რჯულის კაციდან მედიატორამდე - მედიაციის ევოლუცია საქართველოში - კვირის პალიტრა

რჯულის კაციდან მედიატორამდე - მედიაციის ევოლუცია საქართველოში

რჯულის კაცი, მორევი, შუამავალი, ბჭე, მედიატორი, მეცქულარი - ეს ტერმინები ძველ ქართულში გვხვდება და ყველა მათგანი სხვადასხვა კუთხის შუამავლებს, მომრიგებლებს ნიშნავს. მათი მთავარი როლი მოდავე მხარეების მორიგება და დავის მშვიდობიანად მოგვარებაა.

ქართული ტრადიციის ეს გამოვლინება, პირველადი სახით მხოლოდ მთაში შემორჩა. ქალაქში კი შუამავლობის ტრადიცია მედიაციის სამსახურის ფორმით ჩამოყალიბდა. მიუხედავად სახეცვლილებისა, ტრადიცის მთავარი მიზანი და დანიშნულება არ შეცვლილა. შუამავალი, მედიატორი მოდავე მხარეებს კომუნიკაციასა და ურთიერთობის აღდგენაში ეხმარება და ხელს უწყობს მათ მორიგებას.

ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსჯულება ბავშვზე და მორიგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოში მართლმსაჯულების დავის მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების მიმართულებაა.

რუსუდან თუშური, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის მენეჯერი:

- საქართველოს სასამართლოებში საქმეთა რაოდენობა დღითი-დღე იზრდება. შესაბამისად, მხარისთვის მართლმსაჯულების ეფექტიანად მიღება პრობლემად იქცა. ამ პრობლემის შესამსუბუქებლად ბევრ ქვეყანაში ძალიან ეფექტურად იყენებენ დავის მოგვარების ალტერნატიულ მექანიზმებს - როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაცია. დავის შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში, მედიაციაში მხარეები თავიდან იცილებენ სასამართლოში ხანგრძლივი საქმის წარმოებას. არბიტრაჟის შემთხვევაში, საქმე ფაქტობრივად ერთი განხილვის ფარგლებში არსებითად წყდება, მისი გადასინჯვის უფლება კანონმდებლობით არის შეზღუდული. ჩვენი მიზანი საზოგადოებაში ცნობადობისა და დავის მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების მიმართ ნდობის ამაღლება და მედიაციისა და არბიტრაჟის სფეროში მოქმედი სუბიექტების ინსტიტუციონალური გაძლიერება/განვითარება, მათთან თანამშრომლობა და საკანონმდებლო ბაზის შექმნა და გაუმჯობესებაა.

იმის გასარკვევად, რა წარსული აქვს მედიაციას საქართველოში და ვართ თუ არა ქართველები მზად დავის მშვიდობიანად მოგვარებისთვის, პროგრამის ფარგლებში, კვლევა ჩატარდა.

სოფო ტყემალაძე, მედიატორი, არბიტრი, ასისტენტ პროფესორი:

- კვლევის მთავარი მიზანი იყო დაგვედგინა სად, როდის და რა ფორმით არსებობდა მედიაციის კულტურა საქართველოში. ამისთვის შევისწავლეთ ძველი წყაროები, ისტორიები, რამდენიმე კუთხეში პირადად ჩავედი და შევხვდი სოფლის უხუცესებს. აღმოჩნდა, რომ მედიაციის ტრადიცია უძველესი დროიდან არსებობს საქართველოში და სხვადასხვა მხარეში დამახასიათებელი ტერმინოლოგიით და ფორმით გამოიხატება. სვანეთში დღესაც არსებობს ეს ინსისტიტუტი და მხარეთა შერიგება სწორედ მედიატორს (სვანურად მორვალი) ევალება. საბოლოოდ, კვლევამ აჩვენა, რომ ქართველებს გვაქვს დავების მშვიდობიანად მოგვარების კულტურა. იმედი მაქვს, მედიაცია, თანამედროვე ფორმით, ჩვენს მოსახლეობაში წარმატებით დამკვიდრდება.

მედიაციის სამსახურის მომავალზე ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს სასამართლოს მედიატორი, ალექსანდრე წულაძე:

- ამ დროისთვის მედიაციის ცენტრებში მიმართვიანობის დონე საკმაოდ დაბალია, თუმცა მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მოსარგებლე ადამიანების რიცხვიც გაიზრდება. მთავარია, სწორად მივაწოდოთ მოსახლეობას რას ნიშნავს მედიაცია. სხვადასხვა სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს ამ საკითხზე აქტიური მუშაობა და ვფიქრობ, მოსახლეობა ეტაპობრივად დაინახავს მედიაციის უპირატესობას.