გაკვეთილები "დამოუკიდებელი მედიის" გენერალური პროკურორისთვის - კვირის პალიტრა

გაკვეთილები "დამოუკიდებელი მედიის" გენერალური პროკურორისთვის

ბოღმა ადამიანს ბევრ სისულელეს და სიცრუეს ალაპარაკებს. ეს "სენი" ყველას შეიძლება შეეყაროს და თურმე არც მედიამენეჯერებად გარდაქმნილ მთავარ პროკურორებს ინდობს.

აი, რა თქვა "რუსთავი 2"-ის მთავარ პროკურორმა...უკაცრავად, გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველზე", ინგა გრიგოლიას გადაცემაში. ტელეწამყვანი და გვარამია საუბრობდნენ "რუსთავი 2"-ში აშშ-ს ელჩის იან კელის რამდენიმე დღის წინანდელ ვიზიტზე. გვარამიამ სულ უპრეცედენტო ეძახა ამ ფაქტს - აქამდე სად გინახავთ, რომ ამერიკის ელჩი მედიასაშუალებას სტუმრობდესო. გრიგოლიას შეახსენეს, რომ აშშ-ს მოქმედი და წინა ელჩები(იან კელი, ჯონ ბასი...) იყვნენ სტუმრად "პალიტრა მედიაში"… ...

ამ დროს გვარამიამ ნირი არ შეიცვალა და: "მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა, "მედია პალიტრაში" ვინ მივიდა და რატომ მივიდა, "მედია პალიტრას" მე საერთოდ არ აღვიქვამ სერიოზულ მოთამაშედ მედია ბაზარზე, მომიტევონ კოლეგებმა(ასე თქვა, კოლეგებმაო..), ის არის მცირე, პატარა ტელევიზია და იქ ვინ რატომ მივიდა, ეს არც თქვენ გახსოვთ და არც მე და ეს ხაზს უსვამს "პალიტრა მედიის" მასშტაბებსაც და მასში ამერიკის ელჩის სტუმრობის მასშტაბებსაც..."- ო(!)

პირველ რიგში, "მომიტევონ კოლეგებში" თუ ჩვენ გვგულისხმობდა, მისამართი შეშლია გვარამიას. თავისი კოლეგები პროკურატურაში უნდა ეძებოს და იმედია, ისინი მიუტევებენ.

ჩვენ კი, ამჯერად დავხარჯავთ ძვირფას დროს და მედიაბაზრის პატარა გაკვეთილს ჩავუტარებთ დღევანდელ "მედიაპროკურორ" ნიკას.

გაკვეთილი პირველი - გვარამიამ "რუსთავი 2"-შივე რომ გაიკითხოს, დარწმუნებული ვარ, არ დაუმალავენ და ეტყვიან, რომ უკვე 21 წელი შეუსრულდა ყველაზე გავლენიან და მაღალტირაჟიან გაზეთ "კვირის პალიტრას". გვარამია თუ თავის "კურიერს" მაინც უყურებს, ნახავს, რომ არც თუ იშვიათად, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვებებში ციტატებს კითხულობენ სწორედ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიებიდან.

სხვათა შორის, როდესაც აშშ-ს ელჩი იან კელი "პალიტრა მედიას" სტუმრობდა, მან "კვირის პალიტრას" მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ და "კურიერმა" მთელი დღის განმავლობაში ამ ინტერვიუდან ამონარიდებს საკმაოდ ვრცელი დრო დაუთმო. იმედია, "მედიაპროკურორისთვის" იმის ახსნა მაინც არ დაგვჭირდება, თუ რა არის "კურიერი".

გაკვეთილი მეორე ნიკასთვის - ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" სწორედ "პალიტრა მედიის" შემადგენლობაშია. გასაგებად რომ ავხსნათ გვარამიასთვის - აი, ის სააგენტო, ყველა რომ ელოდება, თუ იქ განთავსდა ინფორმაცია, ე.ი. ნამდვილად ხდება ესა თუ ის მოვლენაო. ამას გვარამიას კოლეგა-პროკურორებიც კი დაუდასტურებენ.

გვარამია "ფეისბუქის" აქტიური მოხმარებელია და მრავალფეროვანი პოსტებითაც გამოირჩევა - პოლიტიკით დაწყებული და რომელიმე სპექტაკლის გარჩევით დამთავრებული. ჰოდა, აი მესამე გაკვეთილიც - ნიკა, საქართველოში "ფეისბუქი" ინტერნეტმომხმარებლების პოპულარობის კუთხით მეორე ადგილზეა, პირველზე კი "პალიტრა მედიის" საინფორმაციო პორტალი "AMBEBI.GE". IRI ხომ იცი? საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2016 წლის კვლევების მიხედვით, ინტერნეტმომხმარებელი ინფორმაციის მისაღებად ყველაზე ხშირად სწორედ "AMBEBI.GE"-ს სტუმრობენ, მეორე ადგილზე კი "ფეისბუქია". (გაგრძელება)