"სააკაშვილი გადასულია შეურაცხყოფაზე და აბსოლუტურად გაუგებარ ბრალდებებზე" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი გადასულია შეურაცხყოფაზე და აბსოლუტურად გაუგებარ ბრალდებებზე"

"ჩემმა მტრებმა რუსეთში, მათ შორის უკრაინაში, ეს გაასაღეს ისე, რომ სააკაშვილი მოისროლა საკუთარმა პარტიამ"

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე ვიდეო ჩართვისას საგულისხმო განაცხადებები გააკეთა. მისი თქმით, მის წინააღმდეგ არაერთი ტყუილი ვრცელდება, მათ შორის ისიც, რომ თითქოს თავისი ნებით წავიდა უცხოეთში.

"კარგად იცით, რომ მე ჩემი ნებით არ წავსულვარ. ის, რომ მე აქ ბრძოლას ვაგრძელებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე საქართველოში ბრძოლაზე ვამბობ უარს. ამ დროს, ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის როლი მხოლოდ სიმბოლური უნდა იყოს, სიცრუეა. ჩემმა მტრებმა რუსეთში, მათ შორის უკრაინაში ეს გაასაღეს ისე, რომ სააკაშვილი მოისროლა საკუთარმა პარტიამ. ამ სიტუაციაში, როდესაც უამრავი ადამიანი გვებრძვის, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან და მინდა ვთქვა, რომ ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, რადგან თანამებრძოლად მე ვერ ჩავთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც ამ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს. დაფიქსირება იმის, რომ რაღაც რყევებია, რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემზე აქ და ასევე "ნაციონალურ მოძრაობაზე". მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ და ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები. თუ ვინმე ნებით თამაშობს ამ თამაშს, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, ეს არის პირდაპირ, ყველაზე ცუდი თამაში, რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდნენ ერთმანეთის შეურაცხყოფასა და ჩხუბზე.

"მე ვარ მოქმედი პოლიტიკოსი. საკმარისად დიდხანს ვითმინე. ბევრი რაღაც ვიცი, ვიცი რა გარიგებებს აქვს ადგილი, რა ლაპარაკებზეა საუბარი. ტყუილად ჰგონიათ, რომ ინფორმაცია არ მაქვს. მაქვს ინფორმაცია ბევრი წყაროდან, საკმარისზე მეტი გამოცდილებაც მაქვს. ჩემი პასუხისმგებლობა ის კი არ არის, ყველას ენა მოვუჩლიქო. ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი პარტია გადავაჯგუფო და პარტიამ შეძლოს გამარჯვება.

დღესდღეობით იმ ხალხმა, ვისზეც მე ვსაუბრობ, გამოგვიცხადა, რომ ჩვენ ყოველთვის დავმარცხდებით. მე უარს ვამბობ დამარცხების ლოგიკის მიღებაზე,არს ვამბობ ივანიშვილის თამაშის წესების მიღებაზე. იმის გამოცხადება, რომ ჩვენ დავმარცხდებით, არის ივანიშვილის თამაშის წესები... რანაირად ებრძვით თქვენ ივანიშვილს, თუ იღებთ ივანიშვილის თამაშის წესებს, რომ პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს? ეს არის ივანიშვილთან ბრძოლა?

რაც შეეხება "ჯოგს", ეს ჩვენს თავზე არ მიგვიღია და "პეროიანებმა" თუ მიიღეს თავიანთ თავზე რამე, მათი პრობლემაა. ხალხი, ვინც აქ ზის, ჯოგი არ არის. საუბარია მცდელობაზე, რომ მათ დაუძახონ ჯოგი. ის ხალხი პარლამენტში მოიყვანა ამ ხალხმა, ვისაც ისინი დღეს ჯოგს ეძახიან. როდესაც პარლამენტში მოგიყვანენ, მეორე დღესვე იმ ხალხის ფურთხება, არ არის სწორი მიდგომა", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მის განცახდებებს გამოეხმაურა პარლამენტარი ელენე ხოშტარია.

"სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადასულია პარტიის რყევაზე და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებაზე", - განაცხადა მან.

ხოშტარიას თქმით, საქმე გვაქვს პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით ფუნდამენტურად განსხვავებულ ხედვებზე.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი გზა არის ერთიანად, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, რომელიც ამ მომენტში აქ არ იმყოფება და ქმედით თავმჯდომარესთან ერთად, ძველი და ახალი გუნდის ერთიანობით მოვახდინოთ ჩვენი ამომრჩევლების ბაზის ზრდა და ასე დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ამ საკითხზე საუბარმაც კი, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილში, როგორც მაშინ პარლამენტში შესვლის საკითხმა, გამოიწვია ძალიან გაუგებარი რეაქცია. ის მთავარ ამოცანას აზარალებს იმით, რომ გადასულია შეურაცხყოფაზე და აბსოლუტურად გაუგებარ ბრალდებებზე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იხილეთ ასევე: "ესენი არიან პარტიაში ახლად მოთრეულები და ბოკერიას წყალობით, სრულიად დაუმსახურებლად აღზევებულები"