"ბოლო სამ წელში, ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა 61 და დაშავდა 2000-ზე მეტი ბავშვი" - კვირის პალიტრა

"ბოლო სამ წელში, ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა 61 და დაშავდა 2000-ზე მეტი ბავშვი"

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის განცხადებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა და ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 61 ბავშვი გარდაიცვალა.

"ბოლო წლების განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა კატასტროფულად და ის აღემატება ევროპულ მაჩვენებელს 5-ჯერ, 6-ჯერაც კი. ყოველწლიურად საქართველოში 600-ზე მეტი ადამიანი იღუპება, რაც გაცილებით მეტია ვიდრე ყველა სტიქიის დროს მომხდარი გარდაცვალებების რაოდენობა, მაგალითად 1990 წლიდან. სამწუხაროდ, ჩვენს გზებზე არის სრული უკონტროლობა და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩვეულებრივი ომი, რაც საქართველოს გზებზე ხდება. 600-ზე მეტი გარდაცვლილი, 10 000-მდე ტრავმირებული ადამიანი", - განაცხადა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, გაზრდილია ჩვილ ბავშვთა გარდაცვალებისა და ტრავმატიზმის სტატისტიკური მონაცემი.

"ბოლო სამი წლის განმავლობაში დაშავდა 2000-ზე მეტი ბავშვი, სამწუხაროდ, იყო გარდაცვალების 61 შემთხვევა და ეს აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ოთხჯერ, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება, როგორც მიმართულება საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. ბავშვის გადაყვანა ხდება მოძრაობის წესების დარღვევით, მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევით და ხშირ შემთხვევაში არ არის გამოყენებული არც სავარძელი, არც რაიმე სხვა უსაფრთხოების დამჭერი მოწყობილობა. გზებზე ბავშვთა გადაყვანა ხდება არაორგანიზებულად", - განაცხადა მესხიშვილმა.

მისი თქმით, თბილისის მერიის დაკვეთით ორგანიზაცია იწყებს საგზაო პროექტს "ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება", რომლის ფარგლებშიც შეისწავლიან რეალურ მიზეზებს, თუ რა სახით არის ეს პრობლემები დედაქალაქის შემთხვევაში წარმოდგენილი.

"დედაქალაქი როგორც წესი გამორჩეულია ასეთ შემთხვევებში, რადგან სტატისტიკურად ნახევარი ამ ავტოსაგზაო შემთხვევების მოდის დედაქალაქზე. შევისწავლით სკოლების, ბაღების მიმდებარე ტერიტორიებს, დავადგენთ რეალურ მიზეზებს და ხელისუფლებას წარვუდგენთ კონკრეტულ რეკომენდაციებს თუ რა არის გამოსასწორებელი, როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით, ასევე სოციალური აქტივობის თვალსაზრისით. ჩვენ უახლოეს პერიოდში, ორი თვის განმავლობაში გვექნება უკვე კონკრეტული შედეგები, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეს მართლაც შემზარავი სტატისტიკური მონაცემი საბოლოოდ შემცირდეს და ელემენტარულად ევროპულ მაჩვენებელზე მაინც იქნას აყვანილი", - განაცხადა მესხიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კვლევის ორი ჯგუფია მძღოლების და მშობლების. გამოიკვლევენ კონკრეტულ მიზეზებს თუ რატომ არღვევენ წესებს და ამის საფუძველზე მისცემენ რეკომენდაციას.

მესხიშვილის განცხადებით, პრობლემებია საკანონმდებლო თვალსაზრისითაც.

" ძალიან ბევრი შეცდომაა, საკანონმდებლო თვალსაზრისით, კანონი მოძველებულია, ამიტომ საკანონმდებლო მიმართულებით გვექნება რეკომენდაციები. თემის აქტუალიზაციას მოვახდენთ სხვადასხვა აქციების სახით და გვინდა საგანმანათლებლო ბუკლეტები შევიმუშაოთ, რომლებსაც სკოლებში გავანაწილებთ", - განაცხადა მესხიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"