დონალდ ტრამპს გამარჯვებამდე 4 ხმა აშორებს - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპს გამარჯვებამდე 4 ხმა აშორებს

ბოლო მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიაში 266 ხმა აქვს უზრუნველყოფილი, ჰილარი კლინტონს კი 215. ამგვარად, დონალდ ტრამს გამარჯვებისთვის მხოლოდ 4 ხმა სჭირდება. ტრამპის პოზიციები მას შემდეგ გამყარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ პენსილვანიის შტატში სწორედ ის იმარჯვებს.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატს ამომრჩევლის კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.

დონალდ ტრამპი უკვე მილოცვებს იღებს, აშშ-ის კონგრესის სპიკერმა პოლ რაიანმა ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"ბიბისის" ცნობით, ტრამპს გამარჯვება მიულოცა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მარინ ლე პენმაც.

“ვულოცავ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს დონალდ ტრამს და აშშ-ის თავისუფალ ხალხს” , - წერს ლე პენი.

თავის მხრივ, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით შოკირებულია.

როგორც მან განაცხადა, ინფორმაცია დონალდ ტრამპის ლიდერობაზე მისთვის “უზარმაზარი შოკი” გახდა.