"ოლია პირველად რომ შევიდა სტალინის სახლში - უიმე, ჩემი პაპა ბომჟი იყოო? - ­ წამოიძახა გაკვირვებულმა" - კვირის პალიტრა

"ოლია პირველად რომ შევიდა სტალინის სახლში - უიმე, ჩემი პაპა ბომჟი იყოო? - ­ წამოიძახა გაკვირვებულმა"

"დღეს პენსიით ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში. ივანიშვილის მიერ დაწესებულ დახმარებას, 500 ლარს, ქირაში ვიხდი. ორ რესტორანში ვუკრავ კვირაში 3-ჯერ და ასე გამაქვს თავი?!"

ლეილა სიყმაშვილი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა რუსთაველის თეატრში და ბევრი სპექტაკლი აქვს მუსიკალურად გაფორმებული. და მაინც, "კავკასიური ცარცის წრე" ყველაზე ძალიან უყვარს... თან ამასთანავე თურმე სტალინის შვილიშვილის პედაგოგობაც მოუწია.

- რეზო მირცხულავა დგამდა ბულგაკოვის "ფარისეველთა შეთქმულებას", კონცერტმაისტერი კი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა და თეატრი უპიანისტოდ დარჩა. სწორედ ამ დროს დამიძახეს და მივედი. იმ დღიდან დაიწყო, დაიწყო... რობერტ სტურუამ "ყვარყვარეს" დადგმა რომ გადაწყვიტა, გამომიცხადა, სცენაზე უნდა დაჯდეო. ვიუარე, მსახიობი არ ვარ და სცენაზე რა მესაქმება-მეთქი. რომ არ მომეშვა, ტირილი დავიწყე. მან კი - გეყო კახური ისტერიკებიო - გამომიცხადა... "ყვარყვარეს" მოჰყვა "კავკასიური ცარცის წრე". გამომპრანჭეს, გრიმი გამიკეთეს და დამსვეს მსახიობებთან ერთად სცენაზე. "კავკასიური ცარცის წრის" პრემიერა 1975 წელს შედგა. მანამდე მიმდინარეობდა ხანგრძლივი მუშაობა. გია ყანჩელს ყოველდღე მოჰქონდა მელოდია კონკრეტული სცენისთვის და ბევრ მელოდიას ჩემს ემოციებზე ცდიდნენ ის და რობიკო.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ფინალური სცენისთვის სტურუამ სთხოვა ყანჩელს, მეტისმეტად დრამატული მელოდია შეექმნა. ყანჩელმა პატარა ნაგლეჯზე დაწერილი ნოტები მოიტანა - სიყმა, კოკო (ასე ეძახდა სტურუას) - თავისთან მიგვიხმო და ინსტრუმენტთან მოკალათდა. სანამ დაუკრავდა, რობიკოს ჩემზე ეუბნება: ახლა ეს დებილი თუ ატირდება, მაშინ მელოდიას უცვლელს დავტოვებო... დატოვეს, ჩემმა ემოციამ გაამართლა.

- ერთხანს საქართველოდან გაემგზავრეთ და რუსეთში გადაინაცვლეთ.

- 2000 წელს თბილისში მოხდა მიწისძვრა, რომელმაც ჩემი საცხოვრებელი ისე დააზიანა, გამომიცხადეს, სახლი უნდა დატოვოთ, პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით თქვენს უსაფრთხოებაზე და არც იმის საშუალება გვაქვს, ბინა გიქირაოთო... ჩემი 80-ლარიანი ხელფასით რა უნდა მექნა? ავდექი და მოსკოვში გავემგზავრე, სადაც შემიფარეს სტალინის ცოლის ნათესავებმა, ალილუევებმა. 10 წელი ვიცხოვრე მათთან, შემდეგ დავბრუნდი თბილისში. ახლა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ.

- ალილუევებს საიდან იცნობდით?

- სტალინის ქალიშვილი სვეტლანა 1984 წელს თბილისში ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა, მაშინ გავიცანი და დავახლოვდით. დამირეკა - მინდა ჩემმა ქალიშვილმა ოლიამ ქართული სიმღერები შეისწავლოს და მირჩიეს, თქვენთვის მომემართაო. პირველად რომ დამირეკა, სტალინის ქალიშვილი ვარო, ვიფიქრე, თეატრიდან ბიჭები მაშაყირებენ-მეთქი. გია ფერაძემ იცოდა ეგეთები, დარეკავდა - შოთა მილორავა ვარ, გოგია ცაბაძე ვარ, ახლაც მეგონა, ის ოინბაზობდა და ყურმილი დავკიდე. მერე დამირეკა და ყველაფერი ამიხსნა.

ჩვენი შეხვედრა ჭავჭავაძის 75-ში შედგა, იქ სახლობდნენ. ოლია ნიჭიერი გოგონა იყო და არაჩვეულებრივად შეისწავლა ქართული სიმღერებიც და ენაც. ისეთი ქართულით ალაპარაკდა, მე მისწორებდა აქეთ. ძალიან დავახლოვდით, სულ მანქანაში მეჯდა, დედას მეძახდა. ხან რამაზ ჩხიკვაძესთან დამყავდა, ხან ზეიკო ბოცვაძესთან გავაცანი ქართველი მსახიობები. ერთხელ ვკითხე, ოლია, რატომ არ მეგობრობ ცეკას წევრების ქალიშვილებთან, თქვენ ხომ თანატოლები ხართ-მეთქი. კეკელკები არიანო, მიპასუხა. ეგ სიტყვა სად ისწავლე-მეთქი? დედაჩემს ასწავლა ბებიამისმა კეკემო.

სტალინის სახლ-მუზეუმშიც არაერთხელ იყვნენ, მეც ჩავიყვანე რამდენჯერმე. პირველად რომ შევიდნენ სტალინის სახლში - უიმე, ჩემი პაპა ბომჟი იყოო? - ხმამაღლა წამოიძახა გაკვირვებულმა. არა, შვილო, უწინ ყველა ასე ცხოვრობდა-მეთქი.

1986 წელს ამერიკაში დაბრუნდნენ...

- მას შემდეგ თუ გქონდათ კონტაქტი?

- სანამ სვეტლანა გარდაიცვლებოდა გვქონდა მიწერ-მოწერა, მერე - აღარ. ოლია რომ გათხოვდა, სვეტლანამ ქორწილის ფოტოები გამომიგზავნა. წუხდა, არ მოსწონდა სიძე და მართლაც დაშორდნენ.

(იხილეთ ასევე: "არ ვიცოდთ, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის" - სტალინის სიკვდილის საიდუმლოება)

- დღეს როგორ გაგაქვთ თავი?

- დღეს პენსიით ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში. ივანიშვილის მიერ დაწესებულ დახმარებას, 500 ლარს, ქირაში ვიხდი. ორ რესტორანში ვუკრავ კვირაში 3-ჯერ და ასე გამაქვს თავი.

- რესტორანში ხშირად გცნობენ?

- როგორ არა. ამას წინათ ექიმები ქეიფობდნენ. ერთი მოვიდა - თქვენ ლეილა სიყმაშვილი არ ხართ, რეტორანში რატომ უკრავთო? რა მოხდა, საზღვარგარეთ ჩემისთანა პიანისტები სხედან რესტორნებში-მეთქი. მაშ რა მეთქვა?!

ერთხელ ახალგაზრდა მომიახლოვდა, "რამდარირო" დაუკარიო. იმწუთას ვერ შევუსრულე სურვილი, მოგვიანებით ამიხსნეს, რას გულისხმობდა... გამიბრაზდა, ეგ თუ არ იცი, აბა, რისი დაკვრაღა იციო. დღეს უფროსები უფრო მაფასებენ, ვიდრე ახალგაზრდები. როგორც ვატყობ, უცხოელებსაც მოვწონვარ...

იხილეთ ფოტოგალერეა: სტალინის ოჯახური ცხოვრება

ეკა სალაღაია