"ყველას ჰყავს შეყვარებული, მაშინ ავკრძალოთ შეყვარებულობა ბაღში" - "ქორწილი" საბავშვო ბაღში და მორიგი "მარგალიტი" ქანთარიასგან - კვირის პალიტრა

"ყველას ჰყავს შეყვარებული, მაშინ ავკრძალოთ შეყვარებულობა ბაღში" - "ქორწილი" საბავშვო ბაღში და მორიგი "მარგალიტი" ქანთარიასგან

საზოგადოების აჟიოტაჟი მოჰყვა თბილისში 56-ე ბაგა-ბაღში გადაღებულ ვიდეოს, სადაც ბაღის აღსაზრდელები ნეფე-დედოფლის როლს ასრულებენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნინო ბურძენიძემ და განაცხადა, რომ აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა, თვითონ შეესრულებინათ ნეფე-დედოფლის როლი.

"თბილისის ბაგა-ბაღები 2012 წელს გამოცემული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამით ხელმძღვანელობენ, რომელიც შემუშავებულია ილიას უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის მიერ. პროგრამაში გაწერილია ასაკობრივად დიფერენცირებული და ასაკობრივად შერეული ჯგუფებისთვის სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის, 4-5 წლიანთა სააღმზრდელო ჯგუფისთვის ერთ-ერთი თემაა "ქორწილი", რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, კონკრეტულად ცეკვის ელემენტების შესწავლას, მუსიკას, ასევე, სხვადასხვა ნიმუშების, საქორწინო აქსესუარების მომზადებას და ა.შ. ხოლო ის, რაც 56-ე ბაგა-ბაღში მოხდა, ცოტა გადაჭარბებული იყო. აღმზრდელმა გაითვალისწინა აღსაზრდელების თხოვნა, თვითონ შეესრულებინათ ნეფე-დედოფლის როლი, თუმცა სააგენტო არ ეთანხმება და აღმზრდელი აუცილებლად მიიღებს სამსახურებრივ საყვედურს", - აღნიშნა ბურძენიძემ.

”ქართული ოცნების” დეპუტატის ნუკრი ქანთარიას აზრით, საბავშვო ბაღში ბავშვების მონაწილეობით ”დაქორწინების” სცენის დადგმაზე სკანდალი არ უნდა ამტყდარიყო.

”ადრე დავდგი სპექტაკლი - რეზო ინანიშვილის ”ალალი”, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო. მთელი სიუჟეტი იმაზეა, რომ კაცმა, რომელიც მთელი სოფლისათვის საყვარელი ადამიანი იყო, თავისი შვილიშვილი და მეგობრის შვილიშვილი თამაშ-თამაშში დააქორწინა. არის ქეიფი, ერთი ამბავი, სადაც შემდეგ ჩაერია საბჭოები, პოლიცია და ეს ამბავი ტრაგიკულად დამთავრდა. დაახლოებით ასეთი თამაში მოეწყო ბაღში, რაც მე არც სერიოზულად მიმაჩნია და არც მისაღებად. მაგრამ, ამაზე სკანდალის ატეხვა, სახალხო დამცველის დონეზე აყვანა, არ იქნება სწორი. უბრალოდ, ჩვენ მასწავლებლებს უნდა ვურჩიოთ, რომ არის რაღაც, რისი თამაშისგან შეიძლება თავი შეიკავონ. ბომბი არ გამსკდარა, ამ ბავშვებმა ითამაშეს - რა მოხდა, სახლში წაიყვანენ ერთმანეთს თუ ჯვარი დაიწერეს?! ეს დადგმა ან დაამახსოვრდებათ ან არა. თუკი ბაღში ყოფილხართ, ყველას ჰყავს შეყვარებული, მაშინ ავკრძალოთ შეყვარებულობა ბაღში. ჩემმა შვილიშვილმა რომელიც 5 წლის არის, დიდი სიამაყით გამოაცხადა, რომ უყვარს გოგონა ბაღში. ეს არის ელემენტარული ადამიანური ამბავი”, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით