"ორი ქმარი მყავს... პირველი არ მანებებს თავს, შენი ქმარი ვარ და ასე მოვკვდებიო"
"პირველად ბავშვები ეკრანზე რომ დავინახე, ვერ ვიცანი. სიხარულისგან ვბღაოდი, მერე გული ტკივილმა მომიწურა - შვილები უცხოსავით მელაპარაკებოდნენ"
ბევრი მსმენია ისეთი კაცების შესახებ, რომელთაც ერთდროულად ცოლი ჰყავთ და საყვარელიც, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა, ერთ დღეს მენახა ქალი, რომელსაც ერთდროულად ორი ქმარი ჰყავს და არც ერთი არ აპირებს მის დათმობას. ნანა 48 წლის არის, სამი შვილი და ორი ქმარი ჰყავს. უფროსი ორი შვილი პირველი ქმრისგან შეძენია, მესამე - მეორე, უცხოელი ქმრის შვილია.
ნანა: - წლების წინ, ბევრი ქალის მსგავსად, პატარა შვილები ქმრის და დედამთილის ანაბარად დავტოვე, რომ ბავშვები შიმშილით არ დამხოცოდა და უცხეთში წავედი სამუშაოდ. მაშინ ჩემს ქმარს თითიც არ გაუნძრევია, რომ თვითონ ეშოვა სამუშაო. არც ჩემს წასვლაზე უთქვამს უარი. ძალიან მშვიდად დათანხმდა ერთი ახლობლის შემოთავაზებას, რომ 2.000 დოლარის სანაცვლოდ ავტობუსის საბარგულით, დიდ ჩემოდანში ჩამძვრალს გადამიყვანდა საბერძნეთში. ეს მოხდა 18 წლის წინ. ჯერ საბერძნეთში ვიმუშავე, მერე იტალიაში, იქიდან შვედეთში გადავედი, სადაც გავიცანი კაცი, რომელმაც გამომიცხადა - უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო. ქვრივი იყო, მის შვილს ვუვლიდი - დედასთან ერთად მოჰყვა ავტოკატასტროფაში და დამოუკიდებლად მოძრაობა არ შეეძლო. ბიჭს ისე შევუყვარდი, დედას მეძახდა.
- საქართველოში რომ ქმარი და შვილები გყავდათ, ახალი ოჯახის შექმნაში ხელს არ გიშლიდათ მათზე ფიქრი?
- შვილებს არაფერს ვაკლებდი, მაგრამ წარმოიდგინე, წლები ისე გადის, რომ ბავშვებს ვერ ნახულობ... ინტერნეტიც ხომ გვიან გაჩნდა. პირველად ბავშვები ეკრანზე რომ დავინახე, ვერ ვიცანი. სიხარულისგან ვბღაოდი, მერე გული ტკივილმა მომიწურა - შვილები უცხოსავით მელაპარაკებოდნენ. ქმარი კი ნამდვილი ნაძირალა აღმოჩნდა, რისი ეჭვიც წასვლის წინ გამიჩნდა. 2.000 დოლარი რომ მომიტანა, პროცენტიანი ვალი ავიღეო, მითხრა. ის პროცენტი კი რამდენიმე წელიწადს მახდევინა. თურმე მატყუებდა, არანაირი პროცენტი არ ჰქონდა გადასახდელი, ის ფული მის ჯიბეში ჩადიოდა. ეს რომ გავიგე, დავურეკე და ვუთხარი, გშორდები, ბავშვების მეურვეობას კი ჩემს დას დავაკისრებ და ფულსაც მას გამოვუგზავნი-მეთქი. რა სიგიჟეა, მტრები გყავს, ვიღაც შხამს გაწვეთებს, რომ ჩვენი ტკბილი ოჯახი დაინგრესო. ოჯახი, რომელიც აღარ არსებობდა, თურმე ტკბილიც იყო.
მასთან ხელი მოწერილი არ მქონდა, ამიტომაც იოლად დავქორწინდი შვედთზე. საქართველოში რომ ჩამოვედი, დამხვდნენ დაზრდილი შვილები, რომლებისთვისაც უცხო ვარ. მათთვის გავხდი ყულაბა და დედის ფუნქცია დავკარგე. მოკლედ, სახლი, სადაც ბავშვები და მათი მამა დავტოვე, ჩემი მშობლების ნაჩუქარი იყო. ჩემს ე.წ. ქმარს კი იქიდან ფეხის მოცვლა არ უნდა. მე შენი ქმარი ვარ და ასე მოვკვდებიო. ამას იმიტომ ამბობს, რომ ლოთი და უვარგისია და ბავშვებისთვის გამოგზავნილი ფულით დღემდე ხეირობდა. გამოდის, ორი ქმარი მყავს...
- შვილები რას ამბობენ?
- არ მინდა, დავიჯერო, რომ შვილები სამუდამოდ დავკარგე. ასე მითხრეს, - შენ ხომ მაინც აქ არ იცხოვრებ და იყოს მამა აქ, რას გიშავებსო. ისინი ჩემს შვილებადაც კი აღარ აღიქვამენ თავს. ჩემმა შვედმა ქმარმა მითხრა, რომ ბიჭები ჩვენთან წავიყვანოთ. ისინი უნდა დაიბრუნო, რათა მიხვდნენ, რომ ყველაფერს მათთვის აკეთებდიო. ასეც ვიზამ. ყოფილმა დედამთილმა შემომითვალა, ის ხომ კარგი იყო, შვილები რომ დაგიზარდეთ, ახლა აგდებ ჩემს შვილს სახლიდანო?
მოვუწოდებ ყველა ქალს, გაითვალისწინეთ ჩემი შეცდომა. თქვენი ქმარი უმუშევარია? ოჯახში შემოსავალი არ გაქვთ? ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ის წავიდეს თუნდაც უცხოეთში, შვილები არ დატოვოთ, ან თუ წახვალთ, წაიყვანეთ.
სოფო გამრეკელი