დათა ახალაია - 12, "მასტერა" - 9 წელი - სასამართლომ ექსმაღალჩინოსნებს პატიმრობა მიუსაჯა - კვირის პალიტრა

დათა ახალაია - 12, "მასტერა" - 9 წელი - სასამართლომ ექსმაღალჩინოსნებს პატიმრობა მიუსაჯა

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“ სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ სცნო.

გადაწვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძეს წარდგენილი ბრალი - განზრახ მკვლელობა - გადაუკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობაში დახმარების გაწევის ბრალდებით. რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებას, სასამართლომ ის გაამართლა. გამამტყუნებელი განაჩენის შესაბამისად, გია დგებუაძეს „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

გია დგებუაძეს პატიმრობის ვადაში ჩაეთვლება საექსტრადაციო პატიმრობის ვადა და ასევე წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა.

რაც შეეხება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დათა ახალაიას, სასამართლომ მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში გაამართლა, განზრახ მკველობის ბრალში კი დამნაშავედ სცნო და „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასაც ასევე 2 წლით აეკრძალა საჯარო სექტორში თანამდებობის დაკავება.

გიორგი დგებუაძეს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის: შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. გამოძიების ვერსიით, დათა ახალაიამ საკონტროლო გასროლა სპეცოპერაციის შედეგად მოკლული შოთა გორგაძის, ხოლო გიორგი დგებუაძემ რომან სურმანიძის მისამართით განახორციელა.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი ექსტრადირება ნიდერლანდებიდან საქართველოში 2016 წლის 22 მარტს განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"