"ეგო­ნა, ცო­ტა ხნით მა­ინც იქ­ნე­ბო­და თა­ვი­სუ­ფა­ლი... ჯვრის­წე­რა­ზე დავ­თან­ხ­მ­დი" - გაქცევა სიყვარულის სახელით და მკაცრი განაჩენი - კვირის პალიტრა

"ეგო­ნა, ცო­ტა ხნით მა­ინც იქ­ნე­ბო­და თა­ვი­სუ­ფა­ლი... ჯვრის­წე­რა­ზე დავ­თან­ხ­მ­დი" - გაქცევა სიყვარულის სახელით და მკაცრი განაჩენი

2016 წლის აგვისტოში ციხიდან გაქცეული პატიმრის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო, მას სამართალდამცავები თითქმის 2 თვე ეძებდნენ. ის სასჯელს რუსთავის მე-6 პენიტენციარულ დაწესებულებაში, ქურდობის, ყაჩაღობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა.

ვარამაშვილის "მოხერხებულობა" მხოლოდ პურისგან ხელყუმბარის დამზადებით არ დამთავრებულა, ძებნილობის პერიოდში მან საყვარელ გოგოზე ქორწინება მოასწრო. სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა ჯვრისწერას ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნავდა.

ახლა კი ირკვევა, რომ რუსთავის სასამართლო დარბაზიდან გაქცეულ ოთარ ვარამაშვილს დიდხანს მოუწევს ციხეში ყოფნა, ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მიიღო. ვარამაშვილს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი სრულად წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

რადგან სასჯელს იხდიდა, ძველი სასჯელიც დაუმატეს მას და საბოლოოდ 12 წლითა და 7 თვით აღუკვეთეს თავისუფლება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აქედან 8 წელსა და 1 თვეს ვარამაშვილი ციხეში მოიხდის, დანარჩენ წლებს კი - პირობით პატიმრობაში.

ვარამაშვილს სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში შეუძლია.

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 13:20 წუთზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დასრულების შემდეგ, პატიმარმა ავადმყოფობა მოიმიზეზა, "სასწრაფო" გამოიძახეს და ამ დროს მან გაქცევა შეძლო. ამის შემდეგ კარგა ხანს იმალებოდა ძებნილი ვარამაშვილი, უფრო მეტიც, მან ძებნილობის დროს ცოლის შერთვაც მოასწრო და საყვარელ ქალზე ჯვარიც დაიწერა. ჟურნალ "გზაში" მის მეუღლესთან ექსკლუზიური ინტერვიუც გამოქვეყნდა. ის აცხადებდა, რომ ავთო ციხიდან მისი სიყვარულის გამო გაიქცა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ლიზა ვასაძე, ოთარ ვარამაშვილის მეუღლე:

- მე და ოთომ ერთმანეთი 5 წლის წინ გავიცანით. საერთო მეგობრები გვყავდა და ჩვენც დავმეგობრდით. მერე ერთმანეთი მოგვეწონა, შეგვიყვარდა, მაგრამ მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ერთად ყოფნა ვერ მოვახერხეთ. ის დააკავეს. მართალია, ციხიდან მირეკავდა, მაგრამ სანახავად ვერ შევდიოდი, რადგან არც ჯვარი გვქონდა დაწერილი და არც - ხელი მოწერილი. ოთო ბოლოს ქურდობის მუხლით გაასამართლეს.

- ციხიდან რას გეუბნებოდა?

- ყოველ დარეკვაზე მეუბნებოდა, რომ ძალიან ვუყვარდი და როგორც კი თავისუფალი იქნებოდა, ერთად ვიცხოვრებდით. ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტენსიურად წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო.

- მაშინ რატომ არ მიიღეთ ქორწინების გადაწყვეტილება?

- მაშინ სხვა ხელის შემშლელი გარემოება არსებობდა... ძალიან რომ ვუყვარვარ, ციხიდან ამიტომ გამოიქცა, სხვაგვარად ჩემი ნახვის საშუალება არ ჰქონდა. თუმცა, გარეთ ძალიან ცოტა დრო გაატარა...

- აქამდე ქორწინებაში არ ყოფილხარ?

- ეს მეორე ქორწინებაა. 17 წლის ვიყავი, პირველმა მეუღლემ რომ მომიტაცა. ერთად 5 წელი გავატარეთ. მასთან ისე ვცხოვრობდი, ვერ შევიყვარე. ჯვარი არ მქონდა დაწერილი, მაგრამ ხელმოწერილები გახლდით. მერე ოთო გავიცანი და გრძნობა ამ ადამიანის მიმართ გამიჩნდა... ერთი ქალიშვილი მყავს. სხვა დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა.

- ციხიდან გაქცევის კადრები ბევრმა ადამიანმა ნახა, პურისგან დამზადებული ხელყუმბარის ამბავიც ცნობილია - შენი მეუღლე ასეთი მოხერხებული ადამიანია?

- კი, ძალზე მოხერხებულია. სიყვარული თურმე, ადამიანს რას არ გააკეთებინებს.

- გამოპარვის შემდეგ, შენ როდის დაგიკავშირდა?

- ჩემთან დაკავშირებას ერიდებოდა, რადგან ჩემს ნომერზე ციხიდან არაერთხელ ჰქონდა დარეკილი და გაქცევის შემდეგაც რომ დაერეკა, ადვილად დაიჭერდნენ. როცა დამიკავშირდა, ეს შოკი იყო. რა თქმა უნდა, მედიის საშუალებით გავიგე, რომ გამოქცეული იყო, მაგრამ 2 თვე ვერ მნახა.

- თქვენი შეხვედრა როგორი იყო?

- თავდაპირველად, რამდენიმე წუთი ვერ ვლაპარაკობდი. მითხრა, - ოჯახი უნდა შევქმნათ, ციხიდან ამის გამო გამოვიქეციო. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ეგონა, ცოტა ხნით მაინც იქნებოდა თავისუფალი, თან აცნობიერებდა, რომ ასეთი საქციელი არ ეპატიებოდა, ეს საქმე ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა. ჯვრისწერაზე დავთანხმდი და იმავე დღეს ეკლესიაში წავედით, ჯვარი დავიწერეთ. (გაგრძელება)