"ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი" - კლინტონმა დამარცხება აღიარა, ტრამპი კი გამარჯვებას ზეიმობს - კვირის პალიტრა

"ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი" - კლინტონმა დამარცხება აღიარა, ტრამპი კი გამარჯვებას ზეიმობს

აშშ-ს პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო, ამომრჩევლის კოლეგიის 270 ხმა მოიპოვა.

როგორც ამერიკული პრესა იტყობინება, ბოლო მონაცემებით, ტრამპმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა, რამაც, ფაქტობრივად, არჩევნებში მისი გამარჯვება უზრუნველყო.

გამოცემა Los Angeles Times-ის მონაცემებით, დონალდ ტრამს ამჟამად ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს.

დასავლური მედია უკვე წერს, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი გახდა.

ჰილარი კლინტონმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. CNN-ის ცნობით, შედგა სატელეფონო საუბარი კლინტონსა და ტრამპს შორის, რა დროსაც ჰილარი კლინტონმა საკუთარი დამარცხება აღიარა, კონკურენტს კი არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამის ფონზე, დონალდ ტრამპმა საარჩევნო შტაბში მხარდამჭერებს მიმართა.

სიტყვით გამოსვლაში ტრამპმა მომხრეებს მადლობა გადაუხადა და დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ ჰილარი კლინტონმა მას გამარჯვება მიულოცა.

“პირობას ვდებ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის წინაშე, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია” , - განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე მიმართა ყველა იმ ამერიკელს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა არ მისცა და განაცხადა, რომ საჭიროა ერთობლივი მუშაობა აშშ-ის გაერთიანების მიზნით.

ჩვენ გავაორმაგებთ ზრდას და გვექნება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა. ამასთან, ვიმუშავებთ ყელა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ამის სურვილი ექნება. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვექნება. არც ერთი ოცნება არ არის მეტისმეტად დიდი, და არც ერთი გამოწვევა არ არის მეტისმეტად ძლიერი. არაფერი, რისი მიღწევაც ჩვენი მომავლისთვის გვინდა, ჩვენთვის არ არის ხელმიუწვდომელი. ამერიკას მხოლოდ საუკეთესო ექნება ყველაფერი,” - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ს უზარმაზარი პოტენციალი აქვს.

„თითოეულ ამერიკელს ექნება შესაძლებლობა, თავისი პოტენციალი სრულად გამოიყენოს. ჩვენი ქვეყნის დავიწყებული მამაკაცები და ქალები დავიწყებულები აღარ იქნებიან“, - განაცხადა ტრამპმა და იქვე დასძინა, რომ მისთვის აშშ-ის ინტერესები "ყოველთვის პირველ ადგილზე" იქნება.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით