ჩემი შვილების სუნი მენატრება - იმედი, ანუ აგვისტოს ომის ექო - კვირის პალიტრა

ჩემი შვილების სუნი მენატრება - იმედი, ანუ აგვისტოს ომის ექო

არ ვიცი, რომელი სახლი მომენატროს, - პირველი, მეორე, მესამე თუ მეოთხე. ხანდახან თვლაც კი მერევა. ამბობენ, ბავშვობის სახლი ყველაზე ტკბილიაო. მართალი ყოფილა! ყველაზე მეტად ის მენატრება, დანარჩენებიც, მაგრამ ის განსაკუთრებით. მთელი ცხოვრება გავრბივარ. ყველა სახლი დავტოვე, სიმარტოვისთვის გავწირე, თან სულ სამშობლოში გავრბოდი, გავრბოდი უკანმოუხედავად. არადა, ისიც ჩემი სამშობლო იყო, არის და იქნება, მაგრამ ვერ ვეხები, ვერ ვრძნობ. სამშობლო. პატრიოტიზმი. თავდადება. სულისკვეთება. ბრძოლა. ბოლოს იმედი.

შენი სახლიდან რას გარბოდი, რისთვის ტოვებდიო? - ერთხელ მითხრეს. სიმწრისგან ჩამეცინა და ვუთხარი, სამშობლოსთვის- მეთქი.

გონებაში კი იმ სცენამ გამიელვა, გამოქცევის დროს უკან, ნაბიჯ-ნაბიჯ ტყვიების წვიმა რომ მომყვებოდა და სადღაც შორს, ჩემი სახლიდან ამოსული ცეცხლის კვამლი რომ ანაცრისფერებდა გარემოს. წარმოვიდგინე და ყელში ბურთი მომაწვა, მაგრამ გადავყლაპე, ვეღარც ვიტირე. ახლაც სახლში ვცხოვრობ, ახალ სახლში. მათ არ ჰგავს, მაგრამ ისიც სახლია. არც მათსავით თბილია და არც ტკბილი. იქ არაფერს ვგრძნობ, მხოლოდ სიცარიელეს, იმედგაცრუებას. მუდამ მგონია, რომ იქ დროებით ვარ, სტუმრად ვარ ჩემს უცნობ ნათესავთან. იმ სახლში არც ძილი მიყვარს, არც ის ახალი საწოლი. არც ის ჭერი მიყვარს, რომელსაც დილით თვალის გახელისას ვხედავ; არც ის იატაკი, რომელზეც დილით საწოლიდან გადმოსული ფეხს ვდგამ; არც ის კედლები, ყოველდღე ცივად და იდუმალნი რომ მიყურებენ. თვითონაც არ იციან, რა უნდათ. ბოლოს ხელთ ეს შემრჩა. შედეგი ესაა, მხოლოდ მონატრება, მოგონებები, ცრემლი, ტკივილი, უძილობა, იმედგაცრუება და ისევ უსასრულო ლოდინი და მათი მონატრება. ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს.

გავლებულ, დახლართულ ხაზს იქით დარჩენილი შვილების, შვილიშვილების სახეების ხილვის, სუნის შეგრძნების, სიცილის მოსმენის, ჩახუტების სურვილი, უსასრულო სურვილიღა დამრჩა. მათი ბუნებრივი, პირისპირ ნახვის სურვილი ერთხელ მაინც... აი, ეს დამრჩა!

ეს უკვე წლებია, გრძელდება. მათი ხმის ექო ყურმილის სიღრმიდან მომესმის ისე, თითქოს უცხო მესაუბრება. ვირტუალური სამყარო ემოციებს ახშობს, ისე გარდაქმნის მათ, რომ მათი მონატრება უფრო მძაფრდება, დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ტოვებს. მათი ნამტირალევი ხმა მესაუბრება, - ჩვენც გვენატრებიო. ისინი იქ მეპატიჟებიან, მე აქ ვეპატიჟები. მეც ილუზიებში მყოფი, ვპირდები. ისინი კი იჯერებენ ყოველ დაპირებას, ისევ და ისევ. ერთმანეთისკენ გაწვდილი ხელები ჰაერში იყინებიან. მავთულზე გაკაწრული კანიდან ჩამოსული წითელი სითხე ფერს იცვლის. ჩვენმა მონატრებამაც ფერი იცვალა.

ვიძინებ მათი ნახვის იმედით, ნახევარი ღამე ეს იმედი არ მაძინებს და დილით ამ იმედით ვიღვიძებ. ეს მაცოცხლებს, ამით ვსუნთქავ. არ ვიცი, ჩემი შვილიშვილები როგორ გაიზარდნენ. ისინიც დავტოვე, სულ პატარები დავტოვე. ისე გაიზარდნენ, მეშინია, რომ ვეღარ ვიცნობ. ალბათ მათი ხმის ტემბრიც შეიცვალა, მათი სახეებიც, მაგრამ გამოხედვა, სუნი, სიცილი, მათი თვალები იგივე იქნება, ასე მგონია. ჩემი შვილების სუნი მენატრება. იცით, ყველა ადამიანს განსხვავებული, თავისებური და სასიამოვნო სუნი აქვს, მით უმეტეს, შვილებს მშობლებისთვის. შვილების განსხვავებულ სუნს მხოლოდ მშობლები გრძნობენ. ალბათ რომ დავბრმავდეთ, სუნით მაინც განვასხვავებთ ერთმანეთისგან.

ვიბრძოდი სამშობლოსთვის, ყველასა და ყველაფერს ვტოვებდი მისთვის, მის გვერდით ვიდექი ჩემი შვილებისა და მისი უკეთესი მომავლისთვის, მაგრამ უკეთესის მოლოდინში ყველა და ყველაფერი ისე გამიფრინდა, უკან რომ მივიხედო, შეიძლება გული გამიჩერდეს. ღირდა ამდენ მსხვერპლად?! ახლა ვინ იბრძოლებს ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის?! მგონი არავინ!

ახლა იმედიც აღარ მაქვს. აქამდე ყოველი გამოქცევის დროს იმედი მქონდა უკან დაბრუნების და უკეთესი მომავლის, მაგრამ ერთს მივხვდი, არც ერთი გამოქცეული უკან არ ბრუნდება, ხშირად ვეღარ ბრუნდება, რადგან იქ აღარავინ და აღარაფერი ხვდება ისე, როგორც დატოვა... მხოლოდ ისევ ტკივილი და მოგონებები. რაც იყო, ის აღარ განმეორდება; როგორიც ვიყავით, ისეთი აღარ ვიქნებით! ცხოვრება ისე ცვლის ყველაფერს, რომ მერე ჩვენც ვიცვლებით ამ ყველაფერთან ერთად. ხან ისე გვცვლია, ვერც კი ვხვდებით. წარსულით ნუ ცხოვრობო. ახლა მე გკითხავთ, - რითი ვიცხოვრო? მომავლით, რომელსაც ვერ ვხედავ თუ აწყმოთი, რომელიც აუტანელი, არაფრის მთქმელი და უიმედოა?! როგორ?!

ჩემი შვილების სუნი მენატრება. არ ვიცი, როდემდე შევძლებ წარმოსახვით ცხოვრებას. არ ვიცი, როდემდე მეყოფა მხოლოდ სურათებიდან მათი მომზირალი, სიცილიანი სახეების ყურება. არ ვიცი, ეს ლურჯი ცა როდემდე გაუძლებს ჩვენს ყურებას! იქიდან ხომ ყველაფერი ნათლად და ხელისგულზე ჩანს. არ ვიცი, მზე როდემდე გაიმეტებს სხივებს. არ ვიცი, ეს ჰაერი როდემდე გვეყოფა. იცით, ისიც არ ვიცი, ჩემი შვილების ნახვას კიდევ თუ შევძლებ. ამ კითხვით ვიძინებ, მერე ვიღვიძებ, რომ ისევ ამ კითხვით დავიძინო და კვლავ ვიღვიძებ, რომ მასზე პასუხი მივიღო. ლოდინით რომ დავიღლები, მერე რა მოხდება?! არ ვიცი! დღეს ჩემი ცხოვრება მექანიკურია, მონოტონური, ყველაფერი თავისთავად ხდება. მაინც ვიბრძვი, ჩუმად, საკუთარ თავს ვებრძვი, რომ ერთი ომი ისევ მოვიგო, მაგრამ სინამდვილეში არც ერთი ომი არ მოგვიგია, მით უმეტეს, ადამიანური ომი!..

კვლავ მენატრებიან ჩემი შვილები. გითხარით უკვე, რომ შვილებს განსაკუთრებული სუნი აქვთ-მეთქი, მგონი, მათი სიცილის ხმაც მესმის, მაგრამ ესეც წარმოსახვაა, იმედი და მათი მონატრება. ხშირად ჩემი მშობლებიც მენატრებიან, ისე თითქოს ორი, სამი წლის ბავშვი ვიყო. ხშირად იმ ბავშვობაშიც მინდა დაბრუნება, სადაც ცხოვრება მარტივი, ფერადი და ნათელი იყო. მაგრამ ის სახლიც დავტოვე. მგონი აღარც ის მელოდება.

ისევ გაწვიმდა. ხვალ ალბათ გამოიდარებს. მალე შემოდგომაც დადგება, მერე ზამთარი. გაზაფხულდება კიდეც, ყველაფერი აყვავდება, გამწვანდება. ყვავილებიც გაფერადდებიან. ჩვენც გავიზრდებით, ისინიც. ამასობაში ზაფხულიც დადგება, ის თვეც, ის დღეც, მაგრამ იმავეს ვიგრძნობთ, არაფერი შეიცვლება, არც ჩვენი ისტორიები შეიცვლება. არც მონატრება გაივლის, არც ტკივილი, არც მოგონებები, არც ცრემლები. ცისკენ იმედით მომზირალ, ცრემლიან თვალებში კი ისევ იმედი აირეკლება, იმედი მათი ნახვისა და უკან დაბრუნების.

თამარ შოშიტაშვილი