"ეს კაცი მავნებელია" - ჯეჯელავა "კომბლეს" მერე ომს მეხსიერებას უცხადებს და "Google" - ის იმედად ყოფნას გვირჩევს - კვირის პალიტრა

"ეს კაცი მავნებელია" - ჯეჯელავა "კომბლეს" მერე ომს მეხსიერებას უცხადებს და "Google" - ის იმედად ყოფნას გვირჩევს

კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებებს ეხმაურება, სადაც ის დაზეპირებისა და საზეპიროების მეთოდს აპროტესტებს:

"მოკლედ წინაზე მცირედით გამოვეხმაურე ამ უმეცარი კაცის ინიციატივებს და აღარ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ ამ ვიდეოს შემდეგ ვერ გავჩერდი. მართალია ეს არ შეწყვეტს იდიოტობების გაჟღერებას სანამ პოსტზეა, მაგრამ მერე თუ საერთოდ აღარავინ შევიმჩნევთ უკეთესი იქნება, ამის ბლუყუნს ლეგიტიმაცია არ უნდა მიეცეს.

ეს კაცი არის მავნებელი. სულ რომ თავი დავანებოთ მის მეტყველების აპარატს, ანდა რატომ უნდა დავანებოთ?! განათლების მინისტრი სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრაზე საუბრობს ისე, თითქოს უბანში ძმაკაცს ელაპარაკება: "კაიფი ეგაა", "ტიპებს ასწავლეს" "ზაკაზი", "ნიჩივო სიბე". ადამიანს ფორმალობიდან ამოვარდნა იმდენად უნდა, რომ ყველაზე ვულგარული ხერხებით ცდილობს განსხვავებულობის დაფიქსირებას. ორ წუთიან საუბარში მოსწავლეების წინაშე, თან როცა ტელევიზია უღებს, კაცი ბარბარიზმებს და ჟარგონს ურახუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ შინაურულად შეხედონ მოსწავლეებმა და ლიბერალურმა ნაწილმა თქვან მაგარი პროგრესული მინისტრიაო. არადა რა ნოვატორობაზე და პროგრესზეა საუბარი, ესაა ადამიანის დეკადანსი. გასაგებია მდარე შინაარსი სტილის დახმარებით გამართო, მაგრამ სტილი ხო ცალკე დაცემაა და რასაც იდეურად აჟღერებს ამის გამო საერთოდ ცხიმიანის ჭამა უნდა აუკრძალონ.

ესე იგი განათლების მინისტრი ამბობს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომ მეხსიერებას არ დაეყრდნონ. მათემატიკაში ფორმულების ცოდნა საჭირო არააო, ლექსის დაზეპირება ვის უნდა, დაგუგლავ და ნახავო. როცა ნიცშე ამბობდა აკადემიურ წრეებში ისტორიას როგორც ძველ ქრონიკებს, როგორც წარსულ მედიუმს ისე ასწავლიან, იმის გასაგებად თუ რა როგორ იყო უწინო, ამის წინააღმდეგ გამოდიოდა მრისხანებით იმიტომ, რომ წარსული მხოლოდ წარსულის ცოდნის გამო არ უნდა ისწავლებოდეს. წარსული უნდა იქნეს გამოკვლეული კონცეპტების, იმ იდეების აღმოსაჩენად, რომლებიც აწმყოში დაგვეხმარებიან უკეთესი ცხოვრების წარმოებაში. ის, რომ აკადემიურმა სივრცემ სწორად სწავლების აღქმა და სტრუქტურა ჩაკლა, ცალსახაა. სწორედ ამით შთაგონებული ფუკო გადაიქცა ისტორიკოს ფილოსოფოსად, რომელმაც დღევანდელობის პრობლემების ძიება წარსულში დაიწყო და აქედან აღმოცენდა მისი მონუმენტური ნაშრომები. იმიტომ, რომ გადაიქცა ისტორიის არქეოლოგად, ფუკომ შექმნა სწავლებები, რომელიც აღმოცენებულია წარსულ პრაქტიკებზე და გადათარგმნილია მომავლის გაუმჯობესების პრიზმაში. დღეს კი განათლების მინისტრი გამოდის და პროგრესულობის ქვეშ მალავს სპონტანურობის და წარმოსახვის უნარის წართმევის დისციპლინის დანერგვას.

რას ქვია საჭირო არაა დასწავლა, რადგან გუგლი არსებობს?! როგორ უნდა მოხდეს ასეთ წესრიგში ცოცხალი დისკუსიის წარმოება? როგორ უნდა შეიქმნას ახალი ისტორია თუ დავიწყებული იქნება ძველი? თუ მაგალითად დავივიწყეთ ციხეში პატიმრების წამების ტრაგიკული გამოცდილება, როგორ უნდა აღმოვფხვრათ ის მომავალში? თუ რომანტიკული პასაჟის წარმოთქმა გინდა კონკრეტულ დროს და ადგილას, ვაიფაის და სმარტფონის იმედზე უნდა იყო? ბარემ აქვე უარი ვთქვათ ხელით წერაზე, რადგან კლავიატურა არსებობს. რამდენიმე წლის წინ უმბერტო ეკომ თავის შვილიშვილს წერილი მიწერა, სადაც მეხსიერების როლზე ესაუბრებოდა და მოუწოდებდა მას და მის თაობას, რომ დამახსოვრების პრაქტიკა ყველაფერზე წინ დაეყენებინათ, რადგან როდესაც დაბერდებოდნენ, ისე იგრძნობდნენ თავს, თითქოს ათასობით სიცოცხლე ეცხოვროთ, რომ ვატერლოოს ბრძოლებში მიეღოთ მონაწილეობა, რომ იულიუს კეისარის მკვლელობას შესწრებოდნენ.

მახსოვრობა უმთავრესია. მეხსიერება ისაა, რისგანაც ადამიანი შედგება. რისი ცოდნაც არ გაქვს, ის შენთვის არც მომხდარა. იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ სიცოცხლეში, საჭიროა ცოდნა და რასაკვირველია, მათ შორის დასაზეპირებელი ცოდნა, იქნება ეს ლექსი თუ მითუმეტეს მათემატიკა, რომელიც სამყაროს შემეცნების ენაა. ამიტომ ეს კაცი მალე უნდა მოაშორონ განათლების სფეროს და გააგრძელებინონ ისევ მენეჯერული ტრენინგები, რომლის მოსმენითაც სურვილისამებრ დაიტანჯავ თავს. აი ჰარი პოტერის მეორე წიგნში რომ გილდეროი ლოკჰარტია, არაფრის აზრზე რომ არაა, უბრალოდ ექსცენტრიულად იქცევა და ფორმალური სწავლების მეთოდებს უარყოფს, იმიტომ რომ რაც არ იცის, იმას ვერც ასწავლის, ეგაა ჯეჯელავა. იმ განსხვავებით, რომ ამას ქარიზმაც არ აქვს. მოკლედ საშიში კაცია, რომელსაც განმანათლებლობასთან არანაირი კვეთა არ აქვს".

წყარო