"მორიგი ღრეობისას დათვრნენ და ადამიანი მოკლეს… მერე ცხედარი დაჭრეს, ტომარაში ჩადეს და სარდაფში გადამალეს" - კვირის პალიტრა

"მორიგი ღრეობისას დათვრნენ და ადამიანი მოკლეს… მერე ცხედარი დაჭრეს, ტომარაში ჩადეს და სარდაფში გადამალეს"

"პოლიციას დროულად რომ ემოქმედა, ეს საზარელი დანაშაული არ მოხდებოდა"

მორიგი საშინელი დანაშაულის თაობაზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. დანაწევრებული ცხედარი თბილისის ცენტრში, ბოლქვაძის ქუჩაზე მდებარე სახლის სარდაფში იპოვეს. მეზობლების თქმით, პოლიციაში მათი არაერთი განცხადება დევს, რომლითაც ამ ქუჩაზე უსახლკარო ადამიანების შეკრებებისა და ზღვარგადასული ღრეობების თაობაზე წერდნენ და სამართალდამცავთა დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა ამაოდ...

მომხდარი ტრაგედიის მიმდებარედ მცხოვრებლები, რომლებიც ვინაობის გამხელას ერიდებიან, დანაშაულის წილს სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობაში ხედავენ და შემზარავი დანაშაულის მიზეზებზე kvirispalitra.ge-ისთან ლაპარაკობენ:

- ეს უბედურება თავიდან რომ აგვერიდებინა, ამისთვის ბევრჯერ ჩავრიეთ პოლიცია და სახელმწიფო; გვინდოდა, რომ სახლისთვის ან ის "ბომჟები" მოეშორებინა, რომელიც იქ ძალადობით შეიჭრნენ; ანდა სახლის ფსიქიკური პრობლემების მქონე პატრონს რამენაირად დახმარებოდა სახელმწიფო, მას მკურნალობა და იზოლირება სჭირდებოდა. დროულად რომ მიეღოთ ზომები, ეს ბიჭი ადამიანის დაჭრა-დაკუწვის უნებლიე მიზეზი არ გახდებოდა. საუბედუროდ, პოლიციამ არ მოგვაქცია ყურადღება.

სარდაფი, სადაც ცხედარი იპოვეს იმ სახლსა და მის პატრონს, სადაც დანაშაული მოხდა, ტრაგიკული ისტორია აქვთ. აქ ცხოვრობდა კარგი ოჯახი, რომელთაგან, ცოლს, სამწუხაროდ, მცირე ფსიქიკური გადახრები ეტყობოდა. თუმცა კი, ეს გადახრები არ იყო ისეთი სიძლიერის, რომ ამ ადამიანებს სრულფასოვნად ვერ ეცხოვრათ. მით უფრო რომ ქმარი, ძლიერი და ჯანსაღი კაცი იყო. ორი შესანიშნავი შვილი ჰყავდათ, - ქალიშვილი და ვაჟი, ორივე ჯანმრთელი ბავშვი იყო, ამასთანავე, - ნიჭიერიც. გოგონამ კონსერვატორიაში მიიღო განათლება, ვაჟმა, - პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში; საუბედუროდ, სტუდენტობის შემდეგ გენეტიკური ფსიქიკური დაავადება ორივეს ნელ-ნელა გამოუმჟღავნდა. გოგონას იმდენად ძლიერად, რომ დაავადება მისი ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი გახდა; ვაჟს თითქოს არც ეტყობოდა, მაგრამ როცა მშობლები გარდაეცვალნენ და მარტო დარჩა, დაავადებამ იმძლავრა და ბიჭი ჩვენ თვალწინ ჩაიკეტა, მოგვიანებით კი სულ აიღო ცხოვრებაზე ხელი, ალკოჰოლს მიეძალა… უპატრონოდ არ იყო, - მეურვეობა ბიძაშვილმა აიღო თავზე, რომელმაც შინ წაყვანაც მოუნდომა, - დამშვიდებული ვიქნებიო, მაგრამ დათო არ წაჰყვა, - ჩემს სახლში მინდაო. სახლი კი ამასობაში "ბომჟების" თავშესაფრად იქცა. სხვათა შორის, ამ საწყალს თავისით არავინ მოუწვევია, მაგრამ უსახლკაროებმა ჭერი რომ დაიგულეს თბილისის ცენტრში, ლამის მეპატრონეს არ უშვებდნენ შინ, ბოლოს ისე ხდებოდა, საცოდავ სახლის პატრონს სიცხესა და სიცივეში გარეთ აგდებდნენ, - სახლი ჩვენიაო. ამ უბედურს ბოლო ხანს გარეთ უწევდა ღამის თევა. დანაშაულიც ალბათ იმ დროს მოხდა, როცა დათო შინიდან ჰყავდათ გამოგდებული, რადგან აზრზეც არ არის რა მოხდა. ანდა, შესაძლოა, სახლშიც იყო მთვრალი; თუმცა, ფხიზელიც რომ ყოფილიყო, არაადეკვატურია და ვერც მიხვდებოდა, რა მოხდა. გარდაცვლილი ვინ არის, არ ვიცით...

ბინაში, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი ჩამოლეწილ ფანჯრებსა და სასტიკ უსუფთაო გარემოში სახლის ნამდვილი პატრონი დაგვხვდა, რომელიც ნამდვილად არ იყო აზრზე, მის თავს რა ხდებოდა და მხოლოდ იმას იმაეორებდა, - მე დანაშავე არ ვარ, პოლიციას ვეხმარებიო! - მის მეურვეს რატომ არ შეატყობინეთ ეს ამბები?

- რა თქმა უნდა, შევატყობინეთ და ყველაფერიც იცოდა, მაგრამ ის რას გახდებოდა?! როცა "ბომჟების" გასაყრელად მოვიდა, ამ უბედურმა უთხრა, ჩემს სტუმრებს თავი დაანებე, ესენი ჩემი მეგობრები არიანო. ბიძაშვილმაც ხელი ჩაიქნია; პოლიციამ კი გამოგვიცხადა - ეს ხალხი ამ სახლში ცხოვრობს, მათ უფლებებს ვერ დავარღვევთ, სახლიდან ვერ გამოვყრითო. ესე იგი, ჩვენი უფლებები უნდა დარღვეულიყო, მათი ღრეობის და უსაქციელობის მაყურებლები ვყოფილიყავით, ბოლოს კი საზარელი მკვლელობაც გვენახა, ყურადღება რომ მოექციათ. მოკლედ, ჩვენ არავინ გვყავდა დამცველი. როგორც ჩანს, მორიგი ღრეობისას დათვრნენ და ადამიანი მოკლეს… მერე ცხედარი დაჭრეს, ტომარაში ჩადეს და სარდაფში გადამალეს. ამასობაში კი ისეთი სუნი დადგა ქუჩაში, რომ მეზობლები შევწუხდით. ზოგი ამბობდა, ალბათ სადმე ძაღლი მოკვდა და მისი სუნიაო, მაგრამ მერე დაეჭვდნენ, - ერთ-ერთმა მეზობელმა კიდევ ერთი გაიყოლა, სუნის კვალს მიჰყვა და სარდაფში პარკდაფარებული ტომარა ნახა, რომელიც ყარდა. მერე კი პოლიცია გამოიძახა. როგორც გავიგეთ, გარდაცვლილი ორი თვის დაკარგული ყოფილა ოჯახიდან, მაგრამ ალბათ ოჯახი შეჩვეული იყო მის დაკარგვას და არც მოუკითხავთ. მაგრამ ალბათ ჩვენს უბანს "ბომჟები" ისევ მოაკითხავენ, ხელს რა შეუშლით? ან უკეთეს თავშესაფარს სად იპოვნიან, - ბინა თბილისის ცენტრში, სადაც პატრონს როცა უნდა მაშინ გამოაგდებენ გარეთ.

ბინაში, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი ჩამოლეწილ ფანჯრებსა და სასტიკ უსუფთაო გარემოში სახლის ნამდვილი პატრონი დაგვხვდა, რომელიც ნამდვილად არ იყო აზრზე, მის თავს რა ხდებოდა და მხოლოდ იმას იმაეორებდა, - მე დანაშავე არ ვარ, პოლიციას ვეხმარებიო!

მომხდარის გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა (რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით დაიწყო. შსს-ს ცნობით, 1987 წელს დაბადებული ო.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1963 წელს დაბადებული დ.წ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დაგენილია, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ო.ა.- მ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში,  ურთიერთშელაპარაკებისას 1976 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც გ. მ. გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ო.ა.-მ ცხედარი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)