"ცოტა ხანში ქვეყნებს შორის წავა ტაციაობა, თუ სად მოიხადოს სასჯელი სააკაშვილმა" - კვირის პალიტრა

"ცოტა ხანში ქვეყნებს შორის წავა ტაციაობა, თუ სად მოიხადოს სასჯელი სააკაშვილმა"

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში სულ მალე დაიწყება სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.

სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ ცოტა ხანში ქვეყნებს შორის „ტაციაობა“ წავა, თუ სად მოიხადოს პირველი სასჯელი სააკაშვილმა.

„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოთხოვნილია, თუმცა ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ცოტა ხანში ქვეყნებს შორის წავა ტაციაობა, თუ სად მოიხადოს სასჯელი სააკაშვილმა და ამ სასჯელის მოხდის მერე რომელ ქვეყანას გადასცენ სასჯელის მოსახდელად. სავარაუდოდ, როგორც საქართველოს, უკრაინასაც არ ექნება უფლება თავისი მოქალაქე სხვა ქვეყანას გადასცეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს მაინც მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში სულ მალე დაიწყება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ასე რომ რიგში მოგვიწევს ჩადგომა - ან ჩვენ ვიქნებით პირველი სადაც პასუხს აგებს, ან უკრაინა“, - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის თანამდებობის დატოვებას, სუბარის შეფასებით, სააკაშვილის დიქტატორული ამბიციები ვერც ერთ ქვეყანაში გაამართლებს.

„მე არა მგონია ეს სააკაშვილის გადაწყვეტილება ყოფილიყო. ის იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა და ამის შესახებ თავად უკრაინაშიც დიდი ხანია მიდის საუბარი. ვერ გაამართლა ერთ ქვეყანაში და ვერ გაამართლებს ვერც მეორე, მესამე, ან მეშვიდე ქვეყანაში მისი დიქტატორული ამბიციები. რაც ყველაზე მტკივნეულია, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მისი მიზეზებით მოხდა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა და შემდეგ რუსეთის მიერ მათი აღიარება. ეს არის დანაშაული და სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც საქართველოს ტერიტორიების განმფლანგველი“, - განაცხადა სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"