"ვინმეს გულგრილობის გამო უნიკალური ფრესკების დაზიანება, მართლაც რომ დანაშაულია" - კვირის პალიტრა

"ვინმეს გულგრილობის გამო უნიკალური ფრესკების დაზიანება, მართლაც რომ დანაშაულია"

რამდენიმე დღის წინ, ვარძიაში ღვთისმშობლის სახელობის მოქმედ ტაძარში ხანძარი გაჩნდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ხის მაგიდაზე დარჩენილი ანთებული სანთელი გახდა. პირველადი დათვალიერების შემდეგ დადგინდა, რომ უნიკალური ფრესკების დიდი ნაწილი გაჭვარტლულია.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, სპეციალისტთა ნაწილი თითქმის დარწმუნებულია, რომ ხანძარი მონასტერში დაუდევრობის გამო გაჩნდა.

ნინო ბურჭულაძე, საზოგადოებრივი გაერთიანება "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" წევრი:

- მოგეხსენებათ, რომ თამარის ფრესკა სულ სამია საქართველოში. ყინწვისისა და ბეთანიის შემდეგ ვარძიის თამარის ფრესკა თავისი უნიკალურობით და კულტურული ღირებულებებით გამოირჩევა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ვარძიის მუზეუმის ადმინისტრაციამ ცეცხლის გაჩენის შესახებ გვიან გაიგო. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა სასანთლე მაგიდას, ასევე პირველადი ინფორმაციით, სანთელი პარაფინის შემცველი იყო, რომლის ჭვარტლი ბევრად მავნეა და ართულებს მხატვრობის აღდგენის პროცესს.

- სავარაუდო მიზეზი რა არის, ამბობენ, რომ დაუდევრობა...

- იქ მყოფი სასულიერო პირები ამბობენ, რომ, სავარუდოდ, სანთელს გაუჩნდა ცეცხლი, მომხდარს პოლიცია იძიებს და იმედია მელე დადგინდება ცეცხლის გაჩენის ნამდვილი მიზეზები, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქმე მართლაც მორიგ დაუდევრობასთან გვქონდეს.

ვარძია არის მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც მოქმედებს მამათა პატარა მონასტერი, სადაც სულ რამდენიმე პირი ცხოვრობს. იქ ჯერ კიდევ 90-იან წლებში ბერები შესახლდნენ, რის შედეგადაც ვარძიის უნიკალური დარბაზები საცხოვრისად იქცა. მოგეხსენებათ, ადამიანს ყოველდღიური ყოფისთვის გარკვეული პირობები სჭირდება, ამიტომ დარბაზებზე სითბოს შესანარჩუნებლად ჩამოიკიდა კარებები, რაც ნამდვილად ამახინჯებს ძეგლის ვიზულაურ მხარეს, გარდა ამისა ზამთრის პირობებში, როდესაც გამათბობელ საშუალებებს რთავენ, ძეგლის დაზიანების რისკი კიდევ უფრო იზრდება.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვარძიის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ქვეყანას ყოველდღიურად უწევს, წელს ნამდვილად დიდი სამუშაოები ჩატარდა. აღადგინეს მუზეუმ-ნაკრძალის დიდი ნაწილი, სპეციალური დანადგარების მეშვეობით ყოველ ნახევარ საათში ხდება ძეგლის სკანირება და მონაცემები იგზავნება იტალიაში გეოლოგ მარგოტინთან (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მეცნიერი), რათა მცირედი ცვლილების შემთხვევაშიც კი დროულად მოხდეს ძეგლის გამაგრება. მაშინ როცა ამხელა ფინანსური და ადამიანური რესურსი იხარჯება ძეგლის გადასარჩენად, ვინმეს გულგრილობის გამო უნიკალური ფრესკების დაზიანება მართლაც რომ დანაშაულია. საქმეს ისიც ართულებს, რომ ვარძიის მუზეუმის თანამშრომლებს არ აქვთ შეუზღუდავი გადაადგილების უფლება, ისინი ჯეროვნად ვერ ახერხებენ მუზეუმის ამ ნაწილის მონიტორინგს და მოვლას.

სწორედ ძეგლის დაცვის დადგენილი სტანდარტების ხშირი უგულველყოფა გახდა მუზეუმის ადმინისტრაციასა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ზაფხულში მოგვაწოდეს ინფორმაცია ვარძიაში მიმდინარე პროცესების შესახებ, სამწუხაროდ ადგილზე ჩასვლისას ინფორმაცია დადასტურდა. საყრისის კომიტეტი იმედოვნებდა, რომ ამ დროის განმავლობაში პრობლემა ლოკალურ სივრცეში მოგვარდებოდა, გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდებოდა მეტი მკიცებულებები და მყარი არგუმენტები, რომ საპატრიარქოსთვის მიგვემართა. თუმცა ძეგლის მიმართ მორიგი გაუფრთხილებლობის ფაქტმა დაგვანახა, რომ საქმე აღარ ითმენს.

"საყდრისის კომიტეტი - კულტურული მემკვიდრეობისთვის" მოითხოვს, რომ უმოკლეს დროში დაიწყოს საპატრიარქოსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს შორის ღია მსჯელობა, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში მონასტრული ცხოვრება მიზანშეწონილობის შესახებ და თუ მხარეები შეთანმხდებიან ძეგლის მორიგ ჯერზე დაზიანების პრევენციის მიზნით, მუზეუმში მცხოვრები ბერები დაასახლონ მუზეუმ - ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიზე მათთვის ხელსაყრელ ადგილას, სადაც დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთეს პირობებში იქნებიან.

გარდა ამისა, მხარეები კარგად უნდა გაერკვნენ საკუთარ უფლება-მოვალეობებში, რათა ძეგლის დაზიანების შემთხვევაში არსებობდეს კონკრეტული პასუხისმგებელი უწყება, ანუ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არის პასუხისმგებელი - ძეგლთა დაცვის სააგენტო, რომელსაც ძეგლების მოვლა - პატრონობა აბარია თუ საპატრიარქო, რომლის საკუთრებასაც ძეგლი წარმოადგენს.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)