„პირველი“ და „მეორე“ ძლიერი პოლიტიკური ცენტრები არიან" - შექმნის თუ არა მარგველაშვილი "მესამე ძალას"? - კვირის პალიტრა

„პირველი“ და „მეორე“ ძლიერი პოლიტიკური ცენტრები არიან" - შექმნის თუ არა მარგველაშვილი "მესამე ძალას"?

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს წამყვანმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილ პოლიტიკურ საკითხებზე დაუსვა კითხვები.

საუბრის თემა რა თქმა უნდა, არჩევნებსაც შეეხო. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში მივიღეთ ორპოლუსიანი პარლამენტი, რადგან როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთეს ტემპერატურის ასაწევად, შესაბამისად, შედარებით „ტანმორჩილმა“ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ გაიაზრეს, რომ ეს ორი ძალა საარჩევნო ველის პრივატიზაციას მოახდენდა.

„საარჩევნო ველის დაძაბვა მომგებიანი იყო ორივე დიდი საარჩევნო სუბიექტისთვის. ამ ფონზე ოპოზიციამ, რომელიც ბევრად უფრო ტანმორჩილი პარტიების სახით იყო წარმოდგენილი, ვერ გაიაზრა, რომ ეს ორი დიდი სტრუქტურა - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მოახდენდნენ ველის პრივატიზაციას - არ მოხდა გაერთიანება, არ მოხდა მესამე ალტერნატივის ჩამოყალიბება... ამის შედეგად მოხდა ის, რაც მოხდა - ნაწილი ამომრჩეველი გაუცხოვდა, ნაწილი ამომრჩევლის ხმები კი დაიკარგა, მათ შორის მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ხმაც დაიკარგა, რადგან მე სწორედ მრავალპარტიულ პარლამენტს მივეცი ხმა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

წამყვანის კითხვა შეეხო კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებასაც, რომლის პასუხადაც პრეზიდენტმა ასე განაცხადა: "„ის, რა ფუნქციები, უფლებამოსილებები გააჩნია პრეზიდენტს, სხვა თემაა, მაგრამ არჩევის პრაქტიკა თანამედროვე ქართული პოლიტიკური რეალობის, ფაქტობრივად, თანამდევი და ერთ-ერთი ყველაზე დაფუძნებული, ტრადიციული პოლიტიკური გამოცდილებაა...

რეალურად ის გეგმა, რაზეც იყო საუბარი, იყო ის, რომ პრეზიდენტი აღარ იყოს არჩეული. ამასთან დაკავშირებით ძალიან მარტივი პოზიცია გამაჩნია - ეს არის ქართველი ხალხის უფლება და სანამ შენ ამ უფლებას ქართველ ხალხს აართმევ, კარგად უნდა აუხსნა, ამას რატომ აკეთებ. იმით ვერ აუხსნი, რომ მარგველაშვილი არ არის კარგი ადამიანი, ან პოლიტიკოსი, ან მარგველაშვილი არ მოგწონს, შენ უნდა აუხსნა უფრო ფუნდამენტურად და თქვა, რატომ არ აქვს ამომრჩეველს უფლება აირჩიოს ქვეყნის პირველი პირი. ამ ახსნის გარეშე ყველაფერი ეს ტოვებს ზედაპირული პირადი ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას".

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად იქნება ჰომოფობიური ქორწინების შესახებ ჩანაწერის კონსტიტუციაში ჩადება, გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ჩანაწერი არსებობს „სამოქალაქო კოდექსში“ და „თუ დანახვადია აქ ჰომოფობიური ტენდენციები, ჩვენ ეს წლების განმავლობაში უნდა დაგვენახა“. „მე ეს მიმაჩნდა წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ შტრიხად. არანაირად არ მიმაჩნია ეს მნიშვნელოვან, კონსტიტუციაში ასატან თემად, მაგრამ კიდევ ერთხელ - „სამოქალაქო კოდექსშიც“ ასეა. ჰომოფობიის ნიშნით „სამოქალაქო კოდექსი“ არავის გაუპროტესტებია. ეს თემა იყო მოტანილი ჩემამდე რეფერენდუმის მოთხოვნით და როგორც მოვიდა, ისე დამთავრდა. შემდეგ ეს გახდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ნაწილი და ვერაფრის დიდებით, ამაში დანაშაულს ვერ დავინახავ“, - განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მასსა და კვირიკაშვილს შორის კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუ ვინ იქნება მინისტრი და ვინ კომიტეტის თავმჯდომარე.

„არაერთხელ განმიცხადებია, რომ მე ვხედავ კვირიკაშვილში ადამიანს, რომელთანაც შეიძლება იმუშაო და ისაუბრო პოლიტიკაზე. არა იჭორაო, არამედ ისაუბრო პოლიტიკაზე, პოლიტიკურ პროცესებზე. ისაუბრო იმ საკითხებზე, რომლის თაობაზე ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ როგორც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა. როგორ არჩევანს გააკეთებს ის მინისტრებთან ან სხვა საკითხებთან მიმართებაში... მე კმაყოფილიც ვარ, რომ ეს ფუნქციები რაღაცნაირად სწორად არის დელეგირებული და გაყოფილი. ეს ფუნქციები არის პრემიერის პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ამ საკითხზე მე და კვირიკაშვილს შორის კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუ ვინ იქნება მინისტრი და ვინ კომიტეტის თავმჯდომარე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე - ეს ივანიშვილის მთავრობა იქნება თუ კვირიკაშვილის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, რადგან მისთვის კვირიკაშვილია პრემიერ-მინისტრი, ეს იქნება კვირიკაშვილის მთავრობა.

„მე ურთიერთობა მექნება კვირიკაშვილთან, X, Y მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, კომიტეტის თავმჯდომარეებთან და სხვა პოლიტიკურ ფიგურებთან, როგორც პრემიერ-მინისტრთან, მინისტრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და აშ. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა, რომ მე მათ ვეურთიერთობები, როგორც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს. სხვა საკითხები ჩემს პიროვნულ ურთიერთობაში ნაკლებად შემოდის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, იმასთან დაკავშირებით, გეგმავს თუ არა ქართულ პოლიტიკაში „მესამე ძალის“ შექმნას. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რას გააკეთებს მომავალში, იქიდან გამომდინარე გაირკვევა, რა პოლიტიკური ვითარებაც იქნება.

„მოდით, ვისაუბროთ იმის თაობაზე, დღეს რას ვაკეთებთ. მომავალში რა გეგმები იქნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა პოლიტიკური ვითარება იარსებებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა შესაბამის შეკითხვაზე.

მისივე განმარტებით, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში „ბევრი მესამე“ ძალა არსებობდა, თუმცა მათ არ გაიაზრეს ის ვითარება, რომ პოლიტიკურ ველზე „პირველი“ და „მეორე“ უკვე იყო და ისინი ძლიერი პოლიტიკური ცენტრები არიან.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით