ახლო მომავალში საქართველოში საჰაერო ტაქსები იფრენენ?! - კვირის პალიტრა

ახლო მომავალში საქართველოში საჰაერო ტაქსები იფრენენ?!

ახლო მომავალში საქართველოში საჰაერო ტაქსები იფრენენ, რომლებიც მგზავრებს ჩვენი ლამაზი ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეში გადაიყვანენ. კომპანიის დამფუძნებელი, ლევან გურგენიძე ამბობს, რომ ეს მისი ბავშვობის ოცნებაა, რომელიც სულ უფრო რეალური ხდება, რადგან მფრინავ ტაქსებზე მოთხოვნა თანდათან იმატებს.

- თვითმფრინავები და საერთოდ, ავიაცია, ყოველთვის მომწონდა. ალბათ ნებისმიერ ბიჭს უოცნებია მფრინავობაზე და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ამ სფეროში 2001 წლიდან ვარ, ხშირად მიწევდა ფრენა, რეისებს მთელ მსოფლიოში ვასრულებდი და წლების განმავლობაში ამ ბიზნესში საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, ჩემს ჩანაფიქრს ხორცი შევასხი: ჩამოვაყალიბე კომპანია, რომელიც საჰაერო ფრენებს ასრულებს. ჩვენი პარტნიორები არიან ევროპელები, რუსები, ყაზახები - ამ საქმით გატაცებული ადამიანები, რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს.

- საჰაერო ტაქსის იდეა სად და როგორ გაჩნდა?

- ეს ახალი იდეა არ არის. მფრინავი ტაქსი - ეს არის ვერტმფრენი ან მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც ხანმოკლე მგზავრობისთვისაა განკუთვნილი. ასეთი თვითმფრინავები, რომლებიც 4-8 მგზავრზე იყო გათვლილი, 40-50 წლის წინაც არსებობდა, ოღონდ მცირე რაოდენობით. ამჟამად საჰაერო ტაქსების მომრავლების იდეა უფრო რეალურია, რადგან საფრენი აპარატები უფრო დაიხვეწა, უსაფრთხოების ნორმებიც უფრო მეტად არის დაცული, მგზავრობის დრო კი - შემცირებულია. ყველაზე დიდი პოპულარობით ასეთი ტაქსები აშშ-ში სარგებლობს, რადგან იქ ხალხი დიდ ქალაქებში მუშაობს და შორი მანძილიდან დადის სამსახურში. ამიტომ, ამერიკაში ძალიან აქტუალური გახდა მცირე ზომის აეროპორტების აგება, საიდანაც ადამიანები ყოველ დილით საჰაერო ტაქსით მიფრინავენ სამსახურში და საღამოს უკან ბრუნდებიან. ასეთი მგზავრობა იაფიც არის და ათასჯერ უფრო კომფორტულია. მით უმეტეს, რომ საცობები დღეს არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს გადაუჭრელი პრობლემაა. უამრავი დიდი ქალაქის ქუჩები ავტომობილებს ვეღარ იტევს. ამ პირობებში მფრინავი ტაქსით მგზავრობა ძალიან სასიამოვნო და კომფორტულია. (გაგრძელება)