"ტერიტორიაზე ხშირად გარკვეული სექტის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ, რომლებიც „კატებს ატყავებდნენ“ - კვირის პალიტრა

"ტერიტორიაზე ხშირად გარკვეული სექტის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ, რომლებიც „კატებს ატყავებდნენ“

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც ჟურნალისტებს ადგილზე, შარტავას ქუჩის მცხოვრებმა ზაზა უგრეხელიძემ განუცხადა, იგი იცნობს გარდაცვლილის მამას და ოჯახის სხვა წევრებს.

უგრეხელიძის თქმით, გარდაცვლილის მამა ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე ხილს ყიდის.

როგორც მან განაცხადა, მშენებარე კორპუსის დაცვამ გუშინ ტერიტორიაზე მოზარდები შენიშნა და მოუწოდა ტერიტორია დაეტოვებინათ. უგრეხელიძის განმარტებით, ამის შემდეგ მოზარდები ტერიტორიიდან გავიდნენ, თუმცა დილით აღნიშნულ ადგილზე გარდაცვლილის და მოვიდა და სწორედ მან აღმოაჩინა მშენებარე კორპუსის სარდაფში 16 წლის დის ცხედარი.

ამასთან, ადგილზე მომუშავე პირები იმასაც აღნიშნავენ, რომ ტერიტორიაზე ხშირად გარკვეული სექტის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ, რომლებიც „კატებს ატყავებდნენ“.

მათივე ინფორმაციით, ერთი შეხედვით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

"ინტერპრესნიუსი"