"ციხეში მოხვედრაზე ვოცნებობდი" - როგორ მალავდა აპოლიტიკური "ხათუნა კალმახელიძე" მუცლადმყოფ შვილს - კვირის პალიტრა

"ციხეში მოხვედრაზე ვოცნებობდი" - როგორ მალავდა აპოლიტიკური "ხათუნა კალმახელიძე" მუცლადმყოფ შვილს

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ხატია მელქაძე ტელესერიალ "ჰეროკრატიაში" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრის - ხათუნა კალმახელიძის როლს ასრულებს. ხატია "ჩემი ცოლის დაქალებშიც" მონაწილეობს. მასთან ინტერვიუს ჟურნალი "გზა" აქვეყნებს.

- როცა "ჰეროკრატიისთვის" კასტინგი გამოცხადდა, მეგობრები წავედით, ფოტო გადავიღეთ... 4-5 თვის მერე დამირეკეს - კასტინგზე ხართ დაბარებულიო. სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან რუსთავში, გასვენებაში ვიყავი, ცხადია - უმაკიაჟოდ, არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა... კასტინგზე არ უნდა დამგვიანებოდა. ამიტომ გამოპრანჭვას და დაგვიანებას, უმაკიაჟოდ მისვლა ვამჯობინე. თან, ძალიან ცხელოდა... ბატონ გოგა ხაინდრავას ჩემთან გასაუბრება აინტერესებდა. მკითხა, - ხათუნა კალმახელიძე თუ იცი, ვინ არისო? დავფიქრდი: მეთქვა, რომ ვიცოდი თუ სიმართლე გამემხილა? რა თქმა უნდა, სიმართლე ვუთხარი, - აზრზე არ ვარ-მეთქი. აპოლიტიკური გახლავართ და მეგონა, ამ როლზე არ დამამტკიცებდნენ...

რამდენიმე თვის მერე დამირეკეს, - როლზე დამტკიცებული ხარო. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ გრძელვადიანი როლი იქნებოდა, მერე კი მითხრეს, რომ მხოლოდ 1 გადაღება მექნებოდა. ციხის სცენა იყო გადასაღები (ორთაჭალაში). გამიხარდა, რადგან ეკრანზე გამოჩენით განებივრებული არ ვარ და წავედი. რატომღაც, ბავშვობიდან ციხეში მოხვედრაზე ვოცნებობდი (იცინის), იქაურობა მაინტერესებდა. ოცნება ამიხდა. რა თქმა უნდა, გადასაღებ მოედანზე პატიმრები არ ყოფილან - მსახიობები, სტაფის წევრები ვიყავით, მაგრამ ისეთი აურა ტრიალებდა, რომ უკვე რაღაცნაირი გავხდი... თან, გადაღებაზე, ბავშვურად გამოწყობილი, თეატრიდან მივედი - "პომპონიანი" ქუდი მეხურა. იმ დროს უკვე ორსულად ვიყავი, მაგრამ მუცელი არ მეტყობოდა და არც არფერი მითქვამს, რადგან მეგონა, მხოლოდ ერთ ეპიზოდში ვიქნებოდი. გადაღების დასრულების შემდეგ, ბატონმა გოგამ მითხრა, - მინდა, შენი გმირი დავაბრუნო და შემდეგ გადაღებებში მონაწილეობაზე თანახმა ხარ თუ არაო? დავთანხმდი, მაგრამ იმ წამს ვერ გავბედე, მეთქვა, - ორსულად ვარ-მეთქი. გოგას გარდა, ყველას ვეუბნებოდი, - ფეხმძიმედ ვარ და მუცელი რომ გამეზარდოს, რა მეშველება? როლიდან მომხსნიან-მეთქი. მეორე გადაღება მარტში დამინიშნეს. უკვე 6 თვის ორსული ვიყავი და მუცელი ისევ არ მეტყობოდა.

- ალბათ, როლის შესრულებისას, ხათუნა კალმახელიძის პიროვნებას გაეცანი, არა?

-კი, რა თქმა უნდა. ჩემთვის ეს როლი ძალიან საინტერესო იყო, რადგან თეატრში ძირითადად, ბავშვურ, დადებით პერსონაჟებს ვასახიერებ. გადაღებაზე კონკრეტული დავალება მქონდა - ციხის სცენების გადაღებისას, ეს ქალი პატიმრებს ზემოდან უყურებდა... ასე რომ, მის საქმიანობას მართლა ვერ შევაფასებ.

- ეროტიკულ სცენაშიც მონაწილეობდი...

-ჰო, ეს სცენა სასაცილო იყო. მონტაჟის დროს ისეთი "სხვანაირი" აღმოჩნდა, რომ დავფიქრდი, - ეს მე ვარ-მეთქი (იცინის)? კამერა ჩვენს უკან იდგა. კადრში ჩვენი ზურგები ჩანდა. ამ სცენის გადაღებისას 7 თვის ორსული ვიყავი. ჩაცმულ-დახურული გახლდით. პარტნიორი არც მეხებოდა... "ჰეროკრატიაში" ჩემი მეუღლეც თამაშობს - ერთ-ერთი მინისტრის - თორნიკეს როლშია.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

ეთო ყორღანაშვილი