"ენერგეტიკაში არაკვალიფიციური და საშიში გარემოა" - რატომ იგვიანებს ასოცირების ხელშეკრულების ენერგეტიკული დოკუმენტის რატიფიცირება?! - კვირის პალიტრა

"ენერგეტიკაში არაკვალიფიციური და საშიში გარემოა" - რატომ იგვიანებს ასოცირების ხელშეკრულების ენერგეტიკული დოკუმენტის რატიფიცირება?!

"ის არაკვალიფიციური და საშიში გარემო, რაც დღეს ენერგეტიკულ სფეროში გვაქვს აღარ უნდა გაგრძელდეს. ასოცირების ხელშეკრულების ენერგეტიკული დოკუმენტის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს, ამისთვის კი საზოგადოების აქტიურობა და მხარდაჭერა აუცილებელია", - აცხადებს ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი ენერგეტიკულ საკითხებში მურმან მარგველაშვილი.

- წელს, ოქტომბერში ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პროტოკოლს მოეწერა ხელი. მისი რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მხრიდან ჯერ არ განხორციელებულა. ეს არის, ერთობ მნიშვნელოვანი დოკუმენტი. თუკი, ეს პროცესი დროში გაიწელება, პროტოკოლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაც გადავადდება, რასაც შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. ისიც საკმარისია, რომ უკვე ვერ ვიღებთ ყველა იმ სარგებელს, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების წევრობას გააჩნია.

- რა სარგებელზეა ლაპარაკი? რას მოგვცემს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სწორად და დროულად განხორციელება?

- სარგებელში არ იგულისხმება უსასყიდლო ფულადი დახმარება. ეს ყველაფერი ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ შევქმნათ თანამედროვე ენერგეტიკული სისტემა, თანამედროვე საინვესტიციო გარემო, რომელიც იქნება სტაბილური და გამჭვირვალე. გარე ძალებისა და კორუფციული ზემოქმედებისა ნაკლები საშიშროება იქნება, ასევე მიწოდების უსაფრთხოების გაკონტროლება გახდება შესაძლებელი; გამჭვირვალე გახდება ფასების დადგენის პროცესიც და ა.შ. თავისი არსით ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს ყველა სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ კანონმდებლობასთან. ისეთი სისტემებისა და წესების დანერგვას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ევროპული საზოგადოების მსგავსს გახდის. მათ შორის არის ენერგეტიკული ნაწილიც. ენერგეტიკის სფეროში დირექტივები და რეგულაციები 16 დოკუმენტისგან შედგება, რომელიც, ფაქტობრივად, განსაზღვრავს ენერგეტიკული სექტორის სტრუქტურას.

2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულების ენერგეტიკულ ნაწილს. ბოლო ორი წლის განმავლობაში უნდა გაწერილიყო ვადები და პირობები. უნდა ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმება ენერგეტიკულ ნაწილში არ არის დასრულებული, ამას სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ჭიანურდება ეს პროცესი და რამდენად აქვს გაანალიზებული საქართველოს ხელისუფლებას რა შედეგები შეიძლება მოვიმკათ?

- ხელისუფლება ამბობს, თითქოსდა მოლაპარაკების პროცესი გრძელდება. რეალურად კი პროცესის განვითარებას ხელს უშლის ერთადერთი მიზეზი, ეს არის ინტერესის ნაკლებობა. მინისტრს, რომელსაც გარშემო "დალაგებული ურთიერთობები" აქვს, არ სურს მთელი სექტორის რეფორმირება, ახალი წესების შემოღება, თანამედროვე სისტემის დანერგვა. გამჭვირვალე უნდა გახდეს მთელი სისტემა. შესაძლოა შენ, როგორც მინისტრს, შენი მეგობარი ბიზნესმენი გყავს ჰესების მშენებლობაზე, რომელიც ან აშენდება ან არა, მაგრამ ხელშეკრულება დადებულია, თანხა გაცემულია, ასე, რომ მას არ სურს პირადი ურთიერთობების დარღვევა.

