"სტუდენტები ვერ შევეგუებით ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას" - თვითმმართველობის არჩევნები და არეულობა თსუ-ში - კვირის პალიტრა

"სტუდენტები ვერ შევეგუებით ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას" - თვითმმართველობის არჩევნები და არეულობა თსუ-ში

როგორც მოსალოდნელი იყო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 ნოემბერს დანიშნული სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ხმაურით მიმდინარეობს. ხელისუფლებას და ახალ რექტორს დაპირებული ცვლილებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს სტუდენტთა ის ნაწილი, ვინც "აუდიოტორია 115"-ს წარმოადგენს.

თსუ-ში სიტუაცია არჩევნების წინა დღეს დაიძაბა. 24 ნოემბერს, საღამოს, "აუდიტორია 115"-ის სტუდენტებმა უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროტესტი იმით არის გამოწვეული, რომ დაპირება, რომ თვითმმართველობის არჩვნებისთვის მნიშვნელოვნაი ცვლილებები მოხდებოდა, არ შესრულდა. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მათი მოთხოვნები არ შესრულდა და აუდიტორია 115-სა და სახელმწიფოს შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

"მიუხედავად მრავალგზის დაპირებისა, მთავრობამ არ შეასრულა ჩვენი არც ერთი მოთხოვნა. ალბათ ყველას გვახსოვს, სახელმწიფოს უმაღლესი პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, საჯარო განცხადებები, მათ არაერთხელ დაადასტურეს "აუდიტორია 115"-ის მოთხოვნების ლეგიტიმურობა და დაპირდნენ სტუდენტებსა და საზოგადოებას მათ შესრულებას. ჩვენ, სტუდენტები, ვერ შევეგუებით ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას. შესაბამისად, დღეს დავიკავეთ სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი. ბრძოლას ვაგრძელებთ იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება", - აცხადებენ სტუდენტები.

"მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას: დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" 45-ე მუხლის გასაუქმებლად, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას. შემუშავდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესი.

კონსტიტუციაში განისაზღვროს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.

გამოიყოს თანხა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის.

მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები, პირდაპირი წესით, გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის ცვლილება.

უნივერსიტეტის რექტორმა, შეასრულოს წინასაარჩევნი დაპირება და სასწრაფო წესით დაინერგოს უნივერსიტეტში გარე რეფერირების მექანიზმი.

მოვუწოდებთ სტუდენტებსა და ლექტორებს, არასამთავრობო სექტორს, აქტივისტურ ჯგუფებს, შემოუერთდით სტუდენტურ პროტესტს.

ყველა სტუდენტი თანასწორია”, - ნათქვამია ”აუდიტორია 115”-ის განცხადებაში.

მიუხედავად ხმაურისა, უნივერსიტეტში საარჩევნო პროცესი მაინც დაიწყო. საარჩევნო უბნები 10.00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი 18:00 საათამდე გაგრძელდება. საუბნო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის შედეგებს დაითვლიან და არჩევნებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს. სულ უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 140 წევრი უნდა აირჩიონ, რეგისტრირებულია 174 კანდიდატი.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება. მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივ გარემოში და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების.

რაც შეეხება ”აუდიტორია 115”-ის მოთხოვნას და პროტესტის ფორმას, შარვაშიძე გარკვეულ მოთხოვნებში ”აუდიტორია 115”-ს ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, ხოლო პროტესტის ფორმას მიუღებელს უწოდებს.

”ვეთანხმები, რომ ყველა სტუდენტი უნდა იყოს თანასწორუფლებიანი. ძალიან მომწონს იდეა - ავტონომია უნივერსიტეტს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით არის განხორციელებული ეს პროტესტი, გემოვნების საკითხია. მე ნამდვილად არ მომწონს ეს ფორმა და არ მინდა ხელი შეეშალოს სასწავლო პროცესს’, - განაცხადა თსუ-ს რექტორმა.

უნივერსიტეტში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა.

„სტუდენტების ჩართულობა და ინტერესი ძალიან მაღალია ამ არჩევნების მიმართ. მთლიანობაში ვფიქრობ, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. თუმცა ყოველთვის არის რაიმე არჩევნები საქართველოში, როცა უკმაყოფილო ხალხი აუცილებლად ფიგურირებს და ალბათ ეს არჩევნებიც არ იქნება გამონაკლისი“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით