"აქ იმისთვის არ ვარ, რომ შემოგზავნილ ჟურნალისტს ვუსმინო" - სააკაშვილის გეგმები, ანუ როგორ მიჭირხნა მიშამ უკრაინელი ჟურნალისტი - კვირის პალიტრა

"აქ იმისთვის არ ვარ, რომ შემოგზავნილ ჟურნალისტს ვუსმინო" - სააკაშვილის გეგმები, ანუ როგორ მიჭირხნა მიშამ უკრაინელი ჟურნალისტი

მიხეილ სააკაშვილი მზად არის, უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ახალი პარტია შექმნას. ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, მზად არის ახალი პარტია სახელწოდებით „ხვილია “ („ტალღა“) ჩამოაყალიბოს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალ „კორესპონდენტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ხვილია“-ს შექმნა დამოკიდებულია იმაზე, გაიმართება თუ არა ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე ცნობით, თავის დროზე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მას უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტს სთავაზობდა. თუმცა, სააკაშვილმა ამ წინადადებაზე უარი თქვა.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო.

უკრაინულ ოპოზიციაში გადაბარგებული სააკაშვილი აშკარად ჰიპერაქტიურობას აპირებს და გაცილებით უფრო აგრესიულიცაა. მის ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ოდესის ექსგუბერნატორს კითხვთ მიმართა, რომლის დროსაც განაცხადა, რომ სააკაშვილის გუბერნატორობისას, საჯარო ინფორმაცია 3-ჯერ გამოითხოვა, თუმცა მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, რაზეც სააკაშვილმა აგრესიულად უპასუხა.

„მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ შემოგზავნილ ჟურნალისტს ვუსმინო“, - განაცხადა მან.

როგორც საუბრიდან გაირკვა, უკრაინელმა ჟურნალისტმა თავის დროს იმ 11-მილიონის თაობაზე მოიკითხა საჯარო ინფორმაცია, რომელიც ოდესის მხარეში ლტოლვილებისთვის საცხოვრებლის აშენებაში უნდა დახარჯულიყო, შედეგად ჟურნალისტმა სააკაშვილი საჯარო ინფორმაციის დაფარვაში დაადანაშაულა, რაზეც სააკაშვილისგან ასეთი პასუხი მიიღო:

„იცით, რომ, როცა საქართველოში საქმე ლტოლვილებს ეხებოდა, 2008 წლის ომის შემდეგ, ჩემმა ხელისუფლებამ ისტორიაში ყველაზე სწრაფი პროგრამა შეიმუშავა. რამდენიმე ათასი სახლი 2 თვეში ავაშენეთ. უკრაინაში ომი უკვე 3 წელია მიმდინარეობს და მე არ უნდა მეკითხებოდეთ ეს დევნილები რატომ არიან ქუჩაში. მე არ უნდა მეკითხებოდეთ რატომ არავინ ეხმარება მათ; არ უნდა მეკითხებოდეთ, რატომ კიდია ისინი ყველას ფეხზე... ნებისმიერ ქეყანაში დევნილებზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნავს ხელისუფლება და პრეზიდენტი.

მე გპირდებით, რომ ყოველ დევნილს ექნება თავისი სახლი და ეს არ არის მხოლოდ დაპირება, მე ეს გამოცდილება ცხოვრებაში უკვე მაქვს. აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ყოველ დევნილს ჩვენ საკუთარი სახლი მივეცით და როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს საკუთარი სახლი ექნება!“

"ინტერპრესნიუსი"