"ერთი საათის განმავლობაში ჯგუფურად სცემდნენ, შემდეგ კი თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს... დახრჩობით ემუქრებოდნენ" - კვირის პალიტრა

"ერთი საათის განმავლობაში ჯგუფურად სცემდნენ, შემდეგ კი თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს... დახრჩობით ემუქრებოდნენ"

2016 წლის 2 მარტს მოქალაქე მამუკა გაბახაძემ, გოგა არაბულმა, გივი არაბულმა და ლაშა ალუდაურმა თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, გოგა არაბულის ავტომანქანაში, ვითომდა სალაპარაკოდ, ჩაისვეს გივი არაბულის მეგობარი გოდერძი არაბული და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სცემეს, შემდეგ კი ავტომანქანით იძულებით გადაიყვანეს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარე გივი არაბულის საცხოვრებელ სახლში.

პროკურატურის ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული პირები გოდერძი არაბულისგან გივი არაბულის კუთვნილი სამუშაო ხელსაწყოების ქურდობის აღიარებას მოითხოვდნენ და სავარაუდოდ, ჩადენილი ქმედებისთვის დასჯის მიზნით დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჯგუფურად სცემდნენ, შემდეგ კი თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს, ყელზე ძლიერად მოუჭირეს პირსახოცი და დახრჩობით ემუქრებოდნენ. მას შემდეგ, რაც გოდერძი არაბული კატეგორიულად უარყოფდა მის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს და სთხოვდა მათ შეეწყვიტათ მისი წამება, გოგა არაბულმა აღიარების მიღების მიზნით, გოდერძი არაბულს დანით სახის მარცხენა ნაწილი დაუსერა, ხოლო გივი არაბულმა მარცხენა ყური მოაჭრა.

სამართალდამცველებმა გოგა არაბული 2016 წლის 23 მარტს ქ. ბორჯომში, გივი არაბული 2016 წლის 11 მარტს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ლაშა ალუდაური 2016 წლის 21 ივლისს ქ. თბილისში, ხოლო მამუკა გაბახაძე 2016 წლის 21 ივლისს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ და მე-7 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად არაერთგზის, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია) და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (წამება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ნასამართლევი გოგა არაბული, გივი არაბული, ლაშა ალუდაური და მამუკა გაბახაძე დამნაშავედ სცნო ჯგუფურ წამებასა და არაერთგზის ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში.

სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად გოგა არაბულს და გივი არაბულს 11 წლით, ხოლო ლაშა ალუდაურს და მამუკა გაბახაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"ინტერპრესნიუსი"