76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ხუთივე პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ არის ბრალდებული მკვლელობაში, არამედ არის დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული. შესაბამისად, ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის მხრიდან იყო დაუსაბუთებელი შუამდგომლობა და არ არსებობდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის არც მიმალვის საფრთხე და არც მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

შემდეგი სასამართლო პროცესი 8 დეკემბერს გაიმართება.

შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.

აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი - ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "ბრალდებლთაგან ერთმა აღიარა, რომ მოკლულისთვის ამოჭრილი ორგანო შეჭამა" - პროკურორი კანიბალიზმის ნიშნებზე ლაპარაკობს