ქართული მხარე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებულის მოძებნას ინტერპოლის დახმარებით აპირებს - კვირის პალიტრა

ქართული მხარე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებულის მოძებნას ინტერპოლის დახმარებით აპირებს

4 ოქტომბერს, თბილისში კოლმეურნეობის მოედანთან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბორის ჩაგუნავა, 19/109 მუხლით კი, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ბრალი 1974 წელს დაბადებულ დავით ხეჩუაშვილს წარედგინა.

როგორც 24 ნოემბერს, შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, "ქართული მხარე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ბრალდებულთან დაკავშირებით, რომელიც მიმალვაშია, უახლოეს მომავალში ინტერპოლს მიმართავს".

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აღნიშნულ პირს საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება.

”დადგენილია პირები, რომლებიც მიცემულნი არიან პასუხისგებაში. ერთ-ერთი მათგანი არის დაკავებული, ერთზე გამოცხადებულია ძებნა. მას არ უფიქსირდება საზღვრის კვეთა და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცედურები. უახლოეს პერიოდში მასზე ინტერპოლსაც მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია”, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

"ინტერპრესნიუსი"