ქალი ქვევრში შიშველი იყო ჩაგდებული... ცხედარს ზემოდან ტანსაცმელი ეყარა - 10 წელი სასტიკი მკვლელობისთვის (?!) - კვირის პალიტრა

ქალი ქვევრში შიშველი იყო ჩაგდებული... ცხედარს ზემოდან ტანსაცმელი ეყარა - 10 წელი სასტიკი მკვლელობისთვის (?!)

თელავის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გელა ხუციშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების წარდგენილი მტკიცებულებები და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გელა ხუციშვილმა თანასოფლელი 75  წლის თინათინ ხოდაშნელიშვილი მოკლა. იგი მოხუცი ქალის სახლში შეიჭრა, რადგან მასთან წარსულში უთანხმოება ჰქონდა და გადაწყვიტა, შურისძიების მოტივით მოეკლა. მოხუც ქალბატონს ამ დროს ეძინა. ბლაგვი საგანი თავში მრავალჯერ დაარტყა, მიაყენა სხეულზე დაზიანებები, შემდეგ მსხვერპლი გაგუდა. არც ამ სისასტიკეს დასჯერდა, გვამი ეზოში მდებარე მარანში არსებულ ქვევრში დამალა. ამის შემდეგ ბრალდებული გელა ხუციშვილი თინათინ ხოდაშნელიშვილის სახლში ისევ დაბრუნდა, მსხვერპლის საწოლს ცეცხლი წაუკიდა, მოიპარა მისი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაკარგულ ქალს ორი დღე ეძებდნენ ახლობლები და მეზობლები. ბოლოს საქმეში პოლიცია ჩართეს და ისინი შემზარავი სურათის თვითმხილველები გახდნენ. ქალის ცხედარი პოლიციამ ქვევრში იპოვა. თინათინი იქ შიშველი იყო ჩაგდებული. მეზობლების თქმით, ცხედარს ზემოდან ტანსაცმელი ეყარა და დამნაშავეს კვალი რომ დაეფარა ქვევრში ჩადგებული ცხედრისთვის მიწაც მიეყარა. გელა ხუციშვილი 10 აგვისტოს სოფელ შაქრიანში დააკავეს. დანაშაულებისთვის სასამართლომ გელა ხუციშვილს 10 წელი მიუსაჯა. მოკლულის ახლობლები ამ მცირე სასჯელით უკმაყოფილოები არიან, მიაჩნიათ, რომ ის უმკაცრესად უნდა დასჯილიყო.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 24 ნოემბრის ნომერში