომ ვიცე-სპიკერი ჰყავდეს და თავი გაართვას ამ მოვალეობას.

"მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაადეკვატურად დაბალი ხმებით შევიდა "პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში, მათ უნდა გამოიყენონ ყველაფერი, რაც კანონით ეკუთვნით. ხმები კი ცოტა აქვთ, მაგრამ ნებისმიერი პოზიცია პარლამენტში მათ აძლევთ საშუალებას მეტჯერ გააკეთონ განცხადება, მიიღონ მონაწილეობა დებატებში, მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მართვაში. ახალგაზრდა პოლიტიკური ძალისთვის ეს მხოლოდ სკამი კი არ არის, ეს არის პოლიტიკური სკოლა, ეს ცოდნა დასაგროვებელია. შემდეგ იქნება კიდევ სხვა არჩევნები, იბრძოლებენ პარტიები და ამ უპირატესობას აუცილებლად სჭირდება გამოყენება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება ვიცე-სპიკერი, საუბარი მიდის, რომ შეიძლება იყოს ირმა ინაშვილი, ან გამორიცხული არ არის ეს იყოს ადა მარშანია, ძირძველი მიწის, აფხაზეთის წარმომადგენელი. ყველა შემთხვევაში ეს მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.

კანონმდებლობით, "პატრიოტთა ალიანსს" უფლება აქვს, პარლამენტში ვიცე-სპიკერი ჰყავდეს.

"ინტერპრესნიუსი"