როგორ აღნიშნეს გიორგობა ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში - კვირის პალიტრა

როგორ აღნიშნეს გიორგობა ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში

23 ნოემბრის გიორგობა - წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე საქართველოს თანამედროვე და ისტორიულ ტერიტორიებზე, ბევრგან აღინიშნა.

წუხელ, გვიან ღამით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, გეოგრაფმა და გეომორფოლოგმა გიორგი დვალაშვილმა ექსკლუზიური ინფორმაცია მოგვაწოდა, თუ როგორ აღინიშნა გიორგობის დღესასწაული ევროპის ყველაზე მაღალ სოფელში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორნის ერთადერთ მუდმივ მცხოვრებს, თუშეთის ექიმს ირაკლი ხვედაგურიძეს გიორგობა თუშეთში შემორჩენილმა მოსახლეობამ მიულოცა. თუშები დილაადრიანად წავიდნენ სოფელ ომალოდან, გაიარეს 11-კილომეტრიანი თოვლიანი გზა და სოფელ ბოჭორნაში, ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ახალ რესტავრირებულ ტაძარში გიორგობა აღნიშნეს.

ამ დროისათვის სოფელ ბოჭორნაში თოვლის საფარის სიმაღლე, თურმე, 20 სანტიმეტრს აღწევს.

ცხადია, ეს მხოლოდ "შესავალია", ნამდვილი თუშური ზამთარი კი აწი დაიწყება, ასე რომ, ბოჭორნის ერთადერთი მოსახლე და "იმედის გმირი" - ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე, ტრადიციულად, ამჯერადაც ზამთარს სოფელში გაატარებს.

ცნობისთვის: საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერით სოფელი ბოჭორნა ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე მუდმივი დასახლებულ პუნქტად მიიჩნიეს ჩვენს ქვეყანაში და, შესაბამისად - ევროპაშიც, რადგან მანამდე ევროპის ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად ისევ და ისევ საქართველოს სოფელი, სვანეთის უშგული მიიჩნეოდა. დღეს სოფელ ბოჭორნას ამ ამბის მაუწყებელი ბანერიც ამშვენებს.

ფოტოები ბოჭორნიდან პაატა ასაბაშვილმა მოგვაწოდა

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)