"ეს ყორღანი სწორედ იმ დროს შენდებოდა, როცა ეგვიპტელები პირამიდებს აგებდნენ" - ანანაურის ყორღანის 4400-წლიანი საიდუმლო
"4400 წლის არის, ანანაურის ყორღანში სამარხი რომ გავთხარეთ, მიწაზე გაბნეული დაგვიხვდა. როგორც ჩანს, როცა სამარხი ჩაინგრა, კენკრა ჭურჭლიდან გადმოცვივდა."
"ანანაურის ყორღანშიც 7 ადამიანის ჩონჩხია, მაგრამ ეს ყორღანი სხვა მხრივ არის საინტერესო - ცოცხალი ხილითა და ორი უზარმაზარი ეტლით"
როგორ ფიქრობ, ეს ონტკოფა რა ხნის იქნება? - მკითხა ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის უფროსმა ზურაბ მახარაძემ და კომპიუტერის ეკრანი ჩემკენ შემოატრიალა, სადაც მიწაზე გაბნეული შემჭკნარი ნარინჯისფერი ონტკოფა ეყარა.
- ალბათ რამდენიმე დღის, - ვუთხარი მე, - ძალიან სასარგებლო ნაყოფია და საქართველოში ყველგან არის გავრცელებული.
- ზუსტად 4400 წლის არის, ანანაურის ყორღანში სამარხი რომ გავთხარეთ, მიწაზე გაბნეული დაგვიხვდა. როგორც ჩანს, როცა სამარხი ჩაინგრა, კენკრა ჭურჭლიდან გადმოცვივდა. დარბილებული იყო, თორემ ისე გამოიყურებოდა, ექსპედიციის წევრმა გემოს გასინჯვაც სცადა, - მომიგო ბატონმა ზურაბმა.
- ვისი იყო ყორღანი, ვისგან დაგვრჩა ეს საოცრება?
- ყორღანები ტომის ბელადების, წარჩინებულებისაა. როცა მათ მარხავდნენ, ზემოდან ისეთ მიწაყრილს ადგამდნენ, უზარმაზარი გორები იქმნებოდა. ამით ცდილობდნენ, თავიანთი ბელადი დაეცვათ. თუმცა ყორღანები, ეგვიპტის პირამიდებისა არ იყოს, თითქმის ყველგან გაძარცულია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ დაკრძალვის ცერემონიალის მონაწილენი ძარცვავდნენ, თორემ საუკუნეების შემდეგ ვინ იცოდა, გორების სიღრმეში რა იყო?
ანანაურის ყორღანზე ორი გვირაბია. ესე იგი, ყორღანი ორჯერ გაძარცვეს. ეტყობა, იმდენი ოქროულობა იყო, რომ გატანისას სამი უძვირფასესი ნივთი დაუვარდათ. სხვათა შორის, ალაზნის ველის ყორღანებში ნაპოვნი ოქროს ლომი და პექტორალი სწორედ ქურდობის შემდეგ დარჩენილი "ნამცვრიელაა"... ბრინჯაოს ხანაში ადგილობრივ მოსახლეობას დიდძალი სიმდიდრე ჰქონდა დაგროვებული და ტომის ბელადებს საფლავში აურაცხელ განძსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს ატანდნენ მსახურებთან ერთად. ცნობილი არ არის, ამ საბრალოებს ხოცავდნენ თუ ცოცხლად მარხავდნენ. ზოგ ქვეყანაში ბელადებს ათეულობით მეომარს აყოლებდნენ, რომლებიც სამარხებში გაშეშებული "სხედან". ვარაუდობენ, რომ დამარხვის წინ ადამიანებს რაღაც ნივთიერებით აბრუებდნენ... ანანაურის ყორღანშიც 7 ადამიანის ჩონჩხია, მაგრამ ეს ყორღანი სხვა მხრივ არის საინტერესო - ცოცხალი ხილითა და ორი უზარმაზარი ეტლით, რაც სხვაგან არსად გვხვდება. ქსოვილი და ხილი თითქმის პირვანდელი სახით არის შემონახული.
ეს ყორღანი სწორედ იმ დროს შენდებოდა, როცა ეგვიპტელები პირამიდებს აგებდნენ. (გაგრძელება)
იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია