"თუ მიშა არის ბელადი, ახალაია როგორღა გვმართავს"? - ბოკერიამ ხაბაზს საქმე გაურჩია?! - კვირის პალიტრა

"თუ მიშა არის ბელადი, ახალაია როგორღა გვმართავს"? - ბოკერიამ ხაბაზს საქმე გაურჩია?!

"ახალაია უარყოფით პერსონად უნდათ, რომ დავასახელოთ? ის ვაჟკაცურად მოიქცა, საქართველოში ჩამოვიდა და რეალურად ვერც ერთი დანაშაული ვერ დაუმტკიცეს"

პარტიული ყრილობის მოახლოებასთან ერთად, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ამჯერად, პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თვეში ასი ათასი ლარის დაზოგვის მიზნით "შემცირებაში" მოყვნენ ისეთი აქტიური წევრები, როგორიც არიან კობა ხაბაზი და გიორგი ონიანი. ორივე მათგანი ე.წ. სააკაშვილის ფრთის წარმომადგენლები არიან. რა მოხდება ყრილობაზე და რა ალტერნატიულ გეგმას ამუშავებენ ყრილობის შემდეგ ე.წ. ბოკერიას ფლანგის წარმომადგენლები, "კვირის პალიტრას" "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ჩემს ხელფასს მთლიანად "თავისუფალი ზონისა" და ამ ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდებისთვის ვიყენებდი - ეს მცირე მხარდაჭერა იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ და ამისთვის მძიმე ბრძოლაში თავს მაქსიმალურად წირავენ. პირადად ჩემზე არავითარი პრეტენზია არა მაქვს, მე მაინც "ნაციონალურ მოძრაობაში" ვარ და საქმესაც ბოლომდე მივიყვან. ეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შეუძლია, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით.

- ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, გიგა ბოკერიამ კაბინეტში დაგიბარათ და "საქმეც გაგირჩიათ". თავად ამ ინფორმაციას უარყოფთ, ჩიორა თაქთაქიშვილი ავრცელებს მცდარ ინფორმაციას?

- მე და გიგა ბოკერიას განსხვავებული შეხედულებები გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" მომავალზე. ჩვენ შორის საუბარიც სწორედ ამას შეეხებოდა, თუმცა საქმის გარჩევას ამას ვერ დავარქმევ.

- თქვენს ამ პოზიციას თანაგუნდელთა ნაწილი ბელადომანიად აფასებს, ოთო კახიძემ ისიც კი თქვა, რომ სააკაშვილს დღეს რეალურად ახალაიების ჯგუფია ამოფარებული. თუ სააკაშვილია ერთადერთი ლიდერი, სად არის მის მიერვე დაანონსებული რეორგანიზაცია პარტიაში?

- თუ მიშა არის ბელადი, ახალაია როგორღა გვმართავს? ან ერთი უნდა გვმართავდეს, ან მეორე. 20 იანვარს გამოჩნდება, ვის მოსაზრებას უჭერს მხარს მოსახლეობა. სიმართლეს დრო გაარკვევს, ჩემს პოზიციაში კი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ახალაია უარყოფით პერსონად უნდათ, რომ დავასახელოთ? ის ვაჟკაცურად მოიქცა, საქართველოში ჩამოვიდა და რეალურად ვერც ერთი დანაშაული ვერ დაუმტკიცეს.

- თუ საქართველოში ჩამოსვლა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა პლუსია ახალაიასთვის, რატომ არ ჩამოვიდა ამავე ლოგიკით საქართველოში მიხეილ სააკაშვილი? გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სწორედ დისტანცირებულ მითითებებს საყვედურობს პარტიის ლიდერს.

- არ მაინტერესებს, რას ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც თავის პოზიციებს ყოველდღიურად იცვლის. ის არც ჩვენი პარტიის სახეა და არც წარმომადგენელი.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია