6 წელი ჩამოხრჩობის მოლოდინში - რას ჰყვება მალაიზიური ციხის ტყვე, რომელიც სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა (ექსკლუზივი)
"მაშინ არც ის ვიცოდი, მალაიზიაში ამ დანაშაულისთვის სიკვდილით თუ სჯიდნენ"
2010 წლის 28 ოქტომბერს მალაიზიელმა სამართალდამცავებმა პენინის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე, 37 წლის დარეჯან კოხტაშვილი დააკავეს - სურათების ჩარჩოებში 5 კგ მეტამფეტამინის შემცველი აბები აღმოუჩინეს. პარალელურად, ოპერაცია მიმდინარეობდა მალაიზიის კიდევ ერთ ქალაქ კოტაკინაბალუში - 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერში 26 წლის ბაბუცა გორდაძეს ასევე სურათის ჩარჩოებში 5.5 კგ მეტამფეტამინის შემცველი აბები აღმოუჩინეს.
მალაიზიური სასამართლო ქალბატონების უდანაშაულობაში მხოლოდ მას შემდეგ დარწმუნდა, რაც სურათებზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ კოხტაშვილის და გორდაძის თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინა, 2012 წლის მარტში ბაბუცა გორდაძეს 8, ხოლო დარეჯან კოხტაშვილს - 9 წელი მიუსაჯეს.
წლები გავიდა, თუმცა საზოგადოების ინტერესი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ცნობილი ტუსაღების მიმართ, არ განელებულა. 2016 წლის თებერვალში სამშობლოში ბაბუცა გორდაძე დაბრუნდა, მაგრამ მედიასთან საუბარს თავი აარიდა; 2016 წლის ოქტომბერში დარეჯან კოხტაშვილიც ჩამოვიდა და თავისი ისტორიის უცნობი დეტალები "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად მოუყვა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
….
ტაქსის ჯიხურისკენ გავემართე (იქ ყიდულობ ბილეთს და თან მისამართს ეუბნები). ბილეთი ავიღე და აეროპორტიდან უნდა გავსულიყავი, რომ დამაკავეს. უცებ მომახალეს, - ნარკოტიკი გაქვსო. დავიბენი, რა ნარკოტიკი, საიდან უნდა მქონდეს ნარკოტიკი-მეთქი (ვცდილობდი, როგორმე გამეგებინებინა ჩემი ინგლისურით). ჩამავლეს ხელი, მეც გავყევი. თან თავს ვიმშვიდებდი, ალბათ რაღაც გაუგებრობაა-მეთქი. შემიყვანეს ოთახში. პირველად ჩემი ტანსაცმლის ჩანთა გაჩხრიკეს. ვერაფერი აღმოაჩინეს, მერე ჩემოდანი გახსნეს, იქ მხოლოდ სურათები იყო. ცოტა არ იყოს, დაიბნენ, მერე სურათები დაამტვრიეს და გამოჩნდა ნარკოტიკი. ძნელია სიტყვით გადმოვცე, რა დამემართა. თავი სიზმარში მეგონა. სიცოცხლეში არ მინახავს ნარკოტიკი და უცებ ჩემს ჩემოდანში 5 კილო აღმოჩნდა.
...
მაშინ არც ის ვიცოდი, მალაიზიაში ამ დანაშაულისთვის სიკვდილით თუ სჯიდნენ, საერთოდ არაფერი ვიცოდი ამ ქვეყანაზე. როცა გაიგეს, რუსულად შემეძლო საუბარი, თარჯიმანი მოიყვანეს და მივეცი ჩვენება, გიორგის გვარიც ვუთხარი. მერე მოვიდა ინტერპოლი, მაჩვენეს ბაბუცას სურათი - თუ იცნობო. ჩემი ამხანაგია-მეთქი. ეგეც შენს დღეშია, დააკავესო. მასთან ერთად მინდა ყოფნა-მეთქი. უარი მითხრეს.
...
ვერც წარმოიდგენთ, რა შეგრძნებაა, როცა ასეთ მდგომარეობაში აღმოაჩენ, რომ მარტო არ ხარ, უპატრონოდ და შენს ქვეყანას ახსოვხარ.
...
ცემენტის იატაკზე ღრუბლის მოკლე და ვიწრო ლეიბი იდო. 5 თვე მხოლოდ ბოლთას ვცემდი.
შემდეგ მდგომარეობას შევეჩვიე და ზედამხედველს ვთხოვე, - სამუშაო მომეცით-მეთქი. სამკერვალოში გამიშვეს. პატიმრები რომ ხედავდნენ, არავინ მაკითხავდა, ცდილობდნენ, დამხმარებოდნენ... იქ წელიწადი და 5 თვე ვიჯექი.
...
ციხეში საქართველოზე არაფერი იცოდნენ. სასაცილო კითხვებსაც მისვამდნენ, მაგალითად, არის თუ არა თქვენთან ტელევიზიაო. საკმაოდ სიტყვაძუნწი ვარ, მაგრამ საქართველოზე კითხვებს ყოველთვის ვპასუხობდი და ქვეყნის ისტორიასაც დიდი მონდომებით ვყვებოდი... ერთ დღეს ციხის ზედამხედველმა მითხრა, შეხვედრა გაქვსო. გავედი და დავინახე მანანა კობახიძე, კონსულისგან ვიცოდი, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო. გადამეხვია და მომიკითხა. მისი წასვლის შემდეგ ციხის თანამშრომლებმა მითხრეს, - როგორ უყვარხარ შენს ქვეყანას, ამდენი წლის მერეც რომ გკითხულობენო.