ვინ არის სასულიერო პირი, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და რომელსაც მღვდელმოქმედება შეუჩერდა - კვირის პალიტრა

ვინ არის სასულიერო პირი, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და რომელსაც მღვდელმოქმედება შეუჩერდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს სასულიერო პირი, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. სპეცოპერაცია არ გახმაურებულა, თუმცა მომხდარი ფაქტი რამდენიმე დღის შემდეგ გახმაურდა.

სპეცოპერაციის დროს აყვანილი სასულიერო პირი მარტყოფის მთავარანგელოზის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი მეგრელიშვილია

მამა გიორგი მეგრელიშვილის დაკავებაზე ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუმარტეს, მამა გიორგი თანმხლებ პირთან ერთად „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მამა გიორგი მეგრელიშვილისა და მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამა გიორგის 4 ათას ლარიანი გირაო, სანოძეს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამას გარდა, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მამა გიორგი მეგრელიშვილს მღვდელმოქმედება შეუჩერდა. როგორც ”ინტერპრენიუსს” პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, მამა გიორგი მეგრელიშვილისთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა მიიღო.

”მე როგორც ვნახე მისი მმართველი მღვდელმთავრის ბრძანება, მას შეუჩერდა მღვდელმოქმედება აღნიშნული ფაქტის გამო, ალბათ საგამოძიებო მოქმედებების დამთავრებამდე”, - აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.