"ლიბერთინსმა" თინეიჯერები კითხვის სიყვარულით"მოწამლა" - კვირის პალიტრა

"ლიბერთინსმა" თინეიჯერები კითხვის სიყვარულით"მოწამლა"

წიგნის მაღაზიის შესასვლელთან ახალგაზრდების უზარმაზარი რიგი იდგა, რომლებიც მსოფლიო ბესტსელერის ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ. დიახ, რიგში ასობით ახალგაზრდა იდგა, სწორედ ის თაობა, საზოგადოების ნაწილი მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებად რომ აღიქვამს. არა, ისინი კითხულობენ, თანაც ბევრს და სასურველი ლიტერატურის მისაღებად რიგში საათობით დგომაც არ ეზარებათ. სწორედ მაშინ, პირველ რიგში, საკუთარ თავში დავამსხვრიე სტერეოტიპი, რომ თინეიჯერებს კითხვა არ უყვართ და რომ ჩემი ან წინა თაობა უფრო ნაკითხი იყო...

სამშაბათობით მე და ჩემი ინგლისურის მასწავლებელი ერთმანეთს "ბიბლუსი გალერიში" ვხვდებით. ალბათ, ლოგიკურად გაგიჩნდებათ კითხვა: რატომ გადავწყვიტე ინგლისურის გაკვეთილების ლოკაციად მაინცდამაინც წიგნების მაღაზია შემერჩია, თუმცა პირადად ჩემთვის აქ ყველაფერია, რომ მძიმე სამუშაო გრაფიკის პარალელურად სწავლის პროცესი დასვენების ერთ საათადაც ვაქციო - სასიამოვნო გარემო, ცხელი იტალიური ყავა, წიგნები და, რა თქმა უნდა, ჩემი ბრიტანელი მასწავლებელი - ქეითი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით სასიამოვნოს სასარგებლოსთან შეთავსებას ნამდვილად ვახერხებ.

ერთ ასეთ სასიამოვნო სამშაბათს "ბიბლუსი გალერისთან" კიდევ უფრო სასიამოვნო ვითარებაში აღმოვჩნდი - წიგნის მაღაზიის შესასვლელთან ახალგაზრდების უზარმაზარი რიგი იდგა, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, მსოფლიო ბესტსელერის ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ. დიახ, რიგში ასობით ახალგაზრდა იდგა, სწორედ ის თაობა, საზოგადოების ნაწილი მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებად რომ აღიქვამს. არა, ისინი კითხულობენ, თანაც ბევრს და სასურველი ლიტერატურის მისაღებად რიგში საათობით დგომაც არ ეზარებათ. სწორედ მაშინ, პირველ რიგში, საკუთარ თავში დავამსხვრიე სტერეოტიპი, რომ თინეიჯერებს კითხვა არ უყვართ და რომ ჩემი ან წინა თაობა უფრო ნაკითხი იყო. იმასაც მივხვდი, რომ მთავარი თანამედროვეობასთან თინეიჯერების სურვილსა და ფანტაზიებზე მორგება, მათი გემოვნების გათვალისწინებაა, თორემ კითხვის სიყვარული კი არ დაუკარგავთ, მისი გაღვივება სჭირდებათ. ეს კი საქართველოში მართლაც უნიკალურმა პროექტმა "ლიბერთინსმა" წარმატებით მოახერხა - სწორედ "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ წიგნზე იდგა ასობით ახალგაზრდის რიგი "ბიბლუსთან".

შეგახსენებთ, "ლიბერთინსი" წიგნის მოყვარულ თინეიჯერთა ჯგუფია, რომელიც "პალიტრა L"-ისთვის თანამედროვე ბესტსელერებს არჩევს. თინეიჯერები მსოფლიო ბესტსელერებს ინგლისურად კითხულობენ და ამა თუ იმ წიგნის ქართულად თარგმნას ურჩევენ გამომცემლობას.

