"მეხვეწებოდა, მოდი, ანსამბლი გააკეთე და გვამღერეო - მომღერალ მამას არ სთხოვდა და ნათლიას თხოვდა" - "ოთხი გია" და ახალი თაობა - კვირის პალიტრა

"მეხვეწებოდა, მოდი, ანსამბლი გააკეთე და გვამღერეო - მომღერალ მამას არ სთხოვდა და ნათლიას თხოვდა" - "ოთხი გია" და ახალი თაობა

"ნონაკორდის" პირველი სოლო კონცერტი და "სოლ, სი, რე, ფა, ლა"- თი აღფრთოვანებული მაყურებელი

"ნონაკორდის" ცალკეულ სიმღერას მსმენელ-მაყურებელი უკვე იცნობდა, მაგრამ ხელოვნების ცენტრ "მუზაში" მოწყობილი საღამო კვინტეტის პირველი სოლო კონცერტი გახლდათ, რაც, შესაბამისად, მუსიკალურ სამყაროსა და მთლიანად, ქართველ საზოგადოებაში მათ "ნათლობას" უდრიდა. "ნათლობა" კი აშკარად წარმატებული აღმოჩნდა: ოვაციები აშკარად შთამბეჭდავი იყო - მოწონების შეძახილები და მქუხარე ტაში ერთ სიმღერასაც არ დაჰკლებია. ისეთი განცდით დავტოვეთ დარბაზი და ბიჭებისა და მათი ხელმძღვანელის საქებრად თუ მოსასიყვარულებლად ისე დიდხანს შევყოვნდით ფოიეში, რომ ცენტრის ადმინისტრაციას ჩვენს გამოსასტუმრებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ცხადია, ვხუმრობ და ძალა ნამდვილად არავის გამოუყენებია, მაგრამ ემოცია რომ არაფრით ნელდებოდა, ესეც ხომ ფაქტია.

- საკუთარ კონცერტზე არ მინერვიულია ამდენიო, - დაიჩივლასავით არათუ პოპულარული, არამედ - ლამის ლეგენდად ქცეული კვარტეტის, "4 გიას" ერთ-ერთმა წევრმა - მომღერალმა და კვინტეტ "ნონაკორდის" დამაარსებელ-ხელმძღვანელმა გია ნაცვლიშვილმა.

- გია, კონცერტზე კვინტეტის სახელწოდება - "ნონაკორდი" ტკბილხმოვანებით გადმოეცით. მოდი, ახლა სიტყვით აგვიხსენი იგივე, მით უფრო, რომ თავად სიტყვა არცთუ ისე ტკბილად ისმის, როგორც ჟღერს მუსიკალურად...

- "ნონაკორდი" არის ხუთხმიანი აკორდი - სოლ, სი, რე, ფა, ლა. კვინტეტის ხმებში გასაშლელად, ძირითადად, სწორედ ეს ხუთხმიანი აკორდები გამოიყენება და ამიტომაც ეწოდა კვინტეტს "ნონაკორდი". ბიჭებს თითქოს თავიდან არ მოეწონათ ეს სახელწოდება, მაგრამ ახლა მიეჩვივნენ. სიმართლე გითხრათ, შევთავაზე კიდეც, თვითონაც ეფიქრათ, მაგრამ რაღაცას რომ ამბობდნენ, მალევე იწუნებდნენ, ამიტომ საბოლოოდ ამ სახელზე შევჩერდით.

- ბევრი ვერ დაესწრო რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ კვინტეტის პირველ სოლო კონცერტს, მაგრამ ვინც ვისხედით, აშკარად ძალიან ვისიამოვნეთ - შესანიშნავი ბიჭები შეგირჩევია და შეგიხმატკბილებია. გაგვაცანი, ვინ არიან?

- "ოთხი გიას" ერთ-ერთი წევრის, გია ავაგუმაშვილის ვაჟი - ზუკა ჩემი ნათლულია, ძალიან კარგი ხმა აქვს და სიმღერაც ძალიან უყვარს. მეხვეწებოდა, მოდი, ანსამბლი გააკეთე და გვამღერეო - მომღერალ მამას არ სთხოვდა და ნათლიას თხოვდა (იცინის). ამის პარალელურად, ნუცა ჯანელიძემ მთხოვა ერთ ბიჭზე, იქნებ, ამეცადინოო. შემხვდა ეს ბიჭი, მითხრა, ვმღერი და გიტარაზე ვუკრავ კიდეცო და იქვე მშვენივრად მიმღერა, თან დამიკრა. აშკარად ჩემზე უკეთ უკრავდა. გამიკვირდა, მე რაღა გასწავლო-მეთქი? მოკლედ, ბიჭი სახელგანთქმული საოპერო მომღერლის, თემურ გუგუშვილის შვილიშვილი - აკაკი გუგუშვილი აღმოჩნდა, ოღონდ ბაბუამ, ჩემმა ახლობელმა ადამიანმა არც კი იცოდა, მისი შვილიშვილი რომ მე მომიყვანეს სამეცადინოდ. აკაკისაც ანსამბლში სიმღერა უნდოდა და მაშინვე ზუკას დავაკავშირე: მოძებნეთ თქვენნაირი, კარგი ბიჭები და კი, ბატონო, გავაკეთოთ კვარტეტი-მეთქი.

ჩვენს უნივერსიტეტში - UNIGEO-ში ერთი კარგი სმენისა და ხმის მქონე ბიჭი სწავლობდა, სოსო მჭედლიშვილი და ისიც შემოგვიერთდა თავის მეგობარ ლუკასთან ერთად. საბოლოოდ, კვინტეტის გაკეთება გადავწყვიტეთ და ბანის ძებნა დავიწყეთ. ვიპოვეთ კიდეც ილია ნონიკაშვილი, მაგრამ ლუკამ და ილიამ სამსახურები იშოვეს, დაგვტოვეს და პირველი და მეხუთე ხმა კვლავ საძებნელი გაგვიხდა. ზუკასთან ერთად გალობდნენ გიორგი ნარმანია (პირველი ხმა) და ირაკლი მკალავიშვილი (მეხუთე ხმა) და ისინიც მალე შემოგვიერთდნენ. მოკლედ, შეხმატკბილდნენ ჩვენი ბიჭები და როგორი კვინტეტი გამოვიდა, კი მოისმინეთ ხელოვნების ცენტრ "მუზაში". შეძლებისდაგვარად, არც ლუკა და ილია გვივიწყებენ და კონცერტზე ლუკას, მეტსახელად "მაკარტნის" სოლო სიმღერაც მოისმინა მაყურებელმა და - კვინტეტთან ერთად ნამღერიც.

- იმ კონცერტზე ბევრი ცნობილი სიმღერა საკმაოდ ორიგინალურად შესრულდა, ახალი სიმღერებიც გქონდათ რეპერტუარში, ხოლო ერთ ცნობილ სიმღერაზე ისიც აღნიშნე, პირველად სრულდება სცენაზეო. მოდი, "ნონაკორდის" რეპერტუარზეც გვიამბე...

- თავიდანვე მიზნად დავისახეთ, რომ ყველა სიმღერა ორიგინალურად შეგვესრულებინა და მისი წინა შემსრულებლებლების კოპირება არ გამოგვსვლოდა. ასეთივე პრინციპი ჰქონდა "ოთხ გიასაც" - ვმღეროდით ცნობილ სიმღერებს, მაგრამ საკუთარი ინტერპრეტაციით. კვინტეტს საკმაოდ მრავალფეროვანი და მდიდარი რეპერტუარი აქვს და იმ საღამოს ყველა სიმღერა არც გვიმღერია, მაგრამ რაც შესრულდა, ნამდვილად კარგად გამოუვიდათ ბიჭებს. აშკარად ძალიან მოინდომეს. მაგალითად, იმ კონცერტზე შესრულდა ძალიან ძველი სიმღერა - "მარწყვისტუჩა", რომელიც დიდი ხანია, სცენაზე აღარავის უმღერია. მისი 1949 წლის ჩანაწერიც არსებობს. "მარწყვისტუჩას" ნოტებს პირველად ქართული ქალაქური სიმღერების ანთოლოგიაში გადავაწყდი. მეგობრებთან ერთად ვმღეროდი კიდეც, მაგრამ კონცერტზე არსად მომისმენია... ბიჭებმა სრულიად განსხვავებულად იმღერეს ბევრისთვის უსაყვარლესი და ძვირფასი სიმღერა "ყვითელი ფოთლები". მისი არანჟირება ჩემს დას - თინა ნაცვლიშვილს ეკუთვნის. ექსკლუზიურად იმასაც გეტყვი, რომ გია ყანჩელის კიდევ ერთ სიმღერაზე ვმუშაობთ და ამჯერად ბიჭებთან ერთად მეც ვიმღერებ... თინას საავტორო სიმღერაც იმღერეს ბიჭებმა და საკმაოდ კარგი გამოვიდა...

საინტერესოდ შესრულდა და ვიცი, შენც ძალიან მოგეწონა აკაპელა სიმღერის - "ჩემი მხარე". მას ადრე მამია ხატელიშვილის ანსამბლი ასრულებდა, მერე ჩვენც ვმღეროდით უნივერსიტეტში. სიმართლე გითხრათ, მასში ბევრი არაფერი შემიცვლია, მაგრამ ოთხ ხმაში იყო ნამღერი და ამჯერად მეხუთე ხმა დავამატე. ამიტომ, თავისთავად, უკვე სხვანაირად აჟღერდა... სოსო ებრალიძის "გურიაც" სხვაგვარი ინტერპრეტაციით შევასრულეთ... ორიგინალური გამოვიდა "ოთხი გიათი" დაწყებული, ჩვენი დიდი ხნის მეგობრის, ხმის რეჟისორისა და სიმღერების არანჟირების შემსრულებლის - ნუკრი რუხაძის თავის ქალიშვილთან ერთად დუეტიც. მოკლედ, ვფიქრობ, კარგი დასაწყისი იყო და წინ კიდევ უფრო საინტერესო დღეები გველოდება.

- დარბაზში მსხდომნი აშკარად ველოდით კიდევ ერთ ორიგინალურ ნომერს - კვინტეტი "ნონაკორდი" კვარტეტ "ოთხ გიასთან" ერთად, მაგრამ მხოლოდ შენი სოლო სიმღერა შემოგვთავაზე. რატომ გაგვაწბილე?

- მამებისა და შვილების ერთობლივი ნომერი რუსთავში შევასრულეთ, "გიების" კონცერტზე, მაგრამ ამჯერად დროის სიმცირის გამო ვთქვი უარი - კვინტეტთან საგანგებოდ უნდა ჩაგვეტარებინა რეპეტიციები, ამის საშუალება კი, სამწუხაროდ, არ გვქონდა.

ისე კი, ხომ მოგეწონათ ჩემი ბიჭები და ჩვენი ნამუშევარი? - წარმოიდგინეთ რომ ვერაფერს გავაკეთებდით, საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტსა და მის ხელმძღვანელს - ქალბატონ მზია ქათამაძეს რომ არ შევეფარებინეთ, ხელი რომ არ შეეწყო და სამუშაოდ ყველა პირობა არ შეექმნა ჩვენთვის. ამისთვის უზომოდ მადლობელი ვართ მისი. საერთოდაც, კვინტეტის სოსო მჭედლიშვილი ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ზუკა და აკაკი კი დღესაც აქ სწავლობენ. სხვათა შორის, "გიების" გია ბეროშვილის ვაჟი თორნიკეც ჩვენი სტუდენტია და მომდევნო კონცერტზე კვინტეტის შემადგენლობაში - არა, მაგრამ სოლო სიმღერით კი გამოვიყვანთ. ახლახან უნივერსიტეტის პიარის სამსახურის ხელმძღვანელი ირინა ცერცვაძეც უკვე ჩვენი პროდიუსერი გახდა, ასე რომ, "ნონაკორდის" მთელი შემადგენლობა, ფაქტობრივად, UNIGEO-ელები ვართ და ძალიანაც ვამაყობთ ამით.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)