"როცა მთვრალი აგრესიული პოლიციელი უდანაშაულო მოქალაქეს გაუსწორდება..." - რას პასუხობს ჟურნალისტის ბრალდებებს შს მინისტრი - კვირის პალიტრა

"როცა მთვრალი აგრესიული პოლიციელი უდანაშაულო მოქალაქეს გაუსწორდება..." - რას პასუხობს ჟურნალისტის ბრალდებებს შს მინისტრი

ტელეკომპანია „იბერიას“ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, შემთხვევა გუშინ, ბორჯომში მოხდა. გასვიანის მტკიცებით, პოლიციელი, რომელიც ფიზიკურად ორ პირთან ერთად გაუსწორდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"როცა მთვრალი აგრესიული პოლიციელი უდანაშაულო მოქალაქეს გაუსწორდება ხელით, იარაღს მიუბჯენს შუბლზე და თავში გამეტებით ურტყამს, მერე ემუქრება, რომ ეს ამბავი არსად გაამჟღავნოს თორემ უარესი მოუვა ასეთ ქვეყანაში დიდი პრობლემებია", - დაწერა "ფეისბუკში" გიორგი გასვიანმა. (წყარო)

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მათი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თუ საჭირო იქნება და თუ დადასტურდა ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პოლიციელი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლდება და მის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული.

”როდესაც ის ადამიანი არღვევს კანონს, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და სხვებს უნდა მოუწოდებდეს წესრიგისკენ, ამ შემთხვევაში მას კანონი უმკაცრესად დასჯის. მე მას არავითარ შემთხვევაში არ გადავეფარები. თუ თქვენ გადახედავთ ჩემს ე.წ. ბეგრაუნდს, ვერავინ მეტყვის, რომ მე ოდესმე ჩემს რომელიმე თანამშრომელს სუბიექტურად გადავეფარე და ხელი შევუწყვე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვაში... ერთი შემიძლია ცალსახად ვთქვა: თუკი დადასტურდა ჟურნალისტის მიერ მიცემული ჩვენება, პოლიციელი უმკაცრესად დაისჯება. ამის გარანტიას მე გაძლევთ”, - განაცხადა მღებრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"