"როდესაც დაცვამ კარი შეამტვრია, დაჩეხილი ქალი ძირს ეგდო" - კვირის პალიტრა

"როდესაც დაცვამ კარი შეამტვრია, დაჩეხილი ქალი ძირს ეგდო"

ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, სტამბულში გარდაცვლილი რუსთავის მკვიდრი, ორი შვილის დედა, 51 წლის მზია დუნდუაა. არსებული ინფორმაციით, მას ოჯახის დიასახლისთან, ვისთანაც მუშაობდა და ვის ბავშვებსაც უვლიდა, შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დანაშაული მოხდა... მომხდარში ეჭვმიტანილი სწორედ თურქი დიასახლისია, თუმცა, როგორც ირკვევა, თურქი სამართალდამცავები თვითმკვლელობის ვერსიასაც განიხილავენ.

ემიგრანტების თემაზე აქტიურად მომუშავე შოთო სიხარულიძე, მკვლელობის დეტალებზე გვიყვება:

- ემიგრანტები ხშირად მიკავშირდებიან და პრობლემებზე მესაუბრებიან. ამჯერადაც სტამბოლიდან შემეხმიანენ და მითხრეს, მზია დუნდუას ვერ ვუკავშირდებით, აქ რაღაც ცუდი ხმები გავრცელდა და იქნებ, რამე გაარკვიოო. ის 2 ნოემბერს, დაახლოებით, 19 საათიდან არანაირ კონტაქტზე არ გამოსულა.

მზია დუნდუა იმ თურქი ქალის შვილს უვლიდა, ვისზეც ახლა ეჭვი აქვთ. ის ქმარს გაცილებული ყოფილა და მარტო ზრდიდა მცირეწლოვან შვილს. 3 თვის ხელფასი არ ჰქონია გადახდილი მზიასთვის. ამას კი, როგორც სხვა დანარჩენ ქართველ ემიგრანტებს, თავისი პრობლემები ჰქონდა, ანუ სახლში უნდა გამოეგზავნა ფული და თავის კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვდა, რომელიც დაახლოებით 2 ათას დოლარს შეადგენდა. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო მოხდა კონფლიქტი... თურქი დიასახლისი ეუბნებოდა, რომ მისი მუშაობის ხარისხი არ მოსწონდა. არადა, მისი მეგობარი ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ ბავშვს მზია ძალიან უყვარდა...

თავად მზიას დამსაქმებელიც დამიკავშირდა და ძალიან ნანობდა, ეს სად მოხვედრილაო. ამიტომ დავწერე კიდეც, - ისე ხელაღებით, ნუ გაიმეტებთ თანამემამულეებს-მეთქი.

როგორც ირკვევა, სტამბოლის მდიდარ უბანში, როგორც თავად ეძახიან, სითიში ცხოვრობდა, რომელსაც "ნეო გულ არკი" ჰქვია, აქ საცხოვრებელ კორპუსებს, დაცვა ჰყავს. მზიასთან კონფლიქტის შემდეგ დიასახლისი სახლიდან გავიდა, ბავშვი კი დატოვა, გარკვეული დროის შემდეგ კი სწორედ დაცვას დაურეკა, - ჩემი ბავშვის ძიძას ვერ ვუკავშირდები, შვილის ამბის გაგება მინდაო, არ მპასუხობს და იქნებ, დამეხმაროთო... დაცვამ კარი ვერ გააღო, როდესაც დაცვამ კარი შეამტვრია, დაჩეხილი ქალი ძირს ეგდო. უკვე გარდაცვლილი... ითქვა ისიც, რომ დიასახლისის სახლიდან წასვლამდე, ბინიდან ჩხუბისა და აყალმაყალის ხმა ისმოდა... ერთი სიტყვით, სავარაუდოდ, თურქი ქალის სახლიდან გასვლამდე იჩხუბეს და მკვლელობაც მაშინ მოხდა. ზოგადად, თურქები რომ ქართველებს მაინც და მაინც კარგად არ ექცევიან, ხშირად მომისმენია. თუმცა, ისევ და ისევ იმიტომ, რომ სამსახურის მიტოვება და ახლის პოვნა არ არის ადვილი, ისინი ბევრს ითმენენ. ასე იყო, მზიას შემთხვევაშიც...

- ადრე დაუჩივლია, რომ დიასახლისთან კონფლიქტი ჰქონდა?

- არაერთხელ. მეტიც, იმ დღეს, მისი მეგობარი ქალისთვის, ასევე ემიგრანტისთვის შეუჩივლია, - ოღონდ ეს ანაზღაურება ამაღებინა და აქ ერთი დღეც არ გავჩერდებიო. ასევე მოუყოლია: ამას წინათ ჩემი ფული ვთხოვე, მაგრამ არც მაძლევს და არც მიშვებს. ვაზა ჩამარტყა, თავი გატეხილი მაქვსო...

როდესაც დაცვამ კარი შეამტვრია, დაჩეხილი ქალი ძირს ეგდო თურმე, უკვე გარდაცვლილი... სხვა ჭრილობების გარდა, ვენებიც გადაჭრილი ჰქონია, შესაძლოა, იმიტომ, რომ შემდეგ ვერსიად გავრცელებულიყო, თავად მიიყენა ჭრილობები და ვენებიც გადაიჭრაო.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, ეჭვმიტანილი თურქი ქალბატონი სამართალდამცველებმა თუ იპოვეს?

- კი, ემიგრანტებმა მითხრეს, რომ ის დაკავებულია. მათივე თქმით, თურქული მედია ამას არ აშუქებსო.

ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ფაქტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული და მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)