"რა თქმა უნდა, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით" - კვირის პალიტრა

"რა თქმა უნდა, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით"

25 ნოემბერს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა განახლდა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დეპუტატებს პირადად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი კვირიკაშვილი აცნობს.

გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებს შეხვდნენ, რის შემდეგაც მათი მოსმენა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.

სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ პოლიტიკას მომავალი 4 წლის განმავლობაში გააგრძელებს.

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო სტრუქტურული რეფორმა და ეს რეფორმა კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენს სტანდარტებს ნატო-ს სტანდარტებთან და უმნიშვნელოვანესია, რომ გარდა თავსებადობისა, ეს რეფორმა მიმართულია ჩვენი ქვეყნის შიდა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. თავდაცვის მინისტრს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გეგმები აქვს და დიდი მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც გააჩნია კიდევაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური დონიდან...

კიდევ უფრო განვამტკიცებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განვამტკიცებთ ურთიერთობებს მეზობელ და რეგიონის სახელმწიფოებთან, განვავითარებთ სტრატეგიულ პროექტებს. მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ანტიტერიორისტული კოალიციის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით, თუმცა ეს არ მოხდება საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე.

რა თქმა უნდა, გაგრძელდება ძალიან ინტენსიური მუშაობა აფხაზეთთან და ოსეთთან შერიგების მიმართულებით და ის უამრავი პროექტი და ნაბიჯები, რომელიც სახელმწიფომ გადადგა გასული პერიოდის განმავლობაში, არა მარტო გაგრძელდება, არამედ შემდგომში უფრო მნიშვნელოვნად გაფართოვდება ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების სპექტრი. ჩვენი სამთავრობო გუნდი განწყობილია, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანოს ქვეყანაში, ამაში გვჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

26 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით