ეჰ, კომბლე, კომბლე, ეგ შენი კომბალი ისევ შენზე გადატეხონ, მგონი... - კვირის პალიტრა

ეჰ, კომბლე, კომბლე, ეგ შენი კომბალი ისევ შენზე გადატეხონ, მგონი...

"მიხარია, ამდენი დამცველი რომ გამოუჩნდა კომბლესო..."

მოკლედ, ეს ბოლო დღეებია ქართველ საზოგადოებას ორი მთავარი თემა აქვს განსახილველი -  რა ეშველება ამერიკას და მსოფლიოს - ტრამპის, კომბლეს კიდევ განათლების მინისტრის ხელში?!

"კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია", - ალექსანდრე ჯეჯეალავას ამ განცხადებას ისეთი ვნებათაღელვა მოჰყვა, ლამის "ველად გაჭრილ" ლარს რომ არ ღირსებია. როგორც ირკვევა, ჯეჯელავა ამ ამბით მხოლოდ გახარებულია.

ის საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟსაც გამოეხმაურა და ბრძანა:

"ფართო დისკუსია უნდა გაიხსნას და ეს არის მთავარი სასიხარულო. მთავარი საკითხია, რომ ჩვენ ფაქტად არაფერი უნდა მივიღოთ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის უკეთესი ჩვენი შვილებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ამდენ ხალხს ადარდებს ეს საკითხი. ისიც ძალიან მიხარია, რომ ამდენი დამცველი გამოუჩნდა კომბლეს. აუცილებლად ვისაუბრებთ ამ და ყველა საკითხზე, რაც ჩვენი შვილების განათლებას ეხება. მთელმა საზოგადოებამ თავისი აზრი უნდა გამოთქვას. ჩვენ გადასასვლელები ვართ სრულიად ახალ დონეზე - ჩვენი ერი, ცნობიერება და ზღაპრებზეც, სახელმძღვანელოებზეც, სწავლის მეთოდებზეც და ყველაფერზე გვექნება საუბარი".

მოკლედ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა კვლავაც მიიჩნევს, რომ ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია! ბატონო ალექსანდრე, თქვენი აზრით, სხვა არაფერია ამ ქვეყანაში შესაცვლელი?!

ეჰ, კომბლე, კომბლე, ეგ შენი კომბალი ისევ შენზე გადატეხონ, მგონი...

ანა გიორგაძე