"ძალიან ვწუხვარ" - ჰილარი კლინტონის პირველი კომენტარი არჩევნებში დამარცხების შემდეგ - კვირის პალიტრა

"ძალიან ვწუხვარ" - ჰილარი კლინტონის პირველი კომენტარი არჩევნებში დამარცხების შემდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, დამარცხებულმა კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა მხარდამჭერებს პირველად მიმართა.

ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას "დემოკრატების" ლიდერმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და დონალდ ტრამპს წარმატებები უსურვა.

"დიდი იმედი მაქვს ტრამპი წარმატებული პრეზიდენტი იქნება. ეს არ არის ის შედეგი, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობდით და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ასე არ მომხდარიყო. ძალიან ვწუხვარ. მიუხედავად ამისა, ამაყი და ბედნიერი ვარ თქვენი მხარდაჭერით. თქვენ ამერიკის მოქალაქეების საუკეთესო მხარეს წარმოადგენთ. თქვენს კანდიდატად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ვიცი, რომ იმედგაცრუებულები და დაბნეულები ხართ. მინდა გითხრათ, ჩვენი კამპანია ერთი ადამიანისა და ერთი არჩევნების შესახებ არასდროს ყოფილა. ეს იმ ქვეყნის შესახებ იყო, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. მიმაჩნია, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. მე ყოველთვის ვიყავი და დავრჩები ამერიკის აღმშენებლობისა და წარმატებების სადარაჯოზე", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

კლინტონმა მომხრეებს მოუწოდა, რომ ტრამპს შანსი მისცენ. „დონალდ ტრამპი ჩვენი პრეზიდენტი იქნება და ვალდებული ვართ მივცეთ შანსი, მართოს ქვეყანა. გუშინ საღამოს ტრამპს გამარჯვება მივულოცე და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მასთან ერთად მუშაობას დავთანხმდი“.

მანვე თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და პირველ ლედის, მიშელ ობამას. თავისი გამოსვლა ჰილარი კლინტონმა დაასრულა სიტყვებით „ღმერთო დაიფარე ამერიკა“.

არჩევნების შედეგები შეაფასა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობა და პრემიერობა მათ პიროვნებებს აღემატება, შესაბამისად, ერთ გუნდად ქვეყნის წარმატებისთვის მუშაობენ.

მე და პრეზიდენტ ბუშს საკმაოდ სერიოზული განსხვავებები გაგვაჩნდა, მაგრამ მაღალ დონეზე იმუშავა ბუშის გუნდმა, რათა ხელისუფლების გადაცემა მომხდარიყო რბილად. ძალიან სწრაფად გესმის, როდესაც პრეზიდენტი ხარ, რომ პრეზიდენტობა და ვიცეპრეზიდენტობა ჩვენს პიროვნებებს აღემატება. მე მივყვები იმ მაგალითს, რომელიც პრეზიდენტ ბუშის გუნდმა დაამკვიდრა 8 წლის წინ, რომ ეს იყოს ეფექტური ხელისუფლების გადაცემის პროცესი ახალი პრეზიდენტისთვის, რადგან ჩვენ ყველა ვმუშაობთ წარმატებისთვის. ჩვენ ვართ გაერთიანებული და ქვეყანას ვუძღვებით. მშვიდობიანი გადაცემა ხელისუფლების გახლავთ ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი და ამას ჩვენ მსოფლიოს ვანახებთ”, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

იხილეთ ასევე: "ტრამპმა შესაძლოა მხარი დაუჭიროს პუტინს თავისი ზრახვების განხორციელებაში და რეგიონში მეტი მანევრირების საშუალება მისცეს"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით