პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა - კვირის პალიტრა

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

ნდობის მისაღებად მთავრობას პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებოდა. მთავრობის შემადგენლობას 110-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი, პარლამენტის 19-მა წევრმა მისცა ხმა.

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და მთავრობის პროგრამა ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2016-2020” დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. მოსმენა სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში, ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ პარლამენტის დადგენილება პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღესვე გადაეგზავნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა და შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში დანიშნავს საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს.

იხილეთ ასევე: ვინ გაუშვა კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტიდან და ვინ - დააბრუნა?!

"ინტერპრესნიუსი"