"აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა" - ვისი დაკვეთით გამოჩნდა თურქეთში დანართი "აფხაზია" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა" - ვისი დაკვეთით გამოჩნდა თურქეთში დანართი "აფხაზია"

თურქეთის ქალაქებში დანართი "აფხაზია" გამოვიდა. "აფხაზია" თურქული გაზეთის, "საბაჰის" დამატებაა, რომელიც მაღალტირაჟიანი კერძო გამოცემაა.

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, თურქეთის რამდენიმე რეგიონში თურქულ გაზეთთან ერთად აფხაზეთის შესახებ დანართის დარიგებას ქართული დიასპორის მხრიდან შესაძლოა საპროტესტო აქციები მოჰყვეს. როგორც კოპლატაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ფაქტით შეწუხებულია თურქეთის საგარეო უწყება. მისი თქმით, ცხადია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დაკვეთით მაღალტირაჟიან კერძო გაზეთ ”საბასთან” ერთად რამდენიმე რეგიონში უფასოდ დარიგდა აფხაზეთის შესახებ დანართი.

”დანართი გაცილებით უფრო ფართო ფორმატის იყო თავისი შინაარსიდან გამომდინარე ვიდრე მხოლოდ კულტურულ-საგანმანათლებლო. ანუ პოლიტიკური მომენტებიც იყო ხაზგასმული ამ ნომერში. ცხადია, დაკვეთა იქნებოდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებიდან და ჩართული იყო ის გარკვეული წრეები, რომლებსაც ეთნიკური წარმოშობა აქვთ აფხაზური".

კოპლატაძის თქმითვე, თურქული გაზეთი ”საბაჰ” არის ყოველკვირეული, მაღალტირაჟიანი კერძო გაზეთი. ”საბაჰის” დამატების სახით გამოვიდა აფხაზეთის შესახებ დანართი და დარიგდა იმ რეგიონებში, იმ რაიონებში, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც კომპაქტურად არის დასახლებული ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობა.

"ეს დანართი უფასოდ დარიგდა ”საბაჰთან” ერთად ანუ ვინც ”საბაჰს” იყიდდა, სურვილის შემთხვევაში, უფასოდ გადაეცემოდა აღნიშნული დამატება. ამასთან დაკავშირებით, საელჩოს გვქონდა შესაბამისი რეაგირება ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში. უნდა აღინიშნოს, რომ თავად თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეწუხებულია ამ ფაქტით, რადგან ეს ეწინააღმდეგება ოფიციალური ანკარის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში. ისინი იკვლევენ ამ საკითხს. ანკარასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქართულ დიასპორას. მათ გამოხატეს პროტესტი ამ ფაქტთან მიმართებაში. სწორედ იმ რაიონებში, რომელიც ჩამოვთვალე, ეთნიკურად აფხაზ დიასპორასთან ერთად ცხოვრობენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც. მათ როგორც წერილობითი ფორმით გამოხატეს თავიანთი პოზიცია, ასევე დაგეგმილია საპროტესტო აქციები ამ გაზეთის რედაქციის მიმართ”, - განაცხადა კოპლატაძემ.

ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ აცხადებს, რომ "აფხაზია" თურქეთში არსებული აფხაზური სათვისტომოების ძალისხმევით გამოვიდა და აღნიშნულთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობა ინფორმირებული არ ყოფილა. დიპლომატი ასევე ხაზს უსვამს, რომ ოფიციალური ანკარის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით უცვლელია და თურქული მხარე მუშაობს, რომ პრეცედენტი აღარ განმეორდეს.

ამ ფაქტმა თურქეთში მცხოვრებ ქართველ დიასპორებში დიდი გაღიზიანება გამოიწვია. როგორც "იმედთან" საუბრისას, თურქეთში მცხოვრები ქართველები აცხადებენ, ისინი გაზეთ" საბაჰის" რედაქციასთან აქციებსაც გამართავენ.

ერეკლე დავითაძე, თურქეთში მცხოვრები ქართველი:

"აფხაზეთის სახელით გაზეთი არღვევს სახელმწიფოს ინტერესებს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ეს არის უხეში დარღვევა. მე და აქ მყოფი ბევრი ქართველი ამ სახის ქმედების წინააღმდეგები ვართ. ვაპროტესტებ "საბაჰ" გაზეთის ქმედებას.

"აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა. უგულებელყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა", - ამბობს თურქეთში მცხოვრები ქართველი "იმედთან" საუბარში.

როგორც sputnik-abkhazia-ს თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ინარ გიცბამ განუცხადა, გაზეთი "საბაჰ აფხაზია" 36 000-იანი ტირაჟით გამოიცა და თურქეთის ქალქებში რამდენიმე საათის განმავლობაში გაიყიდა. გამოცემასთან საუბრისას, ინარ გიცბამ იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის პოლიტიკურ და საქმიან წრეებში ეს გაზეთი ხელს შეუწყობს ე.წ. აფხაზეთის მიმართ ინტერესის გაზრდას.

წყარო