"იქნებ, ძალით ჩაიყვანეს ავტობუსიდან და ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა ან მომიკლეს და სადმე გადააგდეს..." - კვირის პალიტრა

"იქნებ, ძალით ჩაიყვანეს ავტობუსიდან და ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა ან მომიკლეს და სადმე გადააგდეს..."

თურქეთში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული მოქალაქის ოჯახის წევრები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ასპინძის რაიონის, სოფელ ტოლოშის მკვიდრი, 40 წლის გემელი ნებაძე, თურქეთში, სამუშაოდ სამი თვის წინ წავიდა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სახლში დაბრუნება განიზრახა თუმცა, მას მერე მის კვალს ოჯახი ამაოდ ეძებს...

თეა ხარაიშვილი, დაკარგულის მეუღლე:

- ჩემი მეუღლე თურქეთში სამუშაოდ 5 აგვისტოს, ჩემს ძმასთან ერთად, წავიდა. ვიცოდი, რომ ხე-ტყეზე უნდა ემუშავათ, სავარაუდოდ, სახერხში... სტამბოლთან ახლოს, ქალაქ დურჯეში ჩავიდნენ. როგორც ჩემმა ძმამ გვითხრა, საზღვარი როგორც კი გადაულახავთ, ცუდად გამხდარა, - ქალაქში რომ ჩავედით, კიდევ უფრო ცდუდად შეიქნა, გონება დაკარგაო... მაშინვე საავადმყოფოში წაუყვანიათ, ექიმს რაღაც ნემსი გაუკეთებია და უთქვამს, ასე ხშირად ემართებათ უცხო ქვეყნიდან ჩამოსულებს, შესაძლოა, აკლიმატიზაციის გამო დაემართაო...

ჩემმა ძმამ თურქული არ იცის და ვერ ჩასძიებია, რომ ექიმისგან დეტალური ინფორმაცია მიეღო...

იმ თურქს, ვისთანაც მათ უნდა ემუშავათ, უთქვამს, ჩემთან ვერ იმუშავებსო, მეორე დღესვე უყიდია ბილეთი ჩემი ქმრისთვის სტამბოლამდე და ავტობუსით გამოუშვია. ჩემი ძმისთვის არ უყიდია ბილეთი, ამიტომ მარტო წამოსულა ჩემი ქმარი.

სტამბოლში, საქართველოსკენ მომავალ ავტობუსში უნდა გადამჯდარიყო. სამი დღის შემდეგ, დამირეკა ჩემმა ძმამ, - გემელი ჩამოვიდაო? - არა-მეთქი. უნდა ჩამოსულიყო, იქ ცუდად გახდა და თურქმა უკან გამოუშვაო. შემდეგ, იმ თურქსაც დავურეკეთ, გვითხრა, - ავტობუსში ჩავსვი და შემდეგ სად წავიდა, რა ვიციო.

- თქვენს მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა?

- არა, არასდროს არაფერს შეუწუხებია, როგორც იტყვიან, თავი არ ასტკივებია... შემდეგ, აქ, ჩვენს მეზობლად ვიპოვეთ ბიჭები, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ და ენა, ასეა თუ ისე, იციან და ამათ დავარეკინეთ იმ თურქთან, ვისაც უნდა დაესაქმებინა. არ მოვეშვით და ვთხოვეთ, იმ ავტობუსის მძღოლი ეპოვნა, ვისაც ჩემი მეუღლე სტამბოლამდე გამოჰყვა. იმ კაცმა თქვა, - გზაში, ქართველი ბიჭები გაიცნო და მათ ესაუბრებოდაო. სტამბოლამდე ერთი გაჩერებით ადრე ჩავიდა, - ასე თქვა, საქართველოში აღარ მოვდივარ, სამუშაო ვიშოვე და აქ უნდა დავრჩეო. არავინ იცის, ტყუილია თუ მართალი. მას შემდეგ, არ შეგვხმიანებია, არც დაურეკავს. ცოცხალია თუ მკვდარი, არაფერი ვიცით... ის თურქი, იმ ავტობუსის მძღოლის ნომერსაც არ გვაძლევს, რომ უფრო კონკრეტულად ვკითხოთ, რა მოხდა და როგორ.

- ვის მიმართეთ ამ საქმესთან დაკავშირებით?

- მას შემდეგ ვეძებთ, რაც გავიგეთ, რომ საქართველოში წამოვიდა და სახლში აღარ ჩამოსულა, - ვის აღარ მივმართეთ, თურქეთის საკონსულოს საქართველოში, საელჩოს... ყოველთვის სტანდარტულად გვპასუხობენ, - ვიდრე სამართალდამცავი ორგანოებისგან არ მივიღებთ ინფორმაციას, ვერაფერს გეტყვითო. მაინც იმედი მაქვს, პერიოდულად ვურეკავთ ამ უწყებებს... თუ ცუდად იყო კაცი და დურჯეში ვერ იმუშავებდა, სხვაგან რანაირად შეძლებდა მუშაობას? რას აღარ ვფიქრობ, იქნებ, ძალით ჩაიყვანეს ავტობუსიდან და ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა და სადმე ამუშავებენ ან მომიკლეს და სადმე გადააგდეს... ასეთ დროს, კარგს არ ფიქრობს ადამიანი. იმასაც ვფიქრობ, ვის რაში უნდა დასჭირვებოდა ამის მოკვლა, - ფული ამას არ ჰქონდა და არაფერი, იმ თურქმა კაცმა უყიდა ბილეთი და ისე წამოვიდა.

- პირველად წავიდა თურქეთში?

- დიახ, ნეტავ საერთოდ არ გაედგა ფეხი სახლიდან... გემელიზე რომ ვერაფერი გავიგეთ, ჩემი ძმაც წამოვიდა, - იქნებ, თურქული ენის მცოდნე ბიჭები ვიპოვო და თურქეთში გადასვლა ვთხოვო, შეიძლება, ამბის გაგება შეძლონო, მაგრამ ფული ვერ ვიშოვეთ და ისევ შენს საქმეზე ამხელა გზაზე ვის უნდა სთხოვო წასვლა, ან ვინ წავა, ყველას თავისი პრობლემა აქვს... რაღა გავაკეთო არ ვიცი, დამიტოვა ეს ორი შვილი, - ერთი კი დაოჯახებულია, გათხოვილი გოგონა მყავს, მაგრამ მამა იმასაც სჭირდება. ბიჭმა კი, წელს დაამთავრა სკოლა და აწი, სჭირდება მამის ხელი. ახლა მე და ჩემი ბიჭი, ერთმანეთს ვპატრონობთ და ვართ ასე ახალი ამბის გაგების მოლოდინში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს მოქალაქის დაკარგვასთან დაკავშირებით მოკვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

"ჩვენი საკონსულო თურქეთში თანამშრომლობს თურქეთის შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან, რომელთაც ოფიციალურად მივმართეთ, რომ დაეწყო მოკვლევა საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც დაკარგულად ითვლება. ცოტა ხნის წინ კვლავ იყო კომუნიკაცია თურქეთის შესაბამის სტრუქტურებთან და როგორც ისინი აცხადებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მოკვლევა და მოკვლევის შედეგების თაობაზე როგორც კი ინფორმაცია ექნებათ, აუცილებლად შეატყობინებენ საკონსულოს და შესაბამისად, ჩვენ - ოჯახს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)