"ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილს შელაპარაკება გოგონას გამო მოუვიდა" - 21 წლის ბიჭი მოკლეს და ცხედარი მდინარეში გადააგდეს - კვირის პალიტრა

"ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილს შელაპარაკება გოგონას გამო მოუვიდა" - 21 წლის ბიჭი მოკლეს და ცხედარი მდინარეში გადააგდეს

10 ნოემბერს, რუსთავში, მდინარე მტკვარის ჩამკეტ დამბებთან, მეთევზეებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი რუსთავის მკვიდრი, 21 წლის გიორგი ძაბახიძე აღმოჩნდა, რომელიც, როგორც გაირკვა, ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი მტკვარში გადააგდეს. დაღუპულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი ძაბახიძესთან ბოლო კონტაქტი გვიან ღამემდე ჰქონდათ. ახლობლების თქმით, 21 წლის ბიჭი ჯერ სასტიკად სცემეს, მოკლეს და კვალის დასაფარად მდინარეში გადააგდეს. ვარაუდობენ, რომ ბიჭს შელაპარაკება გოგონას გამო მოუვიდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.

სიუჟეტში, რომელიც „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა, გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, რომ ის გვიან ღამით გოგონასთან ერთად ეზოში ნახა და რომ გიორგიმ მას ფოტოების გადაღება სთხოვა.

ახლობლების თქმით, ცხედარი იმდენად დაზიანებულია, რომ შესაძლოა მკვლელობა რამდენიმე პირმა ჩაიდინა. მომხდართან დაკავშრებით დაღუპულის მეგობრები გუშინ გვიან ღამემდე იკითხებოდნენ.

შსს-მ საქმე ჯერ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა, თუმცა ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას თავიდანვე კატეგორიულად გამორიცხავდნენ. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ საქმე გადაკვალიფიცირდა და მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. გთავაზობთ შსს-ს განცახდებას:

"ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მდინარე მტკვარში მეთევზემ ცხედარი შენიშნა. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადნენ. მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო გამოძიება და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიების მიმდინარეობისას, პოლიციამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობის ფაქტს. კერძოდ, 1987 წელს დაბადებულმა ა.ზ.-მ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ გ.ძ.-ს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მდინარე მტკვარში ჩააგდო და მიიმალა.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი 11 ნოემბერს რუსთავში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)".

იხილეთ ვიდეო