გიორგი კიკაბიძე, "ლიბერთინსის" წევრი: - "ლიბერთინსის" მთავარი ხიბლი იმაშია, რომ უშუალოდ მოზარდები ვმონაწილეობთ სათარგმნი წიგნის შერჩევაში - ეს კარგი შესაძლებლობაა თანატოლებისგან მაქსიმალური ინფორმაციის მისაღებად, რომელი წიგნი მოსწონთ. "ლიბერთინსის" ჯგუფი თავდაპირველად სხვადასხვა უცხოურ საიტზე ეძებს წიგნს, რის შემდეგაც ვაანალიზებთ ანოტაციას. მერე ვკითხულობ წიგნს ორიგინალში და მისი დასრულების შემდეგ შთაბეჭდილებებს თანატოლებს ვუზიარებ.

წიგნის შერჩევის შემდეგ ვმსჯელობთ, ვკამათობთ და ასე ვცდილობთ საერთო აზრის ჩამოყალიბებას. სხვათა შორის, იმდენად დიდი ხანია საყვარელ საქმეს ერთად ვაკეთებთ, რომ მსგავსი შეკრებისას საკუთარ ოჯახში ყოფნის შეგრძნება მაქვს. მიხარია, რომ ჩვენი "ოჯახი" გაფართოვდა და ჯგუფში რეგიონში მცხოვრები თინეიჯერებიც შემოგვემატნენ. "ლიბერთინსი" არა მხოლოდ ახალ წიგნებს ეძებს, არამედ ახალ წევრებსაც, მსგავსი პროექტის წარმომადგენლობა კი პირადად ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.

თაკო ახალაძე, "ლიბერთინსის" წევრი: - "ლიბერთინსი" ჩემთვის მნიშვნელოვანი პროექტია არაერთი მიზეზის გამო - ერთ-ერთი კი ის არის, რომ "პალიტრა L"-ის ამ პროექტმა ბევრი რამ მასწავლა და საინტერესო ადამიანებიც გამაცნო. მსგავსი პროექტი საქართველოში არ არსებობდა, ფაქტობრივად, არც ერთი გამომცემლობა არ დაინტერესებულა, რა წიგნები მოსწონთ თინეიჯერებს, სურთ თუ არა თანამედროვე ბესტსელერების კითხვა ან საერთოდ, როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება და ა.შ. ამის გამო, ბევრ ჩემს თანატოლს კითხვის სურვილიც ნაკლებად ჰქონდა, თუმცა "პალიტრა L"-მა ეს ტენდენცია აბსოლუტურად შეცვალა - თინეიჯერების მაქსიმალური ჩართულობით ახალგაზრდებისთვის საინტერესო წიგნები გამოსცა და შედეგმაც არ დააყოვნა -""ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემულ წიგნებზე მუდმივად ახალგაზრდების რიგი დგას.

ნუცა მჭედლიშვილი, თინეიჯერი: - "ლიბერთინსს" საქართველოში ანალოგი არა აქვს - ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც ახალგაზრდებზეა ორიენტირებული. ეს კი დიდი მოტივაციაა, რომ თავისუფალი დროის დიდი ნაწილი სწორედ კითხვას დავუთმოთ. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ გამოსაცემ წიგნებს თინეიჯერები არჩევენ - ახალგაზრდები, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან თანატოლების გემოვნება და მოთხოვნები. ასევე სასიამოვნოა, რომ ბესტსელერების გარდა, "ლიბერთინსი" ერთგული მკითხველებისთვის სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას აწყობს - პირადად მე რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა "ლიბერთინსის" კარნავალში, სადაც მიღებული შთაბეჭდილება მთელი წელი მიმყვება ხოლმე.

კიდევ ერთი პროექტი - "ლიბერქიდსი" დაიწყო...

პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში უკვე 38 წიგნია გამოსული. აღსანიშნავია, რომ გამომცემლობამ თინეიჯერებთან ერთად, უმცროსი ასაკის მკითხველებზეც იზრუნა და კიდევ ერთი პროექტი "ლიბერქიდსი" დაიწყო, რომელშიც ბავშვებთან ერთად მშობლები და მასწავლებლებიც არიან ჩართული. ისინი ბავშვებთან ერთად არჩევენ მხატვრულ ლიტერატურას 8-12 წლის ასაკის მკითხველებისთვის. "ლიბერთინსის" მსგავსად, ამ პროექტის ფარგლებშიც თანამედროვე მსოფლიო ავტორების ბესტსელერები გამოიცემა და ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ მსოფლიო ლიტერატურულ მარათონში, რომელიც მათ უამრავი საინტერესო ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

რუსუდან შელია