"შვილი მომიკლეს, ძმისშვილი დამიინვალიდეს, ძმა უკანონოდ ჩამიგდეს ციხეში და ამას ვაპატიებთ?!" - გვართა შუღლი წალკაში - კვირის პალიტრა

"შვილი მომიკლეს, ძმისშვილი დამიინვალიდეს, ძმა უკანონოდ ჩამიგდეს ციხეში და ამას ვაპატიებთ?!" - გვართა შუღლი წალკაში

"ვინჩესტერი სამჯერ ისროლა და 23 წლის შვილი მომიკლა. იქვე აიკის 15 წლის შვილი ეგდო და მამას ეძახდა, მიშველეო. გასროლის შემდეგ მკვლელს უნდოდა, მანქანით მეორედ გადაევლო მისთვის"

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანში ორი გვარის შუღლი წლებია გრძელდება. საქმე იქამდე მივიდა, რომ კონფლიქტის გადაჭრა უკვე იარაღით სცადეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - ერთი გვარიდან 23 წლის ახალგაზრდა დაიღუპა და 15 წლის ბიჭი დახეიბრდა, მეორე გვარის წევრი კი მსუბუქად დაიჭრა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, პარლამენტის ყოფილ დეპუტატსა და წალკაში "ქართული ოცნების"დამფუძნებელს, აიკ მელტონიანს 30 ივლისს შინ მიუვარდა "ნაციონალური მოძრაობის"ყოფილი წევრი, ამჟამად წალკის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე სამსონ თამარიანი, რომელმაც შეკამათების შემდეგ ჯერ ავტომანქანა დააჯახა მელტონიანის 15 წლის ვაჟს, შემდეგ გაიქცა და საქმის დასასრულებლად ძმა და შვილი გამოგზავნა.

თამარიანის ვაჟის გასროლილ ტყვიას მელტონიანის 23 წლის ძმისშვილი ემსხვერპლა. აიკ მელტონიანმა კი თავდაცვის მიზნით, ტაბელური იარაღით ხელში დაჭრა თამარიანის ძმა.

მელტონიანიც და თამარიანის ვაჟიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაში არიან მიცემული. მოსახლეობა ამბობს, რომ მელტონიანი უკანონო პატიმარია, ხოლო მისი მოწინააღმდეგე თამარიანი "ნაციონალების" დავალებებს ასრულებდა და იმ საბედისწერო დღეს მელტონიანებზე თავდასხმით არეულობის შეტანა სურდა რეგიონში. მელტონიანის ადვოკატები მუხლის გადაკვალიფიცირებას და თამარიანის დაპატიმრებას ითხოვენ. თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, ოჯახი შურისძიებით იმუქრება.

მორლენ მელტონიანი, აიკის ძმა: "სამსონ თამარიანი ჩემი ძმის სახლთან ავტომანქანით მოვიდა. ის და აიკი რაღაცაზე შელაპარაკდნენ, რის შემდეგაც თამარიანმა ჩემს ძმისშვილს, მერგელს, ავტომანქანა დააჯახა, ბავშვს ორივე ფეხი დაემტვრა და დახეიბრებულია. ამის შემდეგ

თამარიანი გაიქცა და ჩვენს დასახოცად ძმა და შვილი გამოგზავნა. თამარიანის შვილმა ანდრანიკმა ვინჩესტერი სამჯერ ისროლა და 23 წლის შვილი მომიკლა. იქვე აიკის 15 წლის შვილი ეგდო და მამას ეძახდა, მიშველეო. გასროლის შემდეგ მკვლელს უნდოდა, მანქანით მეორედ გადაევლო მისთვის.

ჩემმა ძმამ იარაღი ამოიღო, გაისროლა და მსუბუქად დაიჭრა სამსონის ძმა...

სამსონ თამარიანი 90-იანი წლებიდან მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში და რაც წალკის ბიუჯეტში მილიონები შედის, მის ხელში გადის. ვინ მფარველობს, არავინ იცის. თამარიანმა წერა-კითხვა არ იცის, 5 კლასი აქვს დამთავრებული, საკუთარ გვარ-სახელსაც ვერ დაგიწერს და ამისთანა გაუნათლებელ კაცს თანამდებობაზე რა უნდა? ქართულის ცოდნაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მთელი პოლიცია მასთან ზის, სვამენ, ჭამენ და ბიუჯეტის ფულს იყოფენ. მას ვიღაც მფარველობს, მათ შორის, პროკურატურა. იცის, არ დასჯიან და დაგვხოცავს, აბა, რას გვიზამს?! მკვლელობის შემდეგ მისი სახლიდან სამართალდამცველებმა ავტომატი, პისტოლეტი, ყუმბარები და სხვა იარაღი ამოიღეს. ამბობენ, მას და მის ხალხს, მარნეულის მსგავსად, არეულობის შემოტანა უნდოდათ რეგიონში და ამისთვის ჰქონდა მომარაგებული იარაღიც. ჩემს ძმას რეგიონში გავლენა ჰქონდა და ხალხს მისი სჯეროდა, ამიტომაც უნდოდათ "ნაციონალებს" აიკ მელტონიანის ჩამოშორება.

ის უკანონო პატიმარია, თავს და შვილს იცავდა და ამიტომ ისროლა, კრიმინალი თამარიანი კი თავისუფალია.

სამსონ თამარიანი მუდმივად ცდილობს, გამოგვიწვიოს. ჩვენ არ გვინდოდა რეგიონში კონფლიქტი და ყველანაირად ვეცადეთ, არ ავყოლოდით მის პროვოკაციებს. არჩევნების ჩამთავრებას დაველოდებით და თუ კრიმინალ სამსონ თამარიანს პასუხს არ აგებინებენ, არჩევნების შემდეგ 500 კაცი შეიკრიბება პროკურატურასთან. კანონი და სამართალი თუ არ აღსრულდება, ჩვენ თვითონ ვიძიებთ შურს. შვილი მომიკლეს, ძმისშვილი დამიინვალიდეს, ძმა უკანონოდ ჩამიგდეს ციხეში და ამას ვაპატიებთ?!"

დიანა გვიშიანი, აიკ მელტონიანის ადვოკატი: "ჩვენ სამსონ თამარიანის პასუხისმგებლობის დაყენებას ვითხოვთ. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ დაჯახების შედეგად არასრულწლოვანმა განსაკუთრებით მძიმე დაზიანება მიიღო, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ თამარიანი მიზანმიმართულად დაეჯახა ბიჭს, არის შეტყობინება "სასწრაფოში", ასევე გვაქვს 300 კაცის ხელმოწერა, რომლებიც ითხოვენ თამარიანის პასუხისგებაში მიცემას. პოლიციაც და ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაც ხელს აფარებს კრიმინალს. მოვითხოვთ, საქმე დაუყოვნებლივ გადაეცეს მთავარ პროკურატურას და პასუხისგებაში მისცენ სამსონ თამარიანი, რომელმაც ბავშვი განზრახ დააშავა.

2008 წლის თებერვალში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის თამარიანი გაასამართლეს და 5 წელი პირობითი მიუსაჯეს. მას აეკრძალა თანამდებობაზე მუშაობა და ეს ვადა 2013 წლის სექტემბერში ეწურებოდა. მიუხედავად ამისა, 2011 წლიდან რატომღაც მაინც მუშაობდა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ.

სოფელმა იცის, რომ სამსონ თამარიანი იმიტომ დაესხა თავს მელტონიანს, არეულობა მოეწყო წალკაში და გზიდან ჩამოეშორებინა მოწინააღმდეგე. მართალია, დღეს ის "ოცნებაშია", მაგრამ "ნაციონალებისთვის" მუშაობს. თამარიანი დანაშაულს უარყოფს, ამბობს, რომ თითქოს ბავშვმა ქვები ესროლა, მან კი ავტომანქანა მოატრიალა და წავიდა. ბავშვს ფეხები მისით დაემტვრა? თამარიანის ვაჟი ამბობს, ჩვენ არც თოფი გვქონია და არც გვისვრიაო. გამოძიების მასალებით ყველაფერი დადასტურებულია - ამოღებულია იარაღი, ჩატარებულია ექსპერტიზა, დადასტურებულია, რომ ანდრანიკ თამარიანმა ისროლა. იკვეთება, რომ თამარიანის ოჯახი მიზანმიმართულად დაესხა თავს მელტონიანების ოჯახს".

გიორგი ღონღაძე, საქმის პროკურორი: "თამარიანისთვის ბრალი ჯერ არ წარგვიდგენია, მიმდინარეობს გამოძიება, ბრალდებულების კვალიფიკაციის საკითხი სასამართლოზე გადაწყდება. ვინმეს, მათ შორის სამსონ თამარიანის ბრალეულობა თუ გამოიკვეთა, შესაბამისი რეაგირება იქნება".

ჩვენ კომენტარისთვის მივმართეთ მეორე მხარეს - სამსონ თამარიანსაც, რომელმაც მოუცლელობის გამო სამუშაო საათების შემდეგ დაკავშირება გვთხოვა. თუმცა მას შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა...

(ფოტოზე: გარდაცვლილი 23 წლის ანდრონიკ მელიტონიანი და დასახიჩრებული მერგელ მელიტონიანი)

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)