მედიას მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამჟამინდელი ცხოვრება, პერსპექტივა და პრობლემები გააცნეს - კვირის პალიტრა

მედიას მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამჟამინდელი ცხოვრება, პერსპექტივა და პრობლემები გააცნეს

მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი სასახლის, როგორც ქვეყნის მასშტაბით არაფორმალური განათლების ყველაზე დიდი ორგანიზაციის საქმიანობის უკეთ წარმოჩენა, პოპულარიზაცია და მედიასთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება იყო.

მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლე მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც სასკოლო ასაკის მოზარდებდა და მრავალფეროვანი ინტერესის მქონდე ბავშვებს უფრო დიდი განათლების მიღებაში ეხმარება. ამ პროცესში 275 პედაგოგია ჩართული. სასახლეში 24 კაბინეტი, 6 სტუდია და ერთი სახელოსნოა. სულ სასახლეში 135 წრე მუშაობს, რომლებშიც 4 000 მოსწავლეა ჩართული. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე 1941 წლის 2 მაისს გაიხსნა და ის ქვეყანაში უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა კუთხით დაინტერესებულ ბავშვებს ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს.

წრეებზე, რომლის დათვალიერებაც მოვახერხეთ, ბავშვები უამრავი საინტერესო საქმით იყვნენ დაკავებულნი, ზოგი უცხონას სწავლობდა, ზოგი ქიმიასა და ბიოლოგიას თუ თანამედროვე ტექნოლოგიებს ეცნობოდა, ზოგიც თეატრალურ ხელოვნებას ეუფლებოდა... ჩემი ყურადღება ხელოვნების წრემ მიიქცია, სადაც პატარები მოზარდებთან ერთად სხვადასხვაფიგურებს ძერწავდნენ.

მოკლედ, ყველა ოთახში განსხვავებული სამყარო და ატმოსფერო დაგვხვდა.

თიკა რუხაძე ეროვნული სასახლის დირექტორი:

- სასახლემ ამ ქვეყანას ძალიან ბევრი სასახელო შვილი გაუზარდა, ჩვენ ვართ ღია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, მით უფრო მედიისთვის. დღეს მსოფლიომ აღიარა, რომ არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფო ინტერესიც ამ საკითხში დიდია. ჩვენ ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში ვართ და სახელმწიფო ცდილობს სასახლე ძალიან მაღალ დონეზე იყოს წარმოჩენილი. სასახლეში გვაქვს ისეთი წრეები, სადაც ბავშებს საშუალებას აძლევენ, შემდეგ უკეთ აირჩიონ პროფესია. ჩვენი შეხვედრის მიზანია, საზოგადოებამ იცოდეს რაზე ზრუნავს დღეს სასახლე და რა სერვისების გაწევა შეუძლია მას და რაც მთავარია, რას ვგეგმავთ მომავალ წელს. ჩვენ ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ და მომავალში ბავშვებს კიდევ უამრავ სერვისს შევთავაზებთ.

- დღეს რა პრობლემები არსებობს სასახლეში?

- სასახლეში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რადგან შენობა ძველი და ისტორიულია, ის განახლებას მოითხოვს. თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ თბილისის მერიასთან ერთად ამ ყველაფერს გამოვასწორებთ. ამ ეტაპზე მიდის შენობის შესწავლა, თუ რა მდგომარეობაშია და რა არის გასაკეთებელი. პარალელურად კი თეატრალური დარბაზის აღჭურვა მთავრდება. ჩვენთვის მთავარია, რომ ქალაქის მერია მხარში გვიდგას და სასახლეში არსებულ პრობლემებს ეტაპობრივად მოვაგვარებთ.

ეკა გადახაბაძე