დღევანდელ ხელისუფლებას პირადი ურთიერთობების გაწყვეტას და სფეროს გამჭვირვალობას საფრთხედ აღიქვამს და ეშინია. მას ეზარება ძველი სისტემის დანგრევა.

- რადგან რეფორმირების დაწყების ვალდებულება ჯერ არ გვაქვს აღებული, რა ხდება ამ დროს?

- გარემო გაუმჭვირვალეა, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ვიღაცამ ადვილად მოახდინოს პოლიტიკური გავლენა ჩვენზე, ანუ ხალხზე. ეს არის სისტემა, როცა გადაწყვეტილებები მიიღება კონკრეტული პიროვნებების შეხედულებებით და არა დანერგილი პრინციპებით, კანონებით. ეს ერთობ საშიშია ქვეყნისთვის და ეს პროცესი გრძელდება. 2014 წლიდან დღემდე, როცა ვერ მოხერხდა ასოცირების შეთანხმების დასრულება და ვადების გაწერა, დაიდო არაერთი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მემორანდუმი. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ არის კარგად გაანალიზებული, რამდენად სასარგებლოა ქვეყნისთვის. ჩვენ სტრატეგიაც არ გვაქვს. არ ვიცით, რა არის კარგი და რა - ცუდი.

არ ვიცით, როგორ შევაფასოთ ენერგეტიკის მუშაობა. ვუყურებთ მხოლოდ შედეგს: ნათურა ანთია, ე.ი. კარგად გვაქვს საქმე. თუ დენი არ არის, მაშინ ცუდად. აბა, გაანალიზეთ, ამ შედეგის მისაღებად რა რესურსები აქვს დაკისრებული სამინისტროს? მას აქვს მთელი ქვეყნის მიწა-წყალი, რომელიც დაარიგეს ამდენი სადგურების მშენებლობაზე და რეალურად რა კეთდება არავინ უწყის. დახარჯულია ბიუჯეტის თანხები. ამ ყველაფრიდან არავინ აკეთებს დასკვნებს და გაანგარიშებას. არ გვაქვს ენერგეტიკული სტრატეგია და ყველაზე მთავარი, არ ვიცით დაგეგმვა. ვინმე გვეუბნება, თუ რატომ არის პრიორიტეტული ჰიდროსადგურების განვითარება და არა ვთქვათ, მზისა და ქარის სადგურები? ესეც, ხომ ჩვენი რესურსია.

ქვეყანა ინერციით მიდის, ამიტომ, სასწრაფოდ არის დასაჩქარებელი ენერგეტიკული დოკუმენტის რატიფიცირება და ვალდებულებების შესრულების დაწყება.

- შეგიძლიათ გვითხრათ რა მისცა სხვა ქვეყნებს ასოცირების ენერგეტიკულმა შეთანხმებამ?

- ერთ მაგალითს მოვიყვან: უკრაინას, რომელიც ბუნებრივი აირის მთავარი გამტარებელია ევროპაში, უკვე ერთი წელია რუსეთიდან გაზი არ მიუღია. რადგან, რუსეთს უკრაინასთან კონფლიქტი აქვს, სატრანზიტო ხაზიდან უკრაინა არ იღებს გაზს. არამედ, ის იღებს უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ასე, რომ რუსეთი ამ ბერკეტს უკრაინის წინააღმდეგ ვეღარ იყენებს.

ეს არის პირდაპირი შედეგი ევროპასთან ასოცირების შეთანხმებისა, ანუ ევროკავშირი ეხმარება უკრაინას შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა იმ მხრივ, რომ მისთვის გაზის მიწოდება აღარ იყოს რუსეთზე დამოკიდებული. შეთანხმება გავალდებულებს გქონდეს რესურსი, სხვა ქვეყნებთან ენერგეტიკული ვაჭრობა.

ეს არაკვალიფიციური და საშიში გარემო, რაც დღეს ენერგეტიკულ სფეროში გვაქვს, აღარ უნდა გაგრძელდეს. მთავარი დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ხალხი და გამოიჩინოს აქტიურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება შეეცდება შემოგვატყუოს თავი და დრო მიიყვანოს მომავალ არჩევნებამდე.

იხილეთ ასევე: ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფები გაიზრდება?!

